გადაწყვეტილება №21829/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21829/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21829/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 8.01.2024 და 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21829/2/2024; №22010/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლის (სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის) დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32962 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 598 872.37 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 369 090

დღგ - 144 927

საშემოსავლო გადასახადი - 224 163

ჯარიმა - 192 028 ს

საურავი - 37 754.37

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა (ძირითადად საკონდიტრო ნაწარმით, ალკოჰოლური სასმელებით, სიგარეტებით და სხვა). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 3.06.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 23.03.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები არ აქვს. შემოწმების პროცესში შესწავლილია საბანკო ამონაწერი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №5613 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის ობიექტზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების თანახმად, აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ 22.03.2023 წლის მდგომარეობით შეადგინა 196 552 ლარი.

ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები და საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად არის აღრიცხული გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 717 296 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა მის მიერ შეძენილია დაახლოებით 2 213 140 ლარის სმფ, ხოლო ინვენტარიზაციით ნაშთად აღრიცხულია სულ 166 569 ლარის თვითღირებულების სმფ) შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილია შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულია შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ასევე, გაანგარიშებულია კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, განსაზღვრულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე მიღებულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს ამ ნაწილში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №13045 ბრძანება და ამავე თარიღის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2023 წლის 2 და 20 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 5.10.2023 წლის №20546/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. რაც შეეხება, მომჩივნის პოზიციას, რომ ვაჭრობდა მალფუჭებადი საქონლით და ხშირად უწევდა გაფუჭებული საქონლის გადაყრა, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ვერ მოახერხა ჩართვა რადგან ფიქსირდებოდა ხარვეზი. რაც შეეხება, სადავო საკითხს არანაირი კორექტირება არ შეუტანია აუდიტორს და არ მიუწოდებია ცხრილები, რომ კომპანიის მიერ მომხდარიყო მისი გადაანგარიშება წლების მიხედვით და გაფუჭებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კომპანიას ჰქონდა ხარჯები, რომელიც წარსადგენი იყო თუმცა, ვინაიდან ვერ მოხერხდა დაკავშირება და ჩართვა როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან არასწორად არის გადაანგარიშებული და ითხოვს გონივრულად იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ვინაიდან შემოწმება იყო კამერალური და შემდგომ ადგილზე მოხდა სრული შემოწმება, საიდან დაერიცხა საშემოსავლო გადასახადში 224 163 ლარი? როდესაც ბრუნვა შეადგენდა სულ 290 000 ლარს, რა ფასნამატი დაადგინეს? კომპანიას არ ჰყავდა დაქირავებული მუშახელი და არ იხდიდა იჯარას? როგორ მოხდა ამ თანხის გადაანგარიშება გაუგებარია. რაც შეხება დღგ-ის დანაკლისს, 144 927 ლარი ნაშთი იყო ანუ გაფუჭებული პროდუქცია. დანაკარგი დაახლოებით 300 000 ლარი, 45 000 ლარის ნაცვლად. 144 927 ლარის დაჯარიმება არამართლზომიერი. კომპანია მუშაობდა პანდემიის დროს და რამდენიმე მშიერი ადამიანის დაპურება უხდებოდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება არ მოხდა. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს ცხრილების გაგზავნა მეილზე, რასაც მისცემს შესაბამის რეაგირებას. ასევე, ითხოვს განხორციელდეს რეალური დარიცხვა რომ კომპანიამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება და თანხის გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა; ,საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტორს არ მიუწოდებია ცხრილები, რომ კომპანიის მიერ მომხდარიყო მისი გადაანგარიშება წლების მიხედვით და გაფუჭებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კომპანიას ჰქონდა ხარჯები, რომელიც წარსადგენი იყო თუმცა, ვინაიდან ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა მონაწილეობის მიღება შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას, არ იქნა გათვალისწინებული. რაც შეხება დღგ-ის დანაკლისს, ნაშთი იყო 144 927 ლარი ანუ გაფუჭებული პროდუქცია. დანაკარგი დაახლოებით 300 000 ლარი, 45 000 ლარის ნაცვლად. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ცხილების გაგზავნა მეილზე, რასაც მისცემს შესაბამის რეაგირებას. ასევე, ითხოვს განხორციელდეს რეალური დარიცხვა, რომ კომპანიამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება და თანხის გადახდა. აუდიტის დეპარტამენტის 22.01.2024 წლის №4614-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ შემმოწმებელ პირებთან, არ იქნა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილი სრულყოფილი სახით, რის გამოც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები (ოქმი №187899; №188237 და №188238).

გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები არ აქვს. შემოწმების პროცესში შესწავლილია საბანკო ამონაწერი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და ინვენტარიზაციის შედეგები.

ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად არის აღრიცხული გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილია შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულია შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად საცალოდ, ხოლო სასაქონლო ზედნადების გამოწერა ხდებოდა გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისას (აღნიშნულ სასაქონლო ჯგუფში შემოწმების შედეგად განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი არსებითად არ განსხვავდებოდა ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრული ფასნამატისგან), აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების პროცესში ვერ იქნა განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი და შემოწმება დაეყრდნო ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრულ ფასნამატს. ასევე, გაანგარიშებულია კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, განსაზღვრულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა, ჩათვლილია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე მიღებულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახურის მომჩივნის არგუმენტზე, რომ ვაჭრობდა მალფუჭებადი საქონლით და ხშირად უწევდა გაფუჭებული საქონლის გადაყრა, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილია შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულია შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ასევე, გაანგარიშებულია კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, განსაზღვრულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოქმედ დირექტორზე მიღებულ ხელფასად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №13045 ბრძანება და ამავე თარიღის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2023 წლის 2 და 20 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 5.10.2023 წლის №20546/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18075 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32962 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 145.