ბრძანება N 23596

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.11.2024
№ დოკუმენტი 23596
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23596

05 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 21 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ოქტომბრის და პირველი ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №108 და №117) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 სექტემბრის №23367/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული -------- (პ/ნ ---------) №83132/21 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9279 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, პლასტმასის სათამაშოები რეალურად არ წარმოადგენს ცალკე საქონელს და ის არის საკონდიტრო ნაწარმის შემადგენელი ნაწილი - მისი შეფუთვა. საკონდიტრო ნაწარმი მარკეტინგული მიზნით შეფუთულია სათამაშოს ფორმის პლასტმასის შეფუთვაში, რაც არ უნდა იქნას განხილული როგორც დამოუკიდებელი ფუნქცია/დანიშნულების მქონე საქონელი. მომჩივანი მიუთითებს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე: „ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დებულებების შესაბამისად, საქონელთან ერთად წარმოდგენილი შესაფუთი მასალები ან შესაფუთი კონტეინერები, კლასიფიცირებული უნდა იქნენ ერთობლივად, თუ მათ აქვთ ისეთი სახე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ასეთი საქონლის შესაფუთად. თუმცა, ამ დებულების გამოყენება არ არის სავალდებულო, თუკი სავსებით ცხადია, რომ ასეთი შესაფუთი მასალები ან შესაფუთი კონტეინერები ვარგისია განმეორებით გამოყენებისთვის“. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფუთი მასალის - სათამაშოს ფორმის პლასტმასის შეფუთვის განმეორებით გამოყენება შეუძლებელია და ამდენად, საკონდიტრო ნაწარმის და მისი შესაფუთი მასალის კლასიფიცირება უნდა მოხდეს ერთად.

როგორც აღინიშნა, საქონელი, რომლის მალულად შემოტანისთვისაც დაჯარიმდა, წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის შეფუთვას, რომელსაც გააჩნია სათამაშოს ფორმა და შიგნით არის მოთავსებული საკონდიტრო ნაწარმი. მიუხედავად იმისა, რომ საკონდიტრო ნაწარმის მალულად შემოტანისთვის დაჯარიმდა და პირიქით, საბაჟო ორგანომ საკონდიტრო ნაწარმი წარდგენილად მიიჩნია, გაუგებარია, თუ რა ხერხით შეძლო მან საქონლის გარე შეფუთვის მალულად შემოტანა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ სათამაშოს ფორმის შეფუთვა წარმოადგენს ცალკე/დამოუკიდებელ საქონელს, მისი შემოტანა მალულად თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მისი შიგთავსი - საკონდიტრო ნაწარმი საბაჟო ორგანს წარედგინა იმავე ფორმით, როგორითაც ის იყო ქარხნულად დაფასოებული, ანუ საბაჟო ორგანოს მიერ მალულად შემოტანილად მიჩნეულ საქონელთან ერთად, რაც გამორიცხავს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ ქმედების არსებობას. ამდენად მომჩივანს მიაჩნია, რომ პლასტმასის სათამაშოების ნაწილში დაკისრებული სანქცია არის უკანონო.

----------- საკონდიტრო ნაწარმის შეძენის მიზნით მიდიოდა ქალაქ --------. ---------- დაახვედრეს მას ტვირთი, რომელიც უნდა ჩაეტანა ----------. ---------- მას არ დახვდა ადგილზე მიმღები და ვერ გადასცა ეს ტვირთი. მას შემდეგ, რაც დატვირთა საქართველოში წასაღები საქონელი - საკონდიტრო ნაწარმი და გაიარა საბაჟო პროცედურები, მას ბუნებრივია დაულუქეს ავტომანქანა, რის გამოც ვეღარ მოახერხა --------- დასატოვებელი საქონლის ჩამოტვირთვა. ამიტომ გადაწყვიტა საქართველოში ჩასვლისას დაესაწყობებინა ეს საქონელი და შემდეგ წასვლაზე წაეღო უკან. თუმცა, საქართველოს საზღვრის კვეთისას, მებაჟეებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში მომჩივანმა საზღვარი გადმოკვეთა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქონელი წარუდგინა საბაჟო ორგანოს, რაც მომჩივნის მოსაზრებით გამორიცხავს შესაფასებელი ქმედების დაკვალიფიცირებას, როგორც - საქონლის მალულად შემოტანა. მალულად საქონლის შემოტანა თეორიულადაც კი შეუძლებელია მიესადაგოს ჩადენილ ქმედებას, რადგან საქონელი განთავსებული იყო ავტომანქანის იმავე სატვირთო ნაწილში, სადაც იყო საკონდიტრო ნაწარმი. ბუნებრივია, რომ ერთ სათავსოში განთავსებული რამდენიმე სახეობის საქონლიდან, მხოლოდ ერთს ვერ წარუდგენდა საბაჟო ორგანოს კონტროლის მიზნებისთვის. ავტომანქანაში არანაირი სამალავი არ ყოფილა მოწყობილი და საქონელი იყო ხილულად განთავსებული და არანაირი მცდელობა საქონლის დამალვის არ ყოფილა. მომჩივანი მიუთითებს, რომ საბაჟო სამართალდარღვევისთვის ჩადენისთვის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს სადავო აქტით დაკისრებული სანქციისგან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრის მიხედვით, მომჩივანმა 25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასქონლო კოდის განსაზღვის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით. საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა არა ორი სხვადასხვა სასაქონლო კოდი, არამედ ერთი კოდი - --------. მითითებული გარემოება სრულიად ცვლის საქმის არსს, რადგან ერთადერთი პრეტენზია, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება საბაჟო ორგანოს შესაძლოა ქონოდა, არის სასაქონლო კოდის სისწორე, რაც ვერ დაკვალიფიცირდება საქონლის მალულად შემოტანად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სახ. №---------), რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირსა და რომლით გადაადგილებული საქონლის მიმღებსაც წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე -------- (ინდმეწარმე „---------“, ს/ნ ---------). ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების (მ.შ. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი №----------) მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო

ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).

შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მიხედვით, სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდებოდა „შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (------ შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს:“

საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის დათვალიერებით და სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებით (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა №-----------, 03.10.2023)) გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:

– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „-----------“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „-----------“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;

– ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);

– საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);

– პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).

იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად.

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №----------- წერილით ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2024 წლის 28 მარტის №---------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №--------- საქმეზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტს გამოტანილი განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის.

დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის ფიზიკურ პირ ---------- (ინდივიდუალური მეწარმე „---------“, ს/ნ---------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 22 აპრილს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №9279 ბრძანება, რომლითაც ---------- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 25 302.52 ლარის ოდენობით.

დასახელებული საქონელი (გარდა აქციზური საქონლისა) 2024 წლის 25 აპრილს №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №---------- (03.10.2023) დასკვნის მიხედვით, ამავე დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით, და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის №13857 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 18 სექტემბრის №23367/2/2024 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 28 ივნისის №--------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთი, კერძოდ:

– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „---------“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „----------“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;

- ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);

- საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);

- პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).

ამდენად, ზოგადი დეკლარირებისას საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ საქონელზე (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).

მომჩივანმა 25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, რის შემდგომაც, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება.

საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ვინაიდან ისინი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილების შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი სათანადოდ არ არის გამოკვლეული, რის გამოც გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის №13857 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. საბაჟო ფორმალობა კი არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.

დადგენილია, რომ მომჩივანმა 25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასაქონლო კოდის განსაზღრვის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, რის შემდგომაც, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------- (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV

კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს სადავო აქტით დაკისრებული სანქციისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირსა და რომლით გადაადგილებული საქონლის მიმღებსაც წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე. ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი.

სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდებოდა „შაქრის საკონდიტრო ნაწარმი. ექსპერტიზის დასკვნით გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი.

იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი, დანარჩენი საქონელი ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

მე-5(2);6;13;163(1);168(1).