ბრძანება N 10937

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2025
№ დოკუმენტი 10937
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10937

28 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 25 აპრილის და 13 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 25 აპრილის №62894/21 და 13 მაისის №72338/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №071-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებულ დარიცხვას და მიუთითებს, რომ საქონელი არის მალფუჭებადი, კანგაცლილი ნიგოზი წვიმაში დასველდა და გაფუჭდა, ხოლო დიდი ნაწილი გაცემული იყო კონსიგნაციით, რაც არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ დარიცხვა განხორციელდა საქონლის დათვალიერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2084 და 7 მარტის №3984 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 12 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 21 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 მარტის №5400 ბრძანება და ამავე თარიღის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 464 817 ლარი, მათ შორის, გადასახადი 777 358 ლარი, ჯარიმა 396 862 ლარი და საურავი 290 597 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციები, საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები, ასევე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, რეალიზებული აქვს დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, შესაბამისად, 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი რეალიზებულია დოკუმენტების გარეშე, რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საწარმოს არ აქვს შესრულებული. აღსანიშნავია, რომ საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოწმების შედეგად 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რამაც შეადგინა 1 677 008 ლარი (დღგ-ის გარეშე). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 1 677 008 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

 შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის (1 978 869 ლარი) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე, არ დასტურდება აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლების და მეთოდური მითითების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. 6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, საიდანაც დოკუმენტურად რეალიზებულია 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ.

საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა 116 675 კგ-ის ოდენობით შემოწმებით ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, რის საფუძველზეც გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და დაიბეგრა დღგით.

ამასთან, ვინაიდან შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და სალაროში არსებობის ფაქტი არ დადასტურდა, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში, მათ შორის, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებულ დარიცხვას და მიუთითებს, რომ საქონელი არის მალფუჭებადი, კანგაცლილი ნიგოზი წვიმაში დასველდა და გაფუჭდა, ხოლო დიდი ნაწილი გაცემული იყო კონსიგნაციით, რაც არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, საიდანაც დოკუმენტურად რეალიზებულია 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ.

საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა 116 675 კგ-ის ოდენობით შემოწმებით ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, რის საფუძველზეც გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და დაიბეგრა დღგით.

ამასთან, ვინაიდან შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და სალაროში არსებობის ფაქტი არ დადასტურდა, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145; 163; 164; 159; 73 (9, 4); 101; 154.