ბრძანება N 12616
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12616
30 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -----------ის (პ/ნ -----------------)
(მის.: ----------------------------------)
2023 წლის 22 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის (ოქმი №54) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მაისის №22243/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ფ/პ -----------ის (პ/ნ -----------------) №86229/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №035-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ზედნადებები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადასახადის დარიცხვა არ შეესაბამება რეალობას და არის შეცდომა. რეალიზებული საქონელი შესყიდული ჰქონდა 60 220 ლარად და გადასცა შვილს. აღნიშნულ ოპერაციაში შვილისგან თანხა საერთოდ არ მიუღია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19609 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -----------ის (პ/ნ -----------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 ნოემბრის №28923 ბრძანება და ამავე თარიღის №035-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 51 970 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 898 ლარი, ჯარიმა 8 305 ლარი, საურავი 13 767 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 იანვრის №230 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 13 მაისის №22243/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №230 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ --------------ი (პ/ნ ------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 21 აგვისტოს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მეწარმეს უფიქსირდება აზარტული და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობა. გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2021 წლის აპრილის თვეში ფ/პ --------------ს (პ/ნ ------------) გამოწერილი აქვს ორი სასაქონლო ზედნადები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 166 102 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2021 წლის აპრილის თვეში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს ორი სასაქონლო ზედნადები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 166 102 ლარს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ზედნადებები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადასახადის დარიცხვა არ შეესაბამება რეალობას. რეალიზებული საქონელი შესყიდული ჰქონდა 60 220 ლარად და გადასცა შვილს. აღნიშნულ ოპერაციაში შვილისგან თანხა საერთოდ არ მიუღია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე თუ დადგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონელი წარმოადგენს უსასყიდლო ოპერაციას და გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ არ აქვს ჩათვლილი, უზრუნველყოს აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ --------------ი (პ/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე თუ დადგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონელი წარმოადგენს უსასყიდლო ოპერაციას და გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ არ აქვს ჩათვლილი, უზრუნველყოს აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ზედნადებები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადასახადის დარიცხვა არ შეესაბამება რეალობას და არის შეცდომა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №19609 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №28923 ბრძანება და №035-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 51 970 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის №230 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №22243/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №230 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე თუ დადგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონელი წარმოადგენს უსასყიდლო ოპერაციას და გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ არ აქვს ჩათვლილი, უზრუნველყოს აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 163(1.2); 165(1.2);