ბრძანება N 26389

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.12.2024
№ დოკუმენტი 26389
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26389

16 დეკემბერი 2024

ბრძანება

"------"-ის (პასპ/ნ "------")

(მის.: "------")

2024 წლის 22 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა "------" (პასპ/ნ"------") №175601/01 საჩივარი, რომელიც ეხება მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის კანონიერების საკითხს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ "------"-დან "------"-ის მიმართულებით მოძრაობდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მინდობილობით აღჭურვილი პირი "------". 2024 წლის 8 ივლისს მთლიანად დაიწვა მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთი. "------"-მა შემთხვევის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია. ხანძრის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. 12 სექტემბერს მომჩივანს გადაეცა საჯარიმო სადგომზე მდგომი მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ არ ეძლევა საშუალება დატოვოს საქართველოს საზღვარი, რადგან მასზე ვრცელდება უზრუნველყოფის ღონისძიება. 2024 წლის 11 ოქტომბერს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელმა გადასცა "------"-ის სახელზე გამოცემული №EL264683, №EL264685 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL69400/438 საგადასახადო მოთხოვნა. თვლის, რომ აქტები არის უკანონო, რადგან აღნიშნულ აქტებში ასახული თანხების გადახდის გარეშე მომჩივანს უფლება არ ეძლევა სატრანსპორტო საშუალებით დატოვოს საქართველოს ტერიტორია. აღნიშნულით კი ზიანი ადგება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მიეცეს უფლება მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით დატოვოს საქართველოს საბაჟო ტერიტორია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 7 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის “ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ტრანზიტული საქონლით (22 300 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი, ღირებულება – 61 680,82 აშშ დოლარი) დატვირთული, "------"-ის რესპუბლიკაში რეგისტრირებული №"------" სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა "------" (პასპორტის №"------", ს/ნ "------"). აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა (№"------") და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის "------"-ის რაიონული სამმართველოს "------"-ს პოლიციის განყოფილების 2024 წლის 10 ოქტომბრის №"------" წერილით ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის 8 ივლისს "------"-ის რაიონის სოფელ "------"-სთან მითითებულ სატვირთო ავტომობილზე გაჩენილი ხანძრის გამო მისაბმელი და მასში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი დაიწვა.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იქნა წარდგენილი საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 11 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL264683 და №EL264685 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც "------"-ს (პასპ. №"------", ს/ნ "------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა: 30 657.47 ლარის ოდენობით სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 5 000 ლარის ოდენობით სსკ-ის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, 2024 წლის 9 თებერვალს გამოცემულ იქნა №EL69400/438 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც "------"-ს (პასპორტის №"------", ს/ნ "------") დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი (დღგ – 30 657.47 ლარი) და საურავი 1456.23 ლარის ოდენობით.

სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2024 წლის 31 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ უფლებამოსილი პირის მიერ შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი“ №69010109260, რომლითაც ჩამორთმეული იქნა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (№"------").

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და პირველი შესაძლებლობისთანავე წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან კანონით განსაზღვრული პირის მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი უპირობოდ ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:

უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;

უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

მე-3 ნაწილში კი მითითებულია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2), პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას. ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია გამოყენებული იქნეს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

მე-3 მუხლი კი ადგენს, რომ საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდამრღვევი პირის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ №"------" სატვირთო სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომჩივნის საკუთრებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი სუბიექტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს ხელახლა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "------"-ის (პასპ/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ხელახლა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მიეცეს უფლება მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით დატოვოს საქართველოს საბაჟო ტერიტორია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ტრანზიტული საქონლით დატვირთული, ყირგიზეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა.აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი.

ცნობილი გახდა, რომ სატვირთო ავტომობილზე გაჩენილი ხანძრის გამო მისაბმელი და მასში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი დაიწვა.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იქნა წარდგენილი საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე,შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც პორს დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი.

სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი,რომლითაც ჩამორთმეული იქნა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება.

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი სუბიექტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს ხელახლა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

100,163,166,172.