ბრძანება N 8807
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8807
24.04.2023
ი/მ ------------- (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------)
2022 წლის 4, 12 და 17 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17764/2/2022 გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული ი/მ -------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 4 აგვისტოს №141314/21-11, 12 აგვისტოს №146630/21-11 და 17 აგვისტოს №73876/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის №127-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად, არ უნდა დარიცხვოდა გადასახადები და სანქციები. მისი მოსაზრებით, დიდი ალბათობით საქმე ეხება შეცდომას ან გაუგებრობას. მიაჩნია, რომ ასეთი დიდი ოდენობით გადასახადი და სანქცია არ უნდა დარიცხვოდა, რადგან მას ინდივიდუალური მეწარმეობით არაფერი გაუკეთებია და არც შემოსავალი მიუღია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 მაისის №13496 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ --------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „---------თან” (ს/ნ -----------) და შპს „--------თან” (ს/ნ ---------- განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 27 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 10 ივნისის №15091 ბრძანება და ამავე თარიღის №127-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 94 377 ლარი, მათ შორის, გადასახადი 55 852 ლარი, ჯარიმა 29 729 ლარი, საურავი 8 796 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 196 340 ლარის ღირებულების ავტომანქანის კატალიზატორები, რაც დასტურდება შესყიდვის აქტებით. აღნიშნული ოპერაციები მეწარმეს არ აქვს დეკლარირებული და შესაბამისად არ აქვს დაბეგრილი კუთვნილი გადასახადებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, მე-80 და მე-100 მუხლების თანახმად, კატალიზატორების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხები ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავლებში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის შემოსავლები ცდება 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 100 000 ლარიან ზღვარს, პირს წარმოეშვება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (07.03.2019). შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან განხორციელებული კატალიზატორის რეალიზაციის თანხა ამავე კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ს ბრუნვის 5% ის ოდენობით და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად შემცირებული გადასახადის 50%-ს ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
ამავე კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონომდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ მას არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა და გაუგებარია რის საფუძველზე იქნა დარიცხული თანხები. აგრეთვე, საჩივარში მითითებულია, რომ სავარაუდოდ დაშვებულია შეცდომა, ვინაიდან გადამხდელს არ განუხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის, მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტებისა და ზეპირ მოსმენაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დარიცხულ ჯარიმასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2¹ და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად, არ უნდა დარიცხვოდა გადასახადები და სანქციები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ავტომანქანის კატალიზატორები, რაც დასტურდება შესყიდვის აქტებით. აღნიშნული ოპერაციები მეწარმეს არ აქვს დეკლარირებული და შესაბამისად არ აქვს დაბეგრილი კუთვნილი გადასახადებით. კატალიზატორების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხები ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავლებში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის შემოსავლები ცდება 100 000 ლარიან ზღვარს, პირს წარმოეშვება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (07.03.2019). შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან განხორციელებული კატალიზატორის რეალიზაციის თანხა ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ს ბრუნვის 5% ის ოდენობით და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად შემცირებული გადასახადის 50%-ს ოდენობით.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79, 80(1), 100, 72, 275(2), 282.
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 157, 160, 161(1).