ბრძანება N 8022

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2025
№ დოკუმენტი 8022
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8022

29 აპრილი 2025

ბრძანება

სს „------- -ის ” (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2025 წლის 3 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 აპრილის სხდომაზე (ოქმი №29), განიხილა სს „-------- -ის ” (ს/ნ "-------") №94912/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №EL280291, №EL280296, №EL280297, №EL280302, №EL280304 და №EL280306 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ მართებულად მიაჩნია. სამართალდარღვევას ადგილი არ ექნებოდა ოპერატორს მეტი ყურადღება, რომ გამოეჩინა. მიაჩნია, რომ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირები არიან ტვირთის მეპატრონეები და სატრანსპორტო საშუალების მძღოლები. ამასთან უთითებს, რომ მომხდარი ფაქტი განპირობებული იყო არა წინასწარი შეცნობით, არამედ დაუდევრობით, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი არ მიდგომია. საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას წლების მანძილზე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს პატიებას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 17 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები №"-------" და №"-------", რომლებშიც განთავსებული შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") საქონელი (დაფნა) მოქცეული იყო საბაჟო საწყობის პროცედურაში (საქონლის საბაჟო დეკლარაცია №"-------" (15.03.2025)). საბაჟო გამშვები პუნქტი „------ ის “ მიერ სატრანსპორტო საშუალებებსა და მათში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №"-------" და №"-------" საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობები და დანიშნულების ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“.

2025 წლის 21 მარტს სს „-------- -ის “ წარმომადგენელმა საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №"-------" განცხადებით და აცნობა, რომ №"-------" სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო პროცედურის დასრულებამდე და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, აიხსნა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება და გადაიტვირთა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში №"-------", რომელიც გამოცხადდა სს „-------- - ის“ საბაჟო საწყობში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ №"-------" სატრანსპორტო საშუალებაზეც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის გადატვირთვა სს "-------"-ის საბაჟო საწყობში.

2025 წლის 26 მარტს გაფორმების ეკონომიკური ზონა „------- -ის “ უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის განკარგვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტები: №"-------" და №"-------".

სს „-------- -ის“ (ს/ნ "-------") მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურებისა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის სამართალდარღვევის ფაქტებზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლისა და 166-ე მუხლის პირველი ნაწილებით და 176-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთში“ 2025 წლის 27 მარტს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით №EL280291 (ჯარიმა 500 ლარი), №EL280296 (ჯარიმა 1000 ლარი), №EL280297 (ჯარიმა 6000 ლარი), №EL280302 (ჯარიმა 500 ლარი), №EL280304 (ჯარიმა 1000 ლარი) და №EL280306 (ჯარიმა 6000 ლარი) კომპანიას შეეფადა ჯარიმები ჯამში 15 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით,საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №2) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობის, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილების ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურების და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვას ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის ფაქტებს. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლისა და 170-ე მუხლის პირველი ნაწილებითა და 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სს „------- -ის” (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს პატიებას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა,რომ საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები,რომლებშიც განთავსებული შპს-ს საქონელი მოქცეული იყო საბაჟო საწყობის პროცედურაში.საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებსა და მათში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობები და დანიშნულების ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა.

მომჩივანის წარმომადგენელმა საბაჟო დეპარტამენტს მიმართა განცხადებით და აცნობა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო პროცედურის დასრულებამდე და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, აიხსნა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება და გადაიტვირთა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში,რომელიც გამოცხადდა მომჩივანის საბაჟო საწყობში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის გადატვირთვა მომჩივანის საბაჟო საწყობში.

გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის განკარგვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტები.

მომჩივანის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურებისა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის სამართალდარღვევის ფაქტებზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლისა და 166-ე მუხლის პირველი ნაწილებით და 176-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონში შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით კომპანიას შეეფადა ჯარიმები ჯამში 15 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

100,163,167,170,176.