გადაწყვეტილება №21650/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.03.2024
№ დოკუმენტი 21650/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21650/2/2023

28 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21650/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.09.2020 წლის №26471 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №028-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29813 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 254 785 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 117 036

დღგ - 88 781

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 102

მოგების გადასახადი - 15 299

საშემოსავლო გადასახადი - 6 056

ქონების გადასახადი - 6 798

ჯარიმა - 61 382

საურავი - 76 367

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ------- სხვადასხვა სახის მცენარეების იმპორტი და მათი რეალიზაცია საქართველოში, როგორც ბითუმად, ასევე საცალოდ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.11.2018 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ელექტრონულად და არც ჟურნალ-ორდერულად იშიფრება საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთები სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე, შეუძლებელია რეალიზებული პროდუქციის გაშიფვრა სახეობების და რაოდენობების მიხედვით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო კატეგორიებად, ამასთან, განხორციელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ანალიზი და განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რამაც გამოიწვია დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

- გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან რაიმე სახით ბუღალტრული აღრიცხვა ელექტრონულად ან/და ჟურნალ-ორდერულად, მათ შორის საწვავის ჩამოწერის შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანების შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საწვავი, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებები და ა.შ..

შემოწმებით, ზემოაღნიშნული საქონელი და მომსახურება ჩაითვალა თანამშრომლისთვის კომპენსაციის გარეშე გადაცემად/მიწოდებად, შესაბამისად, აღნიშნული საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულება, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ჩაირთო ერთობლივ შემოსავალში, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო დაქირავებულისათვის კომპენსაციის გარეშე გადაცემა ჩაითვალა სარგებლად და გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადი;

- გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია. 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი განსხვავდება აღნიშნული საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამისაგან. შემოწმებით, დაკორექტირდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი;

- გადასახადის გადამხდელის იმპორტირებულ საქონელზე (FCA პირობით), სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი. შემოწმებით, არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ არის რაიმე სახით ბუღალტრული აღრიცხვა ელექტრონულად ან/და ჟურნალ-ორდერულად. ასევე, ვერ იშიფრება საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთები სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით.

2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 105-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად;

- საგადასახადო კოდექსის მე-18, 73-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2019 წლის №45633 ბრძანება და №028-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.09.2020 წლის №26471 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- სადავო საკითხებთან მიმართებაში:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26471 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 5.02.2021 წლის №11261/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26471 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 672 502 ლარით, დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №028-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 672 502 ლარით, მათ შორის, გადასახადი 448 618 ლარი და ჯარიმა 223 884 ლარი, აღნიშნავს, რომ წარდგენილ საჩივარში მითითებული სადავო საკითხების დამატებით შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ შესწავლის მიმდინარეობისას არ არის წარდგენილი არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ნამდვილად აქვს შეძენილი საწვავი და აღნიშნული საწვავის გახარჯვა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა, აღნიშნულს ადასტურებს შესაბამისი სასაქონლო-ზედნადებები, სადაც მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები და გადაზიდვის დაწყებისა და დასრულების მისამართები, რის ორგანიზებასაც დასჭირდა აღნიშნული საწვავი, სხვაგვარად ვერ გადაადგილდებოდა სატრანსპორტო საშუალება რაც ცხადზე ცხადია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალიწინებული აღნიშნული გარემოება. ასევე, უსაფუძვლოა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით მსჯელობა თითქოს და საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესწავლით განხორციელდა გადაანგარიშება, რაც არ შეესაბამება რეალობას. ფაქტი ერთია, სახეზეა შეძენილი საწვავი, სახეზეა სატრანსპორტო საშუალებები, სახეზეა სასაქონლო ზედნადებები სადაც მითითებულია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, სახეზეა მისამართები რა მისამართზეც განხორციელდა შესაბამისი ზედნადებებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და ამ ყველა მტკიცებულების შემდეგ, საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებულია თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილია, რაც არასწორია.

ასევე, კომპანიის მიერ, წარმომადგენლობითი ხარჯის ფარგლებში, შეძენილია სასტუმრო და სარესტორნე მომსახურება. თანხობრივად არ არის დიდი მოცულობის დანახარჯები გაწეული ამ ნაწილში, თუმცა ფიქრობს, რომ არასამართლიანია საგადასახადო ორგანოს მიდგომა. საინტერესო იქნება საგადასახადო ორგანოს მოსაზრება ამ ნაწილში, როგორ უნდა მოახდინოს გადასახადის გადამხდელმა იმის აღრიცხვა - ნამდვილად სტუმარმა მიიღო თუ არა შესაბამისი საქონელი/მომსახურება, რა ტიპის მტკიცებულებაზეა საუბარი ფოტო, ვიდეო თუ, რა ინფორმაცია უნდა წარადგინოს. ფიქრობს, რომ ამ ნაწილში თუ შეადარებს საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს და კომპანიის მიერ წარმომადგენლობითი ხარჯის მოცულობას, იმდენად არაარსებითია და უმნიშვნელო, რომ (მსგავსი ტიპის მიდგომა (დაბეგვრა) ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ხარჯის ბუნებას) უნდა გაუქმდეს დარიცხვა ამ ნაწილში.

იგივე პოზიციით მიმართა შემოსავლების სამსახურს და პასუხად მიიღო, რომ ყველაფერი შესწავლილია და კორექტირების საფუძველი არ არსებობს, რაც უსამართლოა იმ რეალობაში, რაც არსებობს საკითხის მიმართ. როგორც ზემოთ აღნიშნა, არსებობს დოკუმენტაცია და აღნიშნული დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება უშუალოდ იმ პირთა წრე, ვინც მიიღო კონკრეტული მომსახურება, როგორც მინიმუმ მესამე მხრიდან შეიძლებოდა აღნიშნული ინფორმაციის მიღება საგადასახადო ორგანოს ამის ინტერესი რომ ქონდეს, კომპანია ვერ მოიპოვებს მესამე მხრიდან ინფორმაციას.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ყვავილების, მცენარეების იმპორტი და რეალიზაცია, ბიზნეს პროცესის თანმდევი სერვისი გახლავთ სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვა არარეზიდენტი პირისაგან, რაზედაც არსებობს შესაბამისი ავია ზედდებული, სატრანსპორტო ზედდებული, ასევე შესაბამის იურისდიქციაში (-------, -------) საბანკო გადარიცხვა, რაც დასტურდება დოკუმენტურად და რაც წარდგენილია საგადასახადო ორგანოში. კომპანიამ ისარგებლა საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ არსებული შეღავათით.

კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა წლებია, რამაც გაართულა პროცესი არარეზიდენტი პირებიდან შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის ცნობების მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ პირის შესახებ. ითხოვს მათი მდგომარეობის გათვალისწინებას, რამდენადაც საქონელი აქვს შეძენილი ------- და -------, სატრანსპორტო მომსახურებაც შეძენილი აქვს შესაბამის იურისდიქციაში, რაც დასტურდება შესაბამისი ავია ზედდებულით და სატრანსპორტო ზედდებულით, ასევე თანხები გადახდილია საბანკო გადარიცხვებით იმავე ქვეყანაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე, ამასთან, თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში არსებობს ინფორმაცია სად არის რეგისტრირებული პირი, სად საქმიანობს და ა.შ.. ითხოვს, მიეცეს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საშუალება - საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე.

ამ ნაწილშიც, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით მსჯელობა, თითქოს და საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესწავლით განხორციელდა გადაანგარიშება არ არის რეალობა, როგორც ზემოთ აღნიშნა სახეზეა მიღებული საქონელი, შესაბამისი ავია/სატრანსპორტო ზედდებულით, სახეზეა არარეზიდენტ პირზე საბანკო გადარიცხვა შესაბამის იურისდიქციაში, რაზედაც ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა უგულებელყოფს აღნიშნულ ფაქტებს, კომპანიისთვის იმ პირობებში, როდესაც საქმიანობა შეჩერებული აქვს, არ აქვს პარტნიორებთან (მომწოდებელთან) ურთიერთობა, გაჭირდა ცნობების მოპოვება, მიმართეს თუმცა არ რეაგირებენ მათ მიმართვაზე.

ითხოვს მათი მდგომარეობის გათვალისწინებას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსი იძლევა საშუალებას, ფაქტობრივი მტკიცებულებების საფუძველზე (სატრანსპორტო /ავია ზედდებული და საბანკო გადარიცხვა შესაბამის იურისდიქციაში) განხორციელდეს შეღავათით სარგებლობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 7.09.2020 წლის №26471 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სადავოდ წარდგენილ ყველა საკითხთან მიმართებაში და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო მათი წარდგენის შემთხვევაში, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აღნიშნული დასკვნიდან დგინდება შემდეგი:

- შეძენილი საწვავის, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების თანამშრომლისათვის კომპენსაციის გარეშე მიწოდების ოპერაციად განხილვასთან, 2016 წლის ერთობლივი შემოსავლის კორექტირებასთან და არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში წარდგენილი არგუმენტების დოკუმენტური მტკიცებულება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხებით გამოწვეული დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა;

- არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახული იყო კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციები. ასევე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები, საბანკო ამონაწერები და გადაანგარიშების პროცესში მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი, რის შედეგადაც: განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის თვითღირებულება და ფასნამატები პერიოდების მიხედვით. აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა შემოსავლების გაანგარიშება და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (მოგების გადასახადი და დღგ) დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ასევე დადგინდა, რომ კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 743 911 ლარს, ხოლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებულ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობით მიღებული დასაბეგრი თანხა შეადგენს 568 890 ლარს, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა კაპიტალის შემცირებად და არ დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (საშემოსავლო გადასახადი) დაექვემდებარა შემცირებას;

- ასევე, განხორციელდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

ამგვარად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის, ინფორმაციის და განმარტების საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 672 502 ლარით, ამასთან გადაანგარიშება არ განხორციელდა იმ ნაწილში, კერძოდ შეძენილი საწვავის, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების თანამშრომლისათვის კომპენსაციის გარეშე მიწოდების ოპერაციად განხილვასთან, 2016 წლის ერთობლივი შემოსავლის კორექტირებასთან და არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესწავლის მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, იმ ნაწილში რა ნაწილშიც არ მოხდა გადაანგარიშება, კერძოდ საწვავის ჩამოწერის შემთხვევების, ასევე შეძენილი სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებების ნაწილში მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ნამდვილად აქვს შეძენილი საწვავი და აღნიშნული საწვავის გახარჯვა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა, რასაც ადასტურებს შესაბამისი სასაქონლო-ზედნადებები, სადაც მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები და გადაზიდვის დაწყებისა და დასრულების მისამართები, რის ორგანიზებასაც დასჭირდა აღნიშნული საწვავი. ასევე, კომპანიის მიერ წარმომადგენლობითი ხარჯის ფარგლებში შეძენილია სასტუმრო და სარესტორნე მომსახურება და ამ ნაწილში საგადასახადო ორგანოს მიდგომა არასამართლიანად მიაჩნია. მათთვის გაუგებარია ამ ნაწილში რა ტიპის მტკიცებულებაზეა საუბარი და რა ინფორმაცია უნდა წარადგინოს. ფიქრობს, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს დარიცხვა. მესამე პირებიდან აღნიშნული ინფორმაციის მიღება შეეძლო საგადასახადო ორგანოს. სატრანსპორტო მომსახურების არარეზიდენტი პირისაგან შესყიდვაზე არსებობს შესაბამისი ავია/სატრანსპორტო ზედდებული, ასევე შესაბამის იურისდიქციაში (-------, -------) საბანკო გადარიცხვა, რაც დასტურდება დოკუმენტურად და რაც წარდგენილია საგადასახადო ორგანოში. კომპანიამ ისარგებლა საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ არსებული შეღავათით. კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვს, რამაც გაართულა არარეზიდენტი პირებიდან შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის ცნობების მოპოვების პროცესი. ითხოვს მისი მდგომარეობის გათვალისწინებას და ფაქტობრივი მტკიცებულებების საფუძველზე, (სატრანსპორტო/ავია ზედდებული და საბანკო გადარიცხვა შესაბამის იურისდიქციაში) შეღავათით სარგებლობას.

აუდიტის დეპარტამენტი 9.01.2023 წლის №603-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნავს:

- შეძენილი საწვავის, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების თანამშრომლისათვის კომპენსაციის გარეშე მიწოდების ოპერაციად განხილვის და მათი საბაზრო ღირებულებებით ერთობლივი შემოსავლის, დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვების გაზრდის ნაწილში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით (გადაწყვეტილებით) „გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)“, თუმცა გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება, შესაბამისად აღნიშნული საკითხით გამოწვეული დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა;

- არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში, მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ იმპორტირებულია საქონელი (FCA პირობით). სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზინდენტი იურიდიული პირები, ვისზე გადახდილი თანხებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა აღნიშნულ კომპანიებზე რეზიდენტობის ცნობები რათა მომხდარიყო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მომჩივანს არც დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია მტკიცებულებები, ხოლო ამჟამადაც არ წარმოადგენს სადავოდ წარმოდგენილ საკითხების ნაწილში მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26471 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 7.09.2020 წლის №26471 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა სახის მცენარეების იმპორტი და მათი რეალიზაცია საქართველოში, როგორც ბითუმად, ასევე საცალოდ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.11.2018 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2019 წლის №45633 ბრძანება და №028-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.09.2020 წლის №26471 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26471 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 5.02.2021 წლის №11261/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26471 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 672 502 ლარით, დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №028-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26471 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)