გადაწყვეტილება №18961/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18961/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 24.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18961/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №047-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1908 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 65 058,27 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 38 284
ჯარიმა - 10 955,65
საურავი - 15 818,62
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით, 2019 წლიდან ტენდერების საფუძველზე შეაქვს გაყინული საქონლის ხორცი და სხვადასხვა პროდუქტები (შაქარი, ზეთი, მანი, ჩაი, ბრინჯი, ფქვილი და ა.შ) ----------ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და ----------ის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
მომჩივანი გადამხდელად რეგისტრირებულია 3.10.2006 წელს. გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მას აქვს საკუთარი ფერმა და საბავშვო ბაღებში შეაქვს თავისი ფერმის საქონლის ხორცი. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 7.01.2021 წელს, რადგან გადასახადის გადამხდელის გაანგარიშებით მისმა დასაბეგრმა ბრუნვამ მიაღწია 100 000 ლარს. გადამხდელი საქონლის ხორცის რეალიზაციას მიიჩნევს ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციად. 2021 წელს გადამხდელის მიერ მოგებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, აქედან გამომდინარე 1.02.2022 წელს გადასახადის გადამხდელმა გაიუქმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. მეწარმის მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაოზე გადაყვანა ხდება ოჯახის კუთვნილი ავტომობილით, სადაც იკვლება და სუფთავდება. აღნიშნულ პროდუქციაზე გამოიწერება ფორმა №2. შემდგომში საქონლის ხორცი გადააქვთ ----------ში, სადაც სპეციალურ მოწყობილ დასარბილებელ ოთახში ხდება ხორცის დამუშავება, აწონვა, დაფასოება და გაყინვა. გაყინვას ახორციელებენ -----------ს ფირმის საყინულე მაცივრებში, ტენდერის მოთხოვნის შესაბამისად ხორცი იყინება -18 გრადუს ტემპერატურაზე. გაყინული ხორცის შენახვის მაქსიმალური ვადა გაყინვიდან 14 დღეა. შემდეგში აღნიშნული გაყინული ხორცის რეალიზაცია ხდება საბავშვო ბაღებზე. ----------ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან და ----------ის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ი/მ „----------“ შესახებ. მათ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლიდან სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ მისცა მითითება, რომ შემოტანილი ხორცის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს და უნდა მომხდარიყო ხორცის შემოტანა ყოველ 3 დღეში ან აღნიშნული პროდუქტი ჩაენაცვლებინათ გაყინული ხორცით, რომლის შენახვის ვადა იზრდებოდა 2 კვირამდე. 2019 წლიდან სატენდერო ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული საქონლის ხორცის შეტანა უნდა მომხდარიყო გაყინულ მდგომარეობაში. მეორე მხარისგან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, სატენდერო პირობები სრულად იყო დაცული. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით 0202 კოდი განიმარტება შემდეგნაირად - ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული. შესაბამისად, გაყინული საქონლის ხორცი გადის სეს ესნ-ის 0202 კოდში და მისი მიწოდება არ ჩაითვლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 157-ე, 161-ე მუხლების და 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ქ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით ი/მ „----------“ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 25 მარტი. მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №047-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1908 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ქ’’ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ფ’’ ქვეპუნქტზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ზემოაღნიშნულ 2019 წლიდან დადებულ სატენდერო ხელშეკრულებების აუცილებელ პირობად არ ფიქსირდება -18 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე გაყინული საქონლის ხორცის მიწოდების ვალდებულება. არც მათთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში და არც მათთვის გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. არსად არ ფიქსირდება საქონლის ხორცის გაყინვის ფაქტი. ი/მ „----------“ 2019 წელში საერთოდ არ გააჩნდა მისაწოდებელი საქონლის ხორცის -18 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე გაყინვისთვის საჭირო დანადგარები. მხოლოდ მეორე მხარის ახსნაგანმარტების (რომლის შინაარსიც უცნობია) საფუძველზე საქონლის ხორცის -18 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე გაყინვის აღიარება, თან იმ დროს, როდესაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგილი არ იყო 2019 წელს არცერთ ზემოაღნიშნულ მხარესთან. შესაბამისად, მათი მხრიდან საქონლის ხორცის ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყოს არსებობაც 2019 წელს დიდ ეჭვს იწვევს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საკმარისი არ უნდა იყოს მხოლოდ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება.
ასევე გაუგებარია, თუ რატომ უთანაბრდება საკუთარი ფერმის საქონლის ხორცის (თუნდაც რომ გაყინულიყო -18 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე) მიწოდება იმპორტირებულ გაყინულ საქონლის ხორცის მიწოდებას, ხომ ცხადია, რომ გაყინვის ტექნოლოგიური პროცესი სრულიად განსხვავებულ აღჭურვილობასა და დანახარჯებს მოითხოვს. ამასთან, გაუგებარია ყოველგვარი ტექნოლოგიური პროცესის გარეშე, მხოლოდ საქონლის ხორცის მაცივარში შენახვა რატომ უნდა იწვევდეს საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის ცვლილებას. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის (ხანდაზმულობის ვადა) მე-5 პუნქტის თანახმად: „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. სამწუხაროდ, საგადასახადო შემოწმებამ გარდა ზემოაღნიშნული სადავო საკითხის ფაქტიურად არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებისა, მიუხედავად შესამოწმებელი პერიოდის კანონითა და ბრძანებით განსაზღვრისა, შეამოწმა 2018 წელიც (ხანდაზმული პერიოდი) და 2018 წლის დოკუმენტაციის გათვალისწინებით დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად მიიჩნია 25.03.2019 წელი. სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მომჩივნის არგუმენტაცია მიიჩნია დაუსაბუთებლად და ძალაში დატოვა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ფ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00– 0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 1.01.2019 წლამდე პერიოდის შემოწმება არ მომხდარა. შემოწმებისას დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების ანალიზი (მათ შორის 1.01.2018 წლიდან მოხდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი) და მასზე დაყრდნობით განხორციელდა შედეგების გაანგარიშება შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდისათვის.
საბჭო განმარტავს, რომ პირის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის და ამ ვალდებულების წარმოშობის მომენტის დადგენა მთელი რიგი საკითხების კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს და საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო შემოწმებით.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდის (2018 წლის) შემოწმება არ მომხდარა, შემოწმებისას დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების ანალიზი (მათ შორის 1.01.2018 წლიდან მოხდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი) და მასზე დაყრდნობით განხორციელდა შედეგების გაანგარიშება შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდისათვის.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გარკვეული მოქმედების განხორციელების (მათ შორის, საგადასახადო შემოწმების) უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით არის გათვალისწინებული. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. შესაბამისად, სადავო შემოწმების ფარგლებში 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება ვერ განხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) ათვლა უნდა განხორციელდეს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (1.01.2019 წლიდან).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1908 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დამატებით დასარიცხი დღგ-ის გამოანგარიშება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 1.01.2019 წლამდე პერიოდის შემოწმება არ მომხდარა. შემოწმებისას დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების ანალიზი (მათ შორის 1.01.2018 წლიდან მოხდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი) და მასზე დაყრდნობით განხორციელდა შედეგების გაანგარიშება შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდისათვის. პირის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის და ამ ვალდებულების წარმოშობის მომენტის დადგენა მთელი რიგი საკითხების კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს და საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო შემოწმებით.
2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდის (2018 წლის) შემოწმება არ მომხდარა, შემოწმებისას დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების ანალიზი (მათ შორის 1.01.2018 წლიდან მოხდა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი) და მასზე დაყრდნობით განხორციელდა შედეგების გაანგარიშება შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდისათვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) ათვლა უნდა განხორციელდეს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (1.01.2019 წლიდან).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 172(4„ფ“); 282.
(2021 წლამდე მოქმედი): 157(1); 160(1); 161(1); 168(1, 4„ქ“); 171(1).