გადაწყვეტილება №20461/2/202
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20461/2/202
03 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 2.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20461/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩათვლის შემცირება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ოპერაციების ფიქტიურობის და დოკუმენტების სიყალბის გამო;
2. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის №074-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16909 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 290 840 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 121 857
დღგ - 102 729
საშემოსავლო გადასახადი - 19 128
ჯარიმა - 156 601
საურავი - 12 382
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა (საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სუვენირები და სხვა).
აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 24.11.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის №074-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16909 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩათვლის შემცირება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ოპერაციების ფიქტიურობის და დოკუმენტების სიყალბის გამო
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მომჩივანს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში გათვალისწინებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 7 230,5 ლარი, 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 1 433,89 ლარი, 2021 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში გათვალისწინებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 1 520,08 ლარი, 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 3 889,83 ლარი, 2022 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში - საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 3 500,85 ლარი, 2022 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაში - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა---------- და ეა---------- დღგ-ის თანხით 5 965,93 ლარი, 2022 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში - საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 5 575,9 ლარი, აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 3 474,16 ლარი, მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა----------, ეა---------- და ეა---------- დღგის თანხით სულ 6 106,57 ლარი, ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშფაქტურები: ეა---------- და ეა---------- დღგ-ის თანხით სულ 5 796,62 ლარი, ხოლო ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 4 425,26 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა ასახული დღგ-ის ჩათვლებში და შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა. ასევე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
ასევე დგინდება, რომ შპს „----------“, შპს „----------“ და შპს „----------“ მიერ მომჩივნისთვის გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. შესაბამისად, ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელებისთვის, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხების 200 პროცენტის ოდენობით.
აღნიშნული ჯარიმა არ გავრცელდა შპს „----------“ მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე: ეა----------, ეა----------, ეა---------- და ეა----------, რადგან მეწარმეს, 2021 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებზე, დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელ თანხებში არ ჰქონდა ასახული აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება მომჩივნის მიერ შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში, კერძოდ, ეა----------, ეა---------- და ეა----------, დაფიქსირებული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად (შემოწმების მიმდინარეობისას დადგენილი გარემოებები) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „----------“ (ს/კ ----------), შპს „----------“ (ს/კ ----------) და შპს „----------“ (ს/კ ----------) მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. იმის გამო, რომ შემმოწმებელმა დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები ცალსახად მიუთითებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაყალბების ფაქტს, ცალსახად გაითვალისწინა და არ გადაამოწმა მასალების სისწორე.
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მომჩივნის მიერ შპს „----------“ (ს/კ ----------), შპს „----------“ (ს/კ ----------) და შპს „----------“ (ს/კ ----------) გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური და საგადასახადო ანგარიშფაქტურები არის ყალბი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი ასახავს რეალურ სამეურნეო ოპერაციებს. ამდენად, ობიექტური შემოწმების შედეგად არ დაეკისრებოდა შეუსაბამოდ დიდი გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საბჭო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით შეძენილი აქვს 398 237 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი, მათ შორის 2020 წელს - 8 427 ლარის ღირებულების, 2021 წელს 146 928 ლარის ღირებულების, ხოლო 1.01.2022 წლიდან 5.12.2022 წლის ჩათვლით 242 882 ლარის ღირებულების.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება, რომ აქედან 364 920 ლარის ღირებულების საქონელი შეძენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, თუმცა აღნიშნულ მასალებში, მათ შორის მომჩივნის გამოკითხვის ოქმში, ასევე მითითებულია, რომ რეალურად საქონლის შეძენა მოხდა უსაბუთოდ (---------- ტერიტორიაზე), ხოლო დღგ-ის აქტივის შესაქმნელად მასზე გამოიწერა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30510 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის კუთვნილ ობიექტზე (ფაქტობრივი მისამართი: ----------) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. 5.12.2022 წლის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი შეადგენდა საბაზრო ღირებულებით 29 676 ლარს. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად მოხდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დაყოფა, ხოლო სასაქონლო ზედნადებებისა და ინვენტარიზაციის მასალების გამოყენებით, საქონლის ჯგუფებზე - ფასნამატის გაანგარიშება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში გამოიწვია საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვა. ასევე, მეწარმე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს, საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი საქონელი არ შეიძლება დაიბეგროს. გარდა ამისა, ---------- ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენისას შეუძლებელია შესაბამისი დოკუმენტების მოპოვება.
შემმოწმებელს შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატი აქვს გათვალისწინებული მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე ახსნა-განმარტება აქვს მიცემული.
აღნიშნული ფაქტების გადამოწმების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება. 20.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ საქმეზეა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად გამორიცხავს მომჩივნის კომერციული საქმიანობის შედეგად ამხელა დავალიანების არსებობას.
ითხოვს, გამოთხოვილ იქნას სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელახლა ჩატარდეს შემოწმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით შეძენილი აქვს 398 237 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება, რომ აქედან 364 920 ლარის ღირებულების საქონელი შეძენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, თუმცა აღნიშნულ მასალებში, მათ შორის მომჩივნის გამოკითხვის ოქმში, ასევე მითითებულია, რომ რეალურად საქონლის შეძენა მოხდა უსაბუთოდ (---------- ტერიტორიაზე), ხოლო დღგ-ის აქტივის შესაქმნელად მასზე გამოიწერა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30510 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. 5.12.2022 წლის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი შეადგენდა საბაზრო ღირებულებით 29 676 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საბჭო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩათვლის შემცირება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ოპერაციების ფიქტიურობის და დოკუმენტების სიყალბის გამო;
2. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ს ნაშთი 29 676 ლარის საბაზრო ღირებულებით. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ მისი შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განხორციელდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დაყოფა, ხოლო სასაქონლო ზედნადებებისა და ინვენტარიზაციის მასალების გამოყენებით, საქონლის ჯგუფებზე - ფასნამატის გაანგარიშება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების, ასევე, წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების მიერ გამოქვითვებში გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების ღირებულება, ხოლო იმ სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენაზე, რომლის შესყიდვის პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, ხარჯების დათვლა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სიტუაციური სახელმძღვანელო N0256 გათვალისწინებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. საბჭო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. საბჭო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159(1„ა“ „ბ“); 163(1,2); 178(1); 275; 280(1); 282(3).