ბრძანება N 16966
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16966
18 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ(წ) „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 2 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა უსფ(წ) „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 2 ივლისის №90499/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №006-260 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ, ზედაპირულად არის შეფასებული პროექტის ანაზღაურების პირობები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად შესწავლამ გამოიწვია არასწორი შეფასება და შესაბამისად, არამართლზომიერი დარიცხვა. ყველა დოკუმენტი რომელიც ფორმდება კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის არის სრულად ეროვნულ ვალუტაში (ლარში). აცხადებს, რომ ტენდერის პირობები საწარმოს ავალდებულებდა პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენას ლარში. ხარჯთაღრიცხვის წარდგენის დროს უნდა გაეთვალისწინებინათ ყველა ვალდებულება, გადასახადები და გადასახდელები, რომლებიც შესაძლოა წარმოშობილიყო გასაფორმებელი კონტრაქტიდან. შესაბამისად, სამუშაოთა მოცულობები წარდგენილია მხოლოდ ლარში, აგრეთვე ამ დოკუმენტში ცალკე პუნქტად გამოყოფილია მთლიანი პროექტის ღირებულების დღგ, რაზეც მხარეები ინფორმირებულები და შეთანხმებულები იყვნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს. ყოველი სამუშაო ეტაპის დასრულების შემდგომ ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, სადაც შესრულებული სამუშაოს მოცულობის ღირებულებები ასევე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ლარში. მხოლოდ მიღება-ჩაბარებაში არსებული სამუშაოს მოცულობის და ღირებულების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ ხდებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება. ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობის, რომლის მიხედვით მომსახურების ნაწილის გადახდა ხდება ლარში, ხოლო ნაწილის აშშ დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსით, ემსახურება ერთადერთ მიზანს და წარმოადგენს სავალუტო რისკების დაზღვევას ფინანსური ინსტრუმენტის მეშვეობით, რის საშუალებასაც იძლევა გარიგებაში ჩართული მესამე მხარე, ფინანსური ინტიტუტი. ასევე, საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენილია აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც დადასტურებულია აუდიტორების მიერ და სავალუტო რისკების შემცირების მიზნით, ხელშეკრულების ღირებულების ნაწილის უცხოურ ვალუტაში, ფიქსირებული კურსით გადახდის პირობა, შეფასებულია როგორც ფინანსური შემოსავალი, შესაბამისად ის არ წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას. ასევე, მიუთითებს, რომ საკურსო სხვაობით მიღებული მოგება ან ზარალი არის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მოთხოვნის შედეგად გამოწვეული სხვაობა და შესაბამისად IFRS-ის და IAS-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოადგენს ფინანსურ შემოსავალს/ზარალს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის №6494 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უსფ(წ) „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2023 წლის 12 ოქტომბრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვის სისწორის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 3 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივნისის №13235 ბრძანება და 5 ივნისის №006-260 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულება 686 691 ლარით, მათ შორის, გადასახადი 686 691 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
უსფ(წ) „-------“ ძირითად საქმიანობას განეკუთვნება ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად, კომპანია წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს: ------- მონაკვეთი ------- ავტომაგისტრალის ------- მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, ------- საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ------- რეგიონში 9 სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ------- შემოვლითი გზის პროექტის სამუშაოებს, ------- საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებს.
კომპანიის მიერ ------- მონაკვეთი ------- ავტომაგისტრალის ------- მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 40%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 60%-ის - აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (2,4417) გათვალისწინებით.
კომპანიის მიერ ------- შემოვლითი გზის პროექტის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (3,1470) გათვალისწინებით.
მოცემული პროექტების დაფინანსება მოხდა ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიერ. აღნიშნული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით სატენდერო წინადადებების შეფასებისა და შედარებისთვის, სატენდერო ფასები გადაყვანილი უნდა იყოს ერთ ვალუტაში, რომელსაც ირჩევს ტენდერის მომწყობი, ხოლო ტენდერის მონაწილეს უფლება აქვს, მოითხოვოს გადახდა უცხოურ ვალუტაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ №12 ბრძანების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, სატენდერო წინადადებების შეფასებისა, შედარებისთვის და აღრიცხვის გამარტივებისთვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა და მითითება მოხდა ფიქსირებული კურსით.
გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებას ახდენს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას) განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით.
დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომპენსაციის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება უცხოურ ვალუტაში ანაზღაურებას, უნდა გაანგარიშდეს ლარში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დღისთვის (დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროისათვის) აშშ დოლარის ლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს (ვინაიდან, ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება.
ზემოაღნიშნულის გათვალსწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი სრულად არ ახდენდა დაბეგრილი ავანსის ბრუნვით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ხელშეკრულებით პირობების შესაბამისად შემცირებას (განაშთვას). შემოწმებით დამატებით შემცირდა გათვალისწინებული პროექტებით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები დაბეგრილი ავანსის შესაბამისი წილით. შედეგად დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა ჯამში 3,8 მლნ. ლარით. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით შესაბამის თვეებში დამატებით ჯარიმების შეფარდება არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით უსფ(წ) „-------“ მიერ ------- მონაკვეთი ------- ავტომაგისტრალის ------- მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 40%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 60%-ის - აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (2,4417) გათვალისწინებით. ხოლო, კომპანიის მიერ ------- შემოვლითი გზის პროექტის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (3,1470) გათვალისწინებით. მოცემული პროექტების დაფინანსება მოხდა ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიერ. აღნიშნული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით სატენდერო წინადადებების შეფასებისა და შედარებისთვის, სატენდერო ფასები გადაყვანილი უნდა იყოს ერთ ვალუტაში, რომელსაც ირჩევს ტენდერის მომწყობი, ხოლო ტენდერის მონაწილეს უფლება აქვს, მოითხოვოს გადახდა უცხოურ ვალუტაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ №12 ბრძანების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, სატენდერო წინადადებების შეფასებისა, შედარებისთვის და აღრიცხვის გამარტივებისთვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა და მითითება მოხდა ფიქსირებული კურსით. გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებას ახდენს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას) განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით. შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრა შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ(წ) „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ, ზედაპირულად არის შეფასებული პროექტის ანაზღაურების პირობები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად შესწავლამ გამოიწვია არასწორი შეფასება და შესაბამისად, არამართლზომიერი დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის ძირითად საქმიანობას განეკუთვნება ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში.
გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებას ახდენს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას) განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით. შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(10); 159; 164(1);