განჩინება N 3ბ/2765-18
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3ბ/2765-18,330310017001906655
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ. კ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ----------
წარმომადგენელი - ----------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბატილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N156208 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9972 ბრძანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამემტის უფლებამოსილი პირების მიერ, 2017 წლის 6 თებერვლის 12 :35 საათზე, შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N156208, რომლის თანახმად, მოქალაქე ----------ს შეეფარდა სანქცია 500 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი: მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ 2017 წლის 6 თებერვალს 12 საათსა და 19 წუთზე გადამოწმდა ა/მ სახ. ნომრით ----------, დადგინდა, რომ ---------- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით, რაც ჯარიმდება სსკ-ის 273-ე მუხლით. ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი. სამართალდარღვევის ოქმი შედგა ზედნადების (0285159773) საფუძველზე. ოქმს თან ერთვის შესაბამისი ვიდეო მასალა (ტ.1.ს.ფ.91).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ---------მა წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა 2017 წლის 06 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის N156208 ბათილად ცნობა.
---------ის 2017 წლის 7 მარტის საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9972 ბრძანების თანახმად, ----------ის 2017 წლის 07 მარტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განიმარტა ბრძანების გასაჩივრების წესი და ვადა. ბრძანებაში აღინიშნა, რომ 2017 წლის 6 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----------, რა დროსაც დადგინდა, რომ ხდებოდა ----------ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ქონების ტრანსპორტირება, N0285159773 სასაქონლო ზედნადებით, აღნიშნული კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ --------- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნული დარღვევის გამო, მას შეუდგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N156208, რომლითაც იგი სსკ-ის 273-ე მუხლით დაჯარიმდა 500 ლარით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემების თანახმად, დადგინდა, რომ 2012-2017 წლების განმავლობაში ---------ის სამართალდარღვევის ოქმში მითითებული საქონლის მსგავსი ტიპის საქონლის ტრანსპორტირების არაერთი ფაქტი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით 2017 წლის 7 თებერვლიდან --------- რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასხადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი არ არებობს. სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 51-ე; 66-ე; 269-ე; 273-ე მუხლები, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების პირველი მუხლი (ტ.1. ს.ფ 14-15, 42-44).
საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ გაჩერებული იქნა შპს ---------ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით --------- რომელიც ახდენდა შპს --------ს საქონლის ტრანსპორტირებას შესაბმისი ზედნადების საფუძველზე (ტ.1.ს.ფ.93).
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 25 იანვრის Nელ-0285159773 სასაქონლო ზედნადების თანახმად, --------მა შპს ----------სგან შეიძინა საბურავი ---------- საქონლის რაოდენობა 4. 000, საქონლის ერთეული 88.000, საქონლის ფასი 352.000 ფასი. ასევე საბურავი ----------, საქონლის რაოდენობა 10.000, საქონლის ერთეული ფასი 49.000, საქონლის ფასი 490.000 ფასი (ტ.1.ს.ფ. 104).
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა: 1) 2014 წლის 27 აპრილის სასაქონლო ზედნადები Nელ-0112159446; „რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 1 ერთეული საბურავი; 2) 2016 წლის 26 სექტემბრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0263898151, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ---------მა შპს ----------სგან შეიძინა 4 ცალი ----------; 3) 2013 წლის 25 თებერვლის სასაქონლო ზედნადები Nელ-0053015585, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ---------მა შპს ----------სგან შეიძიენა 2 ერთეული R623; 4) 2017 წლის 07 მაისის სასაქონლო ზედნადების Nელ-0303585183, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ---------მა შპს ----------სგან შეიძიენა 4 ერთეული საბურავი; 5) 2016 წლის 19 აგვისტოს სასაქონლო ზედნადების ელ-0256531194, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ---------მა შპს ----------სგან შეიძინა -------- 5 ცალი; 6) 2012 წლის 11 მაისს სასაქონლო ზედნადები Nელ-0006596731, რომლის თანახმადაც მოსარჩელე --------მა შპს ----------სგან შეიძინა 1 ერთეული ----------; 7) 2013 წლის 4 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების Nელ-0092464389, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ---------მა შპს ----------სგან შეიძინა 1 ერთეული ---------; 8) 2014 წლის 23 დეკემბრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0151423999, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძნა 2 ერთეული საბურავი; 9) 2013 წლის 08 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0285551480, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 3 ერთეული საბურავი; 10) 2013 წლის 11 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0075600406, რომლის თანახმადაც მოსარჩეკე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 2 ერთეული pr 12 136j; 11) 2017 წლის 27 იანვრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0285551480, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 1 ერთეუილი ზეთის ფილტრი; 12) 2013 წლის 07 ივლისის სასაქონლო ზედნადები Nელ-0070598774, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 2-2 ერთეული ზეთი. 13) 2013 წლის 10 თებერვლის სასქონლო ზედნადები Nელ-005228961, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 5-5 ერთეული ზეთი და ზეთის ფილტრი; 14) 2012 წლის 20 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0025110874, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 2 ერთეუილი სამუხრუჭე ხუნდი 2 ერთეული ზეთის ფილტრი და 1 ერთეუილი ზეთი; 15) 2015 წლის 07 დეკემბრის სასაქონლო ზედნადები Nელ-0210445523, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ----------მა შპს ----------სგან შეიძინა 05 და 1ლ, 12 ერთეული აკრილის ლაქი, განმაზავებელი და განმშრობი (სულ 120 ლარის ღირებულების); 16) 2013 წლის 12 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები Nელ-0075720505, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ---------- მა შპს ----------სგან შეიძინა სხვადასხვა დასახებეის 11 ერთეული პროდუქცია, 211 ლარის ღირებულების (ტ.1.ს.ფ. 45-61)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევა უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გადამოწმებულ იქნა შპს ---------ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა სახ.ნომრით ----------. ამასთა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სამართალდამრღვევი საამართალდამრღვევის გამოვლენის ადგილზე არ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანის გადამოწმების დროს დარღვევა არ გამოვლინდა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საეჭვოდ მიიჩნია. 27.01.02.07 წლის N0285159773 ზედნადების თანახმად, შემძენ პირს წარმოადგენდა ----------. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან არ იკვეთება, რომელი კონკრეტული ქმედების საფუძველზე იქნა მიჩნეული ------------ სამართალდამრღვევად, თუმცა შენიშვნებისა და განმარტებების გრაფაში აღინიშნა: ოქმზე თანდართული ვიდეომასალა და N0285159773 სასაქონლო ზედნადები. ამდენად, ------------ის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველს წარმოადგენს N0285159773 სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ----------სგან შეიძინა 4 ერთეული საბურავი ----------, საქონლის ერთეული 88.000, საქონლის ფასი 352.000 ფასი. ასევე 10 ერთეული საბურავი -----------, საქონლის ერთეულის ფასი 49.000, საქონლის ფასი 490.000 ფასი, მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა - 842 ლარი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, საბურავები შეძენილი ოქნა სხვა ფიზიკური პირის დავალებით, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საგადსახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას არ ესწრებოდა დამრღვევი - მოსარჩელე ---------, ამასთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ ----------ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის გამოვლენის გზით, არამედ დადგენილ იქნა, მხოლოდ ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე. საგადასახადო ორგანო ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიერ 2012-2013-2014-2015-2016 წლების სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან შეძენილ მცირე ოდენობის საქონელზე, თუმცა ფაქტობრივად არ იქნა დადგენილი და გამოკვლეული აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაციები განხორციელებული იყო თუ არა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. კერძოდ, შეძენილი საქონელი რეალურად მიიღო თუ არა შემძენმა ----------მა და მიწოდების შემდგომ მოსარჩელემ განახორციელა თუ არა, როგორც შემსყიდველმა პირმა ეკონომიკური საქმიანობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის არსებობა დაადგინა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონდე გარემოებების გამოვლევა - დადგენის გარეშე და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ეკონომიკური საქმიანობა ახორციელებს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებს.
სასამართლოს მოსაზრებით მხოლოდ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვუთ, 2012-2013-2014-2015-2016 წლებში და 17.01.2017 წლის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან შეძენილი აქვს საქონელი არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება უნდა დადასტურდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ უნდა განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს მხრიდან ადგილი ჰქონდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე მხარეს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ შეუსწავლია და არსებითად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონდე ყველა გარემოება, სახელდობრ, არ იქნა დადგენილი რეალურად ჰქონდა თუ არა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ადგილი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნდა თუ არა --------ს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მოსარჩელის ქმედების მიზანი გახლდათ სამეწარმეო საქმიანობა თუ პირადი მოხმარება, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის შედეგად, უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასება ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმათა გათვალისწინებით და საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა/არარსებობის დადგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და მათი სამართლებრივი ურთიერთშეჯამების შედეგად დაასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წის 06 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N156208 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის ბრძანება გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დადგენა-გამოკვლევის, ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს და ამდენად, ბათილად უნდა ცნობილიყო ისინი მათი გამოცემის მომენტიდან.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები
აპელანტის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ 2012-2017 წლების განმავლობაში, ----------ის სახელზე გამოიწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც იგი პერიოდულად შეიძენდა მსგავსი სახის საქონელს, ძირითადად ავტომობილებისათვის განკუთვნილ პროდუქციას, როგორც არის ძრავის ზეთი, ჰაერის ფილტრი, საბურავები და ა.შ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული საქონლის შეძენა ხდებოდა დროის მოკლე ინტერვალში, რაც აპელანტის მოსაზრებით ეჭვქვეშ აყენებს პირადი მოხმარებისათვის შეძენის ფაქტს.
სსიპ შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ იმ რაოდენობისა და სახეობის საქონლის შეძენა, რაც წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებშია მითითებული და მისი ტრანსპორტირება ეკონომიკური საქმიანობის მიზნით ხორციელდებოდა და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პირადი მოხმარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობად. სააპელაციპ საჩივრის თანახმად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება ---------ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევიტ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩვრის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციპ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნტქის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „პ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსიტ დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია, დაბეგვრისგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისამ თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით და ფორმით. კერძოდ, პირმა უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება კი წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევა უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გადამოწმებულ იქნა შპს ---------ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა სახ. ნომრით --------. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სამართალდამრღვევი სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე არ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანის გადამოწმების დროს დარღვევა არ გამოვლინდა. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, N0285159773 ზედნადების თანახმად, შემძენ პირს წარმოადგენდა ---------. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან არ იკვეთება, რომელი კონკრეტული ქმედების საფუძველზე იქნა მიჩნეული --------- სამართალდამრღვევად, თუმცა შენიშვნებისა და განმარტებების გრაფაში აღნიშნულ იქნა ოქმზე თანადართული ვიდეომასალა და N0285159773 სასაქონლო ზედნადები. ამდენად, ---------ის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველს წარმოადგენს N0285159773 სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ----------სგან შეიძინა 4 ერთეული საბურავი --------, საქონლის ერთეული 88.000, საქონლის ფასი 352.000 ფასი. ასევე 10 ერთეული საბურავი ---------, საქონლის ერთეულის ფასი 49.000, საქონლის ფასი 490.000 ფასი, მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა - 842 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას არ ესწრებოდა დამრღვევი - მოსარჩელე --------. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ ----------ის მიერ ეკონომიკური საქმიანონის განმხორციელების ფაქტის გამოვლების გზით, არამედ დადგენილ იქნა, მხოლოდ ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე. საგადასახადო ორგანო ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიერ 2012-2013-2014-2015-2016 წლების სასაწონლო ზედნადებების საფუძველზე სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან შეძენილ მცირე ოდენობის საქონელზე, თუმცა ფაქტობრივად არ იქნა დადგენილი და გამოკვლეული აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითენული ოპერაციები განხორციელებული იყო თუ არა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. კერძოდ, შეძენილი საქონელი რეალურად მიიღო თუ არა შემძენმა ----------მა და მიწოდების შემდგომ მოსარჩელემ განახორციელა თუ არა, როგორც შემსყიდველმა პირმა, ეკონომიკური საქმიანობა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს ---------ის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, საბურავები შეიძინა სხვა ფიზიკური პირის დავალებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება კი აპელანტი ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების 2012-2013-2014-2015-2016 წლებში და 17.01.2017 წლის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან შეძენილი აქვს საქონელი, არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელების ფაქტს. აღნიშნული გარემოება უნდა დასტურდებოდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობისა და მათი სამართლებრივი შეფასების მეშვეობით, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სმართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს მოსარჩელემ პროდუქცია პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა თუ როგორც შემყიდველმა პირმა განახორციელა ეკონომიკური საქმიანობა მოგების მიღების მიზნით და ვერ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებას, მოსარჩელე არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მართლაც არ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუზლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა თუ არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ასევე აღსანიშნავია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტრერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციოპ საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში გამოთქმულ მოსაზღებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისდ, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემობებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
საპროცესო ხარჯები:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმდჯომარე გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე