N 969 - 30/12/2008 -„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 600-დან 1 200 ლარის ჩათვლით;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500-დან 3 000 ლარის ჩათვლით;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000-დან 90 000 ლარის ჩათვლით;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც კანონით დადგენილი წესით აიღეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 37-ე–42-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები 2008 წლის 15 დეკემბრამდე. 2008 წლის 15 დეკემბრამდე გაცემული ნებართვების მფლობელების მიმართ მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები.
2. ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა 2009 წლის 1 აპრილამდე დაადგინონ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებამდე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული განაკვეთების შესაბამისად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2008 წლის 30 დეკემბერი.
№969–რს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე