ბრძანება N 27007

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2023
№ დოკუმენტი 27007
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27007

01 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა სს „----------“ (ს/ნ ----------) №169201/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №------------ და 20 სექტემბრის №------------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ----------- სადგურის უფროსის წერილის მიხედვით, ოქმში მითითებული №---------- ვაგონი, ტვირთი ----------, დაიტვირთა და გაფორმდა სადგურ “--------------" წლის 13 სექტემბერს, ტვირთგამგზავნ ------------“ მიერ, ------------ დანიშნულებით. ვაგონი გამოიგზავნა სადგურიდან, ტვირთგამგზავნის და საბაჟოს საღი დამღებით, 13 სექტემბერს 5სთ 50წთ-ზე, მატარებელი №3341-ით დაცვის თანხლებით.

სადგურ ------------ მატარებელი შევიდა 13 სექტემბერს 9:06 სთ-ზე. სადგურის კომერციული დათვალიერების პუნქტის თანამშრომლის მიერ, მატარებლის კომერციული შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა, რომ №-------- ვაგონის პირველ ჩამოსაცლელ ლუქზე შეწყვეტილი იყო გამომგზავნის დამღა ---------, მავთულხვია სტანდარტული. შედგა საერთო ფორმის აქტი №580633 და ასევე შედგა სამართალდარღვევის ოქმი. ვაგონს დაედო ---------- ---------და საბაჟოს ---------- დამღები. 13 სექტემბერს 17:20 სთ-ზე ვაგონი გაიგზავნა დანიშნულებით. ვაგონი ჩაჰბარდა ------------- 15 სექტემბერს 04:30 სთ-ზე. სადგურ ---------- საქონლის ვიზუალური დათვალიერებისას ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა.

კონტეინერი №--------- დაიტვირთა №-------- ვაგონზე 18 სექტემბერს „-------------“ საბაჟო ტერმინალზე კომერციულად გამართულ მდგომარეობაში, გადასაზიდ საბუთებში მითითებული საღი დამღით ----------. ვაგონი ჩაჰბარდა „----------“ თანამშრომელს, რის შემდგომ ვაგონი გაფორმებულ იქნა სადგურ ----------- დანიშნულებით და საკონტეინერო ბლოკ მატარებლის ფორმირების მოლოდინში იდგა სადგურ --------- „------“ პარკში „-------------“ თანამშრომლის დაცვის ქვეშ. 19 სექტემბერს სადგურ ფოთში საკონტეინერო ბლოკ მატარებლის შედგენისას, პარკის მორიგის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ კონტეინერის კარები იყო ღია მდგომარეობაში, რის შესახებაც ეცნობა პოლიციას, ასევე „-----------“, ტვირთგამგზავნსა და საბაჟოს.

კონტეინერი ვიზუალურად დათვალიერების შემდგომ დალუქულ იქნა სადგურ „----------“ დროებითი დამღით ---------. კონტეინერის კომისიურად დათვალიერების მიზნით ვაგონი მიწოდებულ იქნა „-----------“ საბაჟო ტერმინალზე და „--------------“ თანამშრომლის, ტვირთგამგზავნის, გეზ „--------“ მებაჟისა და ---------- თანამშრომლის თანდასწრებით კონტეინერი გადაიწონა „-----------“ ელექტრონულ სასწორზე, რომლის შედეგადაც დანაკლისი არ გამოვლენილა. ტვირთის ხარისხსა და რაოდენობაზე ტვირთგამგზავნს პრეტენზია არ წამოუყენებია.

ვაგონებში გარე პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და გადასაზიდი ტვირთის ხელშეუხებლობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება საკეტ-საპლომბი მოწყობილობა, რაც უნდა ზრუნველყოფდეს მისი მოხსნის შეუძლებლობას მთლიანობის დაურღვევლად და ვაგონში ან კონტეინერში უნებართვო შეღწევის შესაძლებლობას. საკეტ-საპლომბი მოწყობილობას ვაგონსა და კონტეინერზე მისი დამტვირთავი მხარე, ხოლო თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონი ან კონტეინერი გაიხსნა, მასზე ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო. მომჩივნის მოსაზრებით, გადაზიდვის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს, თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგსა და ბრალეულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიაჩნია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადაზიდვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ფაქტის გამო, რაც მისთვის ობიექტურად წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი და ხელმისაწვდომი. მისთვის ასევე გაუგებარია, რა სამართალდარღვევა ჩაიდინა სს „-------------“, რომელი საბაჟო პროცედურა დაირღვა მის მიერ ან კონკრეტულად რა ქმედება არ განახორციელა.

განსაკუთრებული შემთხვევებისა და გარემოებების გარდა, სს „---------------------“ ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი. რაზედაც ----------- შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს გახლავთ ტვირთის დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები, ისიც თითოეული შემთხვევისა და ფაქტის ინდივიდუალურად განხილვისა და შეფასების პირობებში, ხოლო დამღების დაზიანებები, ან მისი არასწორად დადება კონკრეტულ შემთხვევაში არ არის კომპანიის ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგი. შესაბამისად, მიჩნია, რომ არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, საბაჟო ორგანოს მიერ სს „----------------“ მიმართ სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ კანონი პასუხისმგებლობას ადგენს სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის და შესაბამისად სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებდეს განზრახ, რისი მტკიცების ტვირთი ცალსახად ფაქტის გამომვლენი ადმინისტრაციული ორგანოს მხარეს არის.

აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 181-ე მუხლებზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სს ----------- არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვს კომპანია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა:

1. 2023 წლის 13 სექტემბერს ---------- სადგურში შევიდა სს „---------“ შემადგენლობით ტრანზიტულად მოძრავი №95044210 ვაგონი, რომლითაც გადაადგილდებოდა №69604/V1032 ------------ ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი.

სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, -------- სადგურში გამოცხადდა ----------- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლის მიერ განხორციელებული შემოწმებით, აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ ვაგონზე ახსნილი იყო თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №--------- ვაგონში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, ------------ შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი – სს „-----------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2023 წელს, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, --------- --------- უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 სექტემბერს შედგენილ იქნა №------------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „------------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

2. 2023 წლის 20 სექტემბერს შპს „---------“ საბაჟო საწყობში გამოცხადდა №---------- კონტეინერი (ვაგონი ----------), რომელშიც განთავსებული იყო ---------- ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (№----------- 18.09.2023) ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი – 12 042 კგ ----------.

სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, საბაჟო საწყობში გამოცხადდა გეზ „-----------“ უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლის მიერ განხორციელებული შემოწმებით, აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე ახსნილი იყო თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- კონტეინერში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, ----------შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი – სს „---------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2023 წელს, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს შედგენილ იქნა №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „----------“ (ს/ნ -----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საქონლის მფლობელი არის საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი. საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების ან დაკარგვის თაობაზე და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შენობა-ნაგებობაზე დაზიანების კვალის ან სხვა დაზიანების აღმოჩენის შესახებ.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „-----------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული და იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტს.

მომჩივნის არგუმენტზე საგულისხმოა ის გარემოება, რომ „-----------“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს. აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის საბაჟო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას. ამასთან, ამავე შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად, გადამზიდავს უფლება აქვს შეამოწმოს, დაცულია თუ არა გამგზავნის მიერ გადაზიდვის პირობები და შეესაბამება თუ არა გზავნილი გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს. მე-20 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით კი, დასაპლომბად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც შეუძლებელია მათი დაზიანების გარეშე. პლომბები დადებული უნდა იქნეს ისე, რომ გამოირიცხოს ტვირთთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მათი დაზიანების გარეშე.

სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომოჩივანი ითხოვს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი მომჩივანს ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2023 წელს, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 სექტემბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

100(6,7);163(1,11);166(1,2);