გადაწყვეტილება №24678/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24678/2/2025
07 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24678/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №006-502 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №935 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 169 055,05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 657 549
დღგ - 263 193
მოგების გადასახადი - 168 922
საშემოსავლო გადასახადი - 225 434
ჯარიმა - 328 775
საურავი - 182 731,05
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლის და აქსესუარების იმპორტი ------- და „-------“ ბაზრობის ტერიტორიაზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 17.03.2022 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 4.07.2022 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 17.03.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე სრული, კამერალური, გეგმიური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 9.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად შეადგენდა 2 131 219 ლარს. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში დაჯარიმდა საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი ჰქონდა 2 284 336 ლარის ღირებულების საქონელი (აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული ღირებულება და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინვოისების თანხა, რომელიც მთლიანი საქონლის მოცულობის მნიშვნელოვან წილს შეადგენდა). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო რეალიზებული საქონლის 99%-ზე მეტი წარმოადგენდა არადოკუმენტურს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (58%), რამაც გამოიწვია, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზარდა. გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს წარდგენილი ჰქონდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საზოგადოებას არ გააჩნდა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება. საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, ფულადი სახსრების მოძრაობა გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გამოყენებით. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დიდი ოდენობით არაგონივრული ნაშთი, რომლისთვისაც საწარმოს შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 12.12.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26233 ბრძანება და 13.12.2024 წლის №006-502 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.01.2025 წლის №935 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია, ხოლო რეალიზებული საქონლის 99%-ზე მეტი წარმოადგენს არადოკუმენტურს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (58%). შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დიდი ოდენობით არაგონივრული ნაშთი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების შედეგად 26%-იანი ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული საცალო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 58%. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია შეუსაბამოა შემოწმების მიერ დადგენილ გარემოებებთან, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო საჩივარში დაფიქსირებული ფასნამატი მიეკუთვნება საბითუმოდ მოვაჭრე საწარმოს ფასნამატს.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა შპს „-------“-ის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და აშშ. სამწუხაროდ არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საზოგადოება საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე შემმოწმებლებს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრათ მისი შემოსავალი.
პარალელურად ჩატარდა შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 58,6% ფასანამატი?
საჩივარს ერთვის მომჩივნის განმარტებით ანალოგიურ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილება, სადაც ფინანსთა სამინისტრო არ მიიჩნია მართლზომიერად შემმოწმებლის მიერ გამოყენებული გაუგებარი აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-10 მუხლის შესაბამისად „ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი“.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (58%), რამაც გაზარდა, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ისე მიღებული შემოსავლის ოდენობა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან საზოგადოება საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად და საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში. ასევე გაურკვეველია ანალოგად გამოყენებული კომპანია რა საქონელს, ვისგან, რა ფასად ყიდულობდა და ყიდდა. მომჩივნის განმარტებით იდენტური საქონლით მოვაჭრე შპს "-------"-ის იმავე პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას საქონლის ფასნამატად გამოყენებულია 26%, ხოლო შპს "-------"-ის შემოწმებისას 58,6%. საჩივარში აღნიშნულია, რომ ფასნამატის არასწორად გაანგარიშების შედეგად არასწორად იქნა გამოთვლილი ფულის ნაშთი და ის 20 % ნაცვლად დაიბეგრა 25%. აუდიტის დეპარტამენტს ხარჯში უნდა გაეთვალისწინებინა საინვოისო ღირებულება.
მოპასუხის განმარტებით, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 2 284 336 ლარის ღირებულების საქონელი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. რეალიზებული საქონლის 99%-ზე მეტი წარმოადგენდა არადოკუმენტურს. დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (58%). შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და გასს-ში არსებული მონაცემები. გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშებიდან საქონლის შესაძენად გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა შესაბამისი ღირებულების პროდუქციის მოწოდება არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი ახსნა/განმარტება ან/და დოკუმენტაცია. შპს „-------“-ის მიმართ გავრცელდა საბითუმო ფასნამატი 26%-ის ოდენობით, ხოლო, შპს ,,-------’’-ის შემთხვევაში კი გამოყენებულია საცალო ფასნამატი, ვინაიდან, კომპანია საბითუმო რეალიზაციას არ ახორციელებდა რეალურად. აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 2 131 219 ლარს, ხოლო კომპანიას სულ უფიქსირდებოდა 2 278 868 (დღგ- 347 596) ლარის სალაროს ჩეკი და დოკუმენტური რეალიზაცია 17 343 ლარის ოდენობით (დღგ - 3 122 ლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა არ არის წარდგენილი. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ აქვს წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კომპანია ახორციელებდა საბითუმო რეალიზაციას. საწარმოს არ გააჩნია დებიტორული/კრედიტორული დავალიანება. საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება განხორციელდა პირის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (გასს-ის) მონაცემების გამოყენებით. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს დაუფიქსირდა დიდი ოდენობით „არაგონივრული ნაშთი“, რომლისთვისაც გადამხდელს შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნული ჩაითვალა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია, ხოლო რეალიზებული საქონლის 99%-ზე მეტი წარმოადგენს არადოკუმენტურს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი (58%). შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დიდი ოდენობით არაგონივრული ნაშთი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;