საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/1290-21

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.11.2022
№ დოკუმენტი 3/1290-21
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/1290-21

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ნოემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი მაგდა ყვავაძე

მოსარჩელე - ნ.მ

წარმომადგენელი - ზ.გ.გ.ი

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ს.უ

მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - უ.მ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 გადაწყვეტილება;

1.2. დაევალოს მოპასუხეს ნ.მ-ს სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდია N-, --.---.---.--.---), შპს „--------’ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე - წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

2.2. მესამე პირის პოზიცია-სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, შპს „--------” ერიცხება საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------” ნებისმიერი სახის ქონების მიმართ 2013 წლის 31 დეკემბრის N006-34296 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შედარების აქტი, 01.01.2013წ.-დან 01.01.2014-მდე (ს.ფ.202)

-შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის N006-34296 შეტყობინება „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ (ს.ფ.139)

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით – ნ.მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.მ ცნობილ იქნა უძრავი ქონების-მდებარე: ქ. თბილისი, საერთო ფართით 49,63 კვ.მ. და 11,53 კვ.მ. საზაფხულო ფართი, საკადასტრო კოდი --.--.--.---.--- მესაკუთრედ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნ.მ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 11 იანვარს.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 იანვრის N----------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.18-25)

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 იანვრის N------------- გადაწყვეტილება (ს.ფ.177)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 178-179)

 

3.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის (საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ) თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, საკადასტრო კოდი: --.--.--.---.---, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრის მონაცემებით საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ (ს.ფ.27)

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 წერილით მოსარჩელე ნ.მ-ს მოთხოვნა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 წერილი (ს.ფ.15)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი --.--.--.---.----.--.---), შპს „-------” საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან მიმართებით უნდა შემოწმდეს.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო დავალიანება გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა. ამავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე)საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

 

სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე, რომლითაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ხოლო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად უქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი ყველა სანივთო უფლება, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებები ძალაში რჩება.

 

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძვლებს აწესებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რომლის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება: ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში; დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება; ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ფ/პ ნ.მ-ს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა 03.02.2021 წლის N21095/21-05 განცხადება, მის უძრავ ქონებაზე შპს „--------” საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანომ მიუთითა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებით განსაზღვრულ შესაძლებლობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ასეთი უფლებამოსილება, ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან შემოსავლების სამსახურის უფროსს ანიჭებს უფლებამოსილებას ამავე მუხლით გათვალისწინებული საგადასაახადო დავალიანების გადახდევინები უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები გააუქმოს. როგორც საკანონმდებლო დანაწესი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა აღნიშნული პრინციპი არ გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოთა მოქმედებების უკონტროლობას და მის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვის შესაძლებლობას ამ შემთხვევაშიც კი.

 

სასამართლო, სარჩელის პირობებში, ვალდებულია შეამოწმოს არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, მოხდა თუ არა გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობა, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობა, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევა, რამაც მოსარჩელესთან მიმართებაში განაპირობა გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება. სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს გადაწყვეტილების ამ უკანასკნელ პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

 

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით სასამართლო ასევე აღნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმეზე ბს-763-(კ- 20), რომლის მიხედვითაც საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კომპონენტების მიხედვით დანარჩენ ქულათა შეფასებისას სასამართლოს კომპეტენციის გამორიცხვის თაობაზე. მართალია კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეთავსება, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაში შეჭრა, თუმცა დისკრეციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. ხს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.02.2013წ. #ბს-448-443(კ-12) განჩინება). „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. Nბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. Nბს-342-331(კ-10), ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). ამასთან, სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასებისას ყველა გარემოება არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ცალკეულ კომპონენტთა შეფასებისას სასამართლო კონტროლის ფარგლების განსაზღვრისას საგულისხმოა, რომ განათლების კომპონენტის მსგავსად ობიექტურ ფაქტობრივ მოცემულობას უნდა ეფუძნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში დისკრეციული ველის შეზღუდვის, სასამართლო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას გარკვეულწილად იძლევა შეფასებისას არსებული კრიტერიუმების ხასიათი და საქმეზე წარმოდგენილი შეფასების ფორმები, სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება კი შესაძლებელი უნდა იყოს მისი დასაბუთებიდან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნისა განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელობა.

 

„კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ლი ნაწ.), თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53.4 მუხ.). აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის, დასაბუთების არარსებობა არის აქტის გაუქმების საფუძველი (სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისად იქნეს მიჩნეული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების სასამართლოსათვის წარდგენა). ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, რაც ავალდებულებს მას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ხსენებული ზრდის აქტის ხარისხს. წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით დასაბუთების მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჯანსაღი გამოვლინებაა. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

 

ამდენად, დისკრეციულ სფეროში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კონტროლის მიზანს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას.

 

სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ნ.მ 2008 წლის 11 მარტის „უძრავო ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით” შპს „------ -გან” შეიძინა ქ. თბილისში, ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში საცხოვრებელი ფართი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ.მ-ს მიერ შპს „-------” სასარგებლოდ სრულად იქნა გადახდილი ხელშეკრულების საგნის ღირებულება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის (საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ) თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, საკადასტრო კოდი: --,--.--.---.---, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრის მონაცემებით საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით ნ.მ ცნობილ იქნა უძრავი ქონების-მდებარე: ქ. თბილისი, საერთო ფართით 49,63 კვ.მ. და 11,53 კვ.მ. საზაფხულო ფართი, საკადასტრო კოდი --.--.--.---.--- მესაკუთრედ.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა დასაბუთებული ამ უფლებამოსილების გამოყენებისას საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა რა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება საკითხი გადაწყვეტილ იქნა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შესწავლის და შეფასების გარეშე. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აპელირებს იდენტურ გარემოებებში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მიდგომებზე, სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივ გარემოებების შესწავლის საფუძველზე უნდა დაასაბუთოს საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა, რამ განაპირობა მოსარჩელესთან მიმართებაში შეზღუდვის დაწესება, განსხვავებული მიდგომა, იმისათვის, რომ ეს შეზღუდვა გაუმართლებლად არ იქნეს შეფასებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიგვიყვანდა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევამდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

6.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის, მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანიზმიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. სასამართლო მიუთითებს ფ/პ ნ.მ-ს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 03.02.2021 წლის N21095/21-05 განცხადებაზე, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა მის უძრავ ქონებაზე შპს „-----” საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238- ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან შემოსავლების სამსახურის უფროსს ანიჭებს უფლებამოსილებას ამავე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები გააუქმოს. მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 წერილით მოსარჩელე ნ.მ-ს მოთხოვნა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილებას კანონმდებლობა ანიჭებს შემოსავლების სამსახურის უფროსს, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მიერ საკითხის გადაწყვეტა სცდება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს და ქმნის ამ წერილის ბათილად ცნობის საფუძველს. აღნიშნული საკითხზე შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციული წერილის გაგზავნით და არა საკითხის გადაწყვეტით.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასევე წინააღმდეგობაშია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის დანაწესებთან და ქმნის მისი ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, ნ.მ-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში ნ.მ-ს სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია N--.--.--.---.---.--.---, შპს „------” საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, 22-ე, 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ.მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 თებერვლის N21-17/20205 გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში;

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელე ნ.მ-ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე

მერი გულუაშვილი