გადაწყვეტილება №21794/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 21794/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21794/2/2024

24 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 4.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21794/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგები 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხის ნაწილში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31890 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 140 703,98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 198

დღგ - 40 166

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 86

საშემოსავლო გადასახადი - 29 621

ქონების გადასახადი - 1 325

ჯარიმა - 34 945,3

საურავი - 34 560,68

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 16.06.2022 წლის №046-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებით, 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.09.2023 წლის №20196/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანება. საჩივარი, 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეფასების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 7.09.2023 წლის №20196/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 19.12.2023 წლის №31890 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ვ1 “ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე, „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებულ №11127 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით ჩათვლის განხორციელება, მათ შორის დეკლარაციის დაზუსტების გზით შესაძლებელია ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, ამასთან იმ საანგარიშო პერიოდებში, (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის დეკემბრის თვის), რომელშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი.

განსახილველ შემთხვევაში კი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია 2018 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა საბჭოს 15.09.2023 წლის №20196/2/2023 გადაწყვეტილება. არავის შეუსწავლია შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების საკითხი. არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გასაჩივრებული დოკუმენტი ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშეა შედგენილი. ამიტომ იგი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი უნდა გაუქმდეს.

გასაჩივრებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 30.11.2023 წლის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.09.2023 წლის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული „----------“ №37445/21 და №79750/1/2023 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომას არ დასწრებია, არც 2 საჩივარი დაუწერია, ამიტომ სრულიად უცნობი და გაუგებარია რა საჩივრები განიხილა დავების განხილვის საბჭომ.

იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვარი) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

გასაჩივრებულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური აპელირებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილის „ვ1 “ ქვეპუნქტზე. ასევე, თავისი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებული №11127 სიტუაციური სახელმძღვანელო. იშველიებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილს და განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით ჩათვლის განხორციელება, მათ შორის დეკლარაციის დაზუსტების გზით შესაძლებელია ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, ამასთან იმ საანგარიშო პერიოდებში (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის დეკემბრის თვის), რომელშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრება 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

განსახილველ შემთხვევაში კი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია 2018 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს - რაც არამართებულია და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

არ დარღვეულა შემოსავლების სამსახურის მიერ მოყვანილი საკანონმდებლო ნორმის არც ერთი პუნქტი.

2018 წლის იანვარში განხორციელებული იმპორტის ოპერაცია კანონმდებლობის სრული დაცვით დეკლარირებულია შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში და წარდგენილია შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ჩათვლა მიღებული არ არის, რასაც შემოსავლების სამსახურიც ადასტურებს გასაჩივრებულ ბრძანებაში.

დღგ-ის 2018 წლის იანვრის დეკლარაციაში დაფიქსირებული და საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ უნდა გაეთვალისწინებინათ შემოწმების ფარგლებში დღგ-ის შემოწმებისას, რაზეც შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების მიუხედავად გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მიზეზების გამო უარს აცხადებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე.

გასაჩივრებულ ბრძანებაში დაფიქსირებულ ნორმებში არ არსებობს არანაირი შეზღუდვა საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის ჩათვლის აკრძალვის თაობაზე. ხოლო საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ1 “ ქვეპუნქტი, რომელზეც აპელირებს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედ საგადასახადო კოდექსში არ არსებობს. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის 31 ნაწილი კი სულ სხვა საკითხს ეხება. ამდენად, მასზე აპელირებაც უსაფუძვლოა.

„საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებულ №11127 სიტუაციურ სახელმძღვანელოში სხვა შემთხვევაა განხილული, როცა გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის გაანგარიშების წინა წლის დეკლარაცია მომდევნო წელს დაადეკლარირა და ეს ქმედება ამავე დოკუმენტით კანონიერადაა ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული სიტუაციური სახელმძღვანელო 18.03.2020 წელს არის მიღებული და ოპერაციის შესრულების პერიოდისთვის არ არსებობდა. ამდენად მისი გამოყენება უკანონოა.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე აპელირებას, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ხსენებული ნორმის შესაბამისად საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

ზედმეტად არც გადასახადის და არც სანქციის თანხა არ არის გადახდილი და შესაბამისად, არც მისი დაბრუნება ყოფილა მოთხოვნილი.

მოთხოვნილი იყო დღგ-ის 2018 წლის იანვრის დეკლარაციაში დაფიქსირებული და საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ-ის გათვალისწინება შესამოწმებელ პერიოდში, რაც არანაირი ვადის დარღვევას არ წარმოადგენს. ამდენად, ხსენებულ მუხლზე აპელირება სრულიად უსაფუძვლოა.

საეჭვოა, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე შეტანილი არ ყოფილა და საბჭოს არ განუხილავს, რადგან ბრძანებაში მოყვანილი განმარტებები პირველი საჩივრის განხილვისას არც შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოზე და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმულ მოსაზრებებს არ შეესაბამება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საბაჟო დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც მიაჩნია, რომ საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31890 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგები 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც მიაჩნია, რომ საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

(2021 წლამდე მოქმედი): 173(1); 174(1).