ბრძანება N 10870

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2026
№ დოკუმენტი 10870
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10870

15 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 29 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს ------- (ს/ნ -------) №69812/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 მარტის №072-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმოს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია უფიქსირდება მხოლოდ 2025 წლის 8 თვე (აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი). იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 878 217 ლარს, აქედან რეალიზაციით მიღებულ იქნა შემოსავალი 1 288 868 ლარი, ხოლო ფასნამატმა შეადგინა 46.76%. იმპორტირებული საქონლის ძირითადი მყიდველები არიან ადგილობრივი გადამყიდველები, რომლებიც საქონელს იღებენ კონსიგნაციით, შედარებით დაბალ ფასებში, ზედნადების გარეშე. იმპორტირებული სარეალიზაციო ხილ-ბოსტნეული არის სომხეთის რესპუბლიკიდან და ევროპულ სტანდარტებს ხარისხით ბევრად ჩამოუვარდება. სპეციფიკურად მალფუჭებადი საქონელია გარგარი, ტარხუნა, ბალი. აქვს ბუნებრივი შრობა დანაკარგები (3-6% მსოფლიო სტანდარტით). ბაზარზე რეალიზაციის პროცესში ყოველდღიურად ხდება პატარ-პატარა პარტია (50-100კგ) გაფუჭებული საქონლის გადაყრა (განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში). ყოველ პარტიაზე შესაბამისი სამსახურის გამოძახება და ყოველდღიურად რამოდენიმეჯერ განადგურების აქტის შედგენა შეუძლებელია. გადასაყრელი საქონლის მოგროვება და შენახვა კი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევად ითვლება, რასაც ბაზრის ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ამიტომ ამ დანაკარგების დოკუმენტური აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს ფასნამატი აბსოლუტურად რეალურია.

ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ კომპანიას შემოსავალი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციისაგან მიღებული აქვს (საბურავების გარეშე) 1 288 868 ლარი. გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი. სულ სალაროდან გასულია 1 128 524 ლარი (ხარჯები დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით), შესაბამისად სალაროს ნაშთი შეადგენს 160 344 ლარს. ასევე, საწარმოს საკონტროლო შესყიდვები და საქონლის ზედნადებით გაყიდვა არ უფიქსირდება. გასათვალისწინებელია სხვა საწარმოთა საქონლის დიფერენცირება და ხარისხი, რაც შემოწმებას გათვალისწინებული არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 9 თებერვლის №2768 და 27 მარტის №6952 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 10.02.2026 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 31 მარტს გამოსცა №7227 ბრძანება და №072-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 112 158 ლარი, მათ შორის, გადასახადი 706 259 ლარი, ჯარიმა 355 283 ლარი და საურავი 50 616 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● 2026 წლის 9 თებერვალის №2768 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ------- (ს/ნ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება, კომპანია 2023-2025 წლებში ახორციელებდა ავტომობილის მეორადი საბურავების იმპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას. 2025 წელს კომპანიამ განახორციელა სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტიც. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია გააჩნდა მხოლოდ საბურავებთან მიმართებაში, თუმცა ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის სახეობების ზუსტი განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის გამოთვლა, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი. რადგან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საბურავების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, ხოლო ხილ-ბოსტნის სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დოკუმენტური სარეალიზაციო ფასები შესაბამისი სახეობების მიხედვით. შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 377 629 ლარს. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია გააჩნდა მხოლოდ საბურავებთან მიმართებაში, რომელიც ნაკლებია მთლიანი საბურავების რეალიზაციის 5%-ზე, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, პირდაპირი მეთოდით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებული იქნა ფულის ნაშთი - 1 859 288 (აგროსილი 2 324 110 ) ლარის ოდენობით, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირისათვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას. შემოწმებისათვის ვერ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საბურავების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, ხოლო ხილ-ბოსტნის სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დოკუმენტური სარეალიზაციო ფასები შესაბამისი სახეობების მიხედვით. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებული იქნა ფულის ნაშთი - 1 859 288 (აგროსილი 2 324 110 ) ლარის ოდენობით, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირისათვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საბურავების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, ხოლო ხილ-ბოსტნის სარეალიზაციო ფასად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დოკუმენტური სარეალიზაციო ფასების გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სხვადასხვა ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას. შემოწმებისათვის ვერ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საბურავების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, ხოლო ხილ-ბოსტნის სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დოკუმენტური სარეალიზაციო ფასები შესაბამისი სახეობების მიხედვით. ასევე, შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებული იქნა ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირისათვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად.

შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164