ბრძანება N 20579
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20579
19 სექტემბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 11 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 11 აგვისტოს №23688/2/2024 (რეგ.: 79182-03) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №005- 117 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ აუდიტორისთვის წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება საწარმოს კაპიტალში ქონების შეტანის და გატანის ღირებულებების მითითებით, თუმცა შემმოწმებლის მიერ გადაფასებულ იქნა ქონების გატანის ღირებულება, რის შედეგადაც დადგინდა აბსურდული ფასი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დამფუძნებლის მიერ განხორციელდა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების უკან დაბრუნება, ხოლო წილი დარჩა უცვლელი, რის გამოც აღნიშნული ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნას საქონლის მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგროს დღგ-ით. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვინაიდან აუდიტორის მიერ შეფასებულ იქნა ქონების ღირებულება მხოლოდ კაპიტალიდან გატანის დროს, მათ მოიწვიეს ექსპერტი და შეაფასეს კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულება 2018 წლის 15 ოქტომბრის პერიოდისთვის (უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში დართულია საჩივარზე), რომელმაც შეადგინა 725 340 ლარი, ხოლო აუდიტორის შეფასებით ქონების ღირებულება კაპიტალიდან გატანის პერიოდისთვის განისაზღვრა 589 000 ლარით. შესაბამისად, აღნიშნულ ოპერაციას ფასთაშორის სხვაობა არ მოჰყოლია, მოგების განაწილება არ მომხდარა და დამფუძნებელს არ მიუღია სარგებელი. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული გადასახადების და მასზე დარიცხული ჯარიმა/საურავების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7887 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-228 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 31 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7887 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივლისის №005-117 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანებას (დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას) გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 10 აპრილს, თუმცა მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ არის წარმოდგენილი კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის სადავო ქონების საბაზრო ღირებულებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების შეფასების ექსპერტიზა. ამასთან, კომპანია წერილობით ითხოვს, რომ შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ექსპერტიზა ჩატარდეს თავად აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ამდენად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის:
რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება/კონტრაქტი საექსპერტო მომსახურების შესახებ, შპს „--------“-ის კაპიტალის შეფასებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 10 აპრილს, თუმცა მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ არის წარმოდგენილი კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის სადავო ქონების საბაზრო ღირებულებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების შეფასების ექსპერტიზა. ამასთან, კომპანია წერილობით ითხოვს, რომ შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ექსპერტიზა ჩატარდეს თავად აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ამდენად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
130,136,159,163,168.