დასაბეგრი ოპერაციის თანხა N 1169

1169 დასაბეგრი ოპერაციის თანხა - (ძალადაკარგული) 20.02.2012
№ დოკუმენტი 1169
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დასაბეგრი ოპერაციის თანხა N 1169

ფაქტობრივი გარემოებები

· საცალო ქსელის ობიექტმა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, 25 მაისს განახორციელა დასაბეგრი ოპერაცია, რომლის ჩათვლით მის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს

· პირმა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 20 ივლისს

· რეგისტრაციის შემდგომ, პირმა დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა) განახორციელა იმავე საცალო საბაზრო ფასით, რა ფასადაც ახდენდა რეალიზაციას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის პერიოდამდე. შესაბამისად, საკომპენსაციო თანხა არ გაუზრდია დღგ-ის თანხით

შეფასება

· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე

· პირს, რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება იმ ოპერაციით, რომლითაც გადააჭარბა 100 000 ლარს და ყველა შემდგომი დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით ეკისრება დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება

· მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა იმავე საბაზრო ფასით, რა ფასადაც რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის პერიოდამდე, დღგ-ის თანხის განსაზღვრის მიზნით ითვლება, რომ საკომპენსაციო თანხა მოიცავს დღგ-საც

ღონისძიებები

· პირს დაეკისრება ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

ჯარიმა და კუთვნილი გადასახადები გამოიანგარიშება კოდექსით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით