გადაწყვეტილება №20185/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20185/2/2023
15.08. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------ - -------ს“ (ს /ნ --------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---- - ------ის“ 5.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20185/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208408 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208410 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208411 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13944 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 20 254,5 ლარი.
ჯარიმა - 1144,06
ჯარიმა - 13121,99
ჯარიმა - 5988,45
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2022 წლის №27842 ბრძანების საფუძველზე განახორციელა შპს „------ - -------ს“ (ს /ნ --------------) კუთვნილ საბაჟო საწყობში (------, დანიშნულების კოდი -----) 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი.
აღნიშნული შემოწმების შედეგად დადგინდა (შემოწმების აქტი №------, 18.11.2022), რომ ადგილი ჰქონდა შპს „------ - -------ის“ (ს /ნ --------------) მიერ სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და შპს -----ას საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საქონლის დანაკლისს, კერძოდ, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ იყო განთავსებული შპს -------ის მიერ:
– №------ (21.12.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი „------“, საერთო რაოდენობა – 525 000 კოლოფი, საბაჟო ღირებულება – 418 730 ლარი) ნაწილი – 1 032 კოლოფი სიგარეტი (რომლის საბაჟო ღირებულებამ დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით შეადგინა – 823.12 ლარი).
– №----------- (11.11.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი „-----“, საერთო რაოდენობა – 441 500 კოლოფი, საბაჟო ღირებულება – 114 461.78 ლარი) ნაწილი – 2 331 კოლოფი სიგარეტი (რომლის საბაჟო ღირებულებამ დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით შეადგინა – 587.84 ლარი).
– №---------- (11.11.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტები: „----- ------“, „---------“, „--------“, საერთო რაოდენობა – 890 000 კოლოფი, საბაჟო ღირებულება – 321 856 ლარი) ნაწილი – 202 კოლოფი სიგარეტი (რომლის საბაჟო ღირებულებამ დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით შეადგინა – 71.32 ლარი).
საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს -----სა (ს/ნ 212856248) და შპს -----ის (ს/ნ -------) მიერ ჩადენილი იყო საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა, თუმცა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენისას მოქმედი რედაქციის საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილისა (საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის -----ის და -------ის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის №------- საქმე შპს ------ას ხელმძღვანელ პირთა მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბაჟო ორგანოს მიერ არ იქნა მიღებული საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის -----ის და -------ის სამმართველოს 1.05.2023 წლის №------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს გადმოეგზავნა ----ის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენი №1/360- 23, რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ – შპს -----ას დირექტორს ---- -----ეს შორის 11.04.2023 წელს დადებული საპროცესო შეთანხმება და ---- -----ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საბაჟო სამართალდამრღვევ პირებს არ დაეკისრათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევისთვის ან სხვა ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წელს№EL208411, №EL208410, №EL208408 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს შპს ------თან (№EL208370, №EL208373, №EL208376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები), სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისთვის და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №13944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტზე, 122-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 127-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა შპს „------ - -------ს“(ს/ნ --------------) მიერ სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და შპს -----ას საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საქონლის დანაკლისს, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია და მათ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სოლიდარულად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს მათი ბათილობის და შესაბამისად საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება სადავოდ ქცეულ აქტებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვტილების მიღება სპეციფიკური მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილება იყო კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა საფუძველზე ცხადია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე უხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
დასაბუთებას წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ფორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით აქტის დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება მით უფრო მაშინ, როდესაც აქტის შედეგს გადასახადის გადამხდელზე სანქცია/საურავის/ჯარიმის დაწესება/დარიცხვა წარმოდგენს.
კომპანიას არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია და ის თავის მოვალეობებს ასრულებს ჯეროვნად. როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს საოლქო პროკურატურის 11/04/2023 წლის ------- შუამდგომლობით და შუამდგომლობის შესაბამისად ჯარიმის გადახდის ქვითრებით უდავოდ დგინდება კომპანიის მიმართ შედგენილ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში/საგადასახადო მოთხოვნებში ასახულ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრალეულ პირს შეეფარდა/დაეკისრა პასუხისმგებლობა (მათ შორის ჯარიმა), რომელმაც აღიარა ჩადენილი ქმედება და მის მიერ გადახდილ იქნა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალიწინებული ჯარიმის თანხები.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ ჩადენილი იყო საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა, მაშინ როდესაც დადგენილია, რომ იმავე შემთხვევასთან დაკავშირებით არსებობს კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება/გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (და შესაბამისად არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალიწინებით, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ზიანს აყენებს კანონიერ ინტერესებს.
ითხოვს საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებას და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №70699-21-10 წერილი საიდანაც ირკვევა, რომ შპს „------ - -------სა“ (ს /ნ --------------) და შპს „------ - -------ის“ (ს /ნ --------------) მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენისას მოქმედი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----ის და ------ის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის №------- საქმე შპს „----ას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე საბაჟო ორგანოს მიერ არ იქნა მიღებული საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის -----ის და რ-----ის სამმართველოს 1.05.2023 წლის №------ წერილით საბაჟო დეპარტამენტს გადაეგზავნა ქ-----ის საქალაქო სასამართლოს 12.04.2023 წლის განაჩენი №-----, რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ – შპს „-----ას“ დირექტორს ---- -----ეს შორის 11.04.2023 წელს დადებული საპროცესო შეთანხმება და ----- ----ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილია საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №27842 ბრძანების საფუძველზე განახორციელდა მომჩივანის კუთვნილ საბაჟო საწყობში სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი.
აღნიშნული შემოწმების შედეგად დადგინდა,რომ ადგილი ჰქონდა მომჩივანის მიერ სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საქონლის დანაკლისს.
საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მიერ ჩადენილი იყო საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისთვის და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №13944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილია საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:6(1 „ჯ“); 49(1 „ა“); 70(1,2); 122(1); 127(1,2,3); 163(1,5,8); 172(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53(5); 601(1,2);96(1);