ბრძანება N 18331
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18331
08 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 15 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 15 ივლისის №90724/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის №081-167 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №3105 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 10 ივლისის №16323 ბრძანება და ამავე თარიღის №081-167 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 335 665 ლარი, მათ შორის, გადასახადი 210 117 ლარი, ჯარიმა
104 719 ლარი და საურავი 20 829 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა არსებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, საბანკო ამონაწერების, გამოწერილი ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება. პირი ძირითადად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტენდერში. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არა აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასები. აღსანიშნავია, რომ მოგებული ტენდერების ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა №2-ების მიხედვით, ხარჯებში ასევე გათვალისწინებულია შრომითი დანახარჯებიც, კერძოდ მუშა-ხელზე გასაცემი ხელფასები. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა და გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა პირდაპირი მეთოდით, კერძოდ მიღებულ შემოსავლებზე არსებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, საბანკო ამონაწერების, გამოწერილი ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. ამასთან, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ფულის მოძრაობა ხარჯების ნაწილში შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და შემოწმების ხელთ არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა დებიტორ-კრედიტორები და საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთები. შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა გააჩნდეს ფულადი სახის ნაშთი 711 982 ლარის ოდენობით, რაც არ უფიქსირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს არასრულად აქვს დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმების შედეგად გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა არსებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, საბანკო ამონაწერების, გამოწერილი ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რის შედეგადაც პირს დაერიცხა დღგ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საწარმოს მიერ 2020 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციით ერთხელ უკვე დაიბეგრა 7 939 ლარი ( -----------), ხოლო თანხის საკასო ანგარიშსწორება მოხდა 2021 წლის თებერვალში, რაც შემოწმების მიერ ასახულის თებერვლის დასაბეგრ ოპერაციებში. ასევე, შპს „----------“-სგან მიღებულ იქნა უპროცენტო სესხი, რომელიც იმავე თვეში დაბრუნდა, შესაბამისად აღნიშნული თანხები არ არის დღგ კუთხით დასაბეგრი ოპერაციები.
გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ მიღებული ავანსი 188519,4 ლარი არ იქნა ასახული შესაბამის დეკლარაციაში, არ გამოწერილა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა 2024 წლის იანვრის თვეში ჩამორიცხული თანხის ფარგლებში გაფორმდა შესრულება, გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა ------------, რაც დადეკლარირდა და დაიბეგრა, ამასთან, ვინაიდან არ იყო გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, ტექნიკურად ვერ მოხერხდა შესრულების და ავანსის დაწყვილება, გამომდინარე აქედან, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაიბეგრება ორმაგად.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების მიერ დაბეგრილია შუახევის მუნიციპალიტეტზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული თანხა დაბეგრილია ასევე გადამხდელის მიერ. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არა აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასები. მოგებული ტენდერების ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოებზე შედგენილი ფორმა №2-ების მიხედვით, ხარჯებში ასევე გათვალისწინებულია შრომითი დანახარჯებიც, კერძოდ მუშა-ხელზე გასაცემი ხელფასები. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა და გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა პირდაპირი მეთოდით, კერძოდ მიღებულ შემოსავლებზე არსებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, საბანკო ამონაწერების, გამოწერილი ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. ამასთან, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ფულის მოძრაობა ხარჯების ნაწილში შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და შემოწმების ხელთ არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა დებიტორ-კრედიტორები და საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთები. შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა გააჩნდეს ფულადი სახის ნაშთი 711 982 ლარის ოდენობით, რაც არ უფიქსირდება. შედეგად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სულ მიღებული შემოსავლები შეადგენს 1 285 190,95 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო გაწეული ხარჯი 759 442,91 ლარს. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხდა დამუშავებული ბაზის მოწოდება, რადგან მოიპარეს კომპიუტერი, სადაც ინახებოდა საბურალტრო ბაზა (თან ერთვის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ცნობა). გადამხდელის მოსაზრებით, დარიცხვის ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ანგარიშვალდებული პირის (დამფუძნებელი/დირექტორის) მიერ არაგონივრულ ვადებში დაუფარავი დებიტორი 469 923,95ლარი. საჩივარში ასევე მითითებულია ნაშთებთან დაკავშირებული ინფორმაცია და აღნიშნავს, რომ საჩივარს თან ერთვის დეტალურად ჩაშლილი და დამუშავებული ფინანსური ანგარიშგება, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა ორის 7-ის ვერსიით. საქმის ზეპირი განხილვისას, გადამხდელმა ასევე აღნიშნა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტში გადახდილი თანხები.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა არსებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, საბანკო ამონაწერების, გამოწერილი ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა
2. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება. პირი ძირითადად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტენდერში. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არა აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასები. აღსანიშნავია, რომ მოგებული ტენდერების ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა №2-ების მიხედვით, ხარჯებში ასევე გათვალისწინებულია შრომითი დანახარჯებიც, კერძოდ მუშა-ხელზე გასაცემი ხელფასები. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა და გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა პირდაპირი მეთოდით.
დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა გააჩნდეს ფულადი სახის ნაშთი 711 982 ლარის ოდენობით, რაც არ უფიქსირდება. შემოწმების შედეგად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა
გადაწყვეტილება
პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1);163(1);164(1);8(22)73(5,9);101(1);154(1)