გადაწყვეტილება №22789/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.07.2024
№ დოკუმენტი 22789/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22789/2/2024

17 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ს 5.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22789/2/2024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.03.2024 წლის №CB1597429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.03.2024 წლის №CB1597430 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7458 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 406,6 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 34 857,41 (286,9)

ჯარიმა - 6 549,19 (286,4)

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.03.2022 წელს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №1909 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 13 098,37 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 289 778,09 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ფასნამატი 20,29 %) – 348 574,06 ლარი. გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, მომჩივანს №CB1597430 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გთვალისწინებული სანქცია (34857,41 ლარი), ხოლო №CB1597429 ოქმით აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე–4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 6 549,19 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ორივე ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7458 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებზე.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სერთიფიკატის საფუძველზე მონიჭებული მაქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული, კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სტანდარტული 20%-ის საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად იხდის მხოლოდ 1%- ს. საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. ამავე ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში ყოველთვიურად იხდიდა საშემოსავლო გადასახადის 1%-ს, რაც იმპერატიულად არის გაწერილი კანონში, გადასახადების გადახდა ხორციელდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ბუნებრივია ასახული იქნება შემოსავლების სამსახურის ბაზაში, რომლის ყოველწუთერი კონტროლის მექანიზმი აქვს როგორც საგადასახდო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ დაცულია კანონში მოცემული ყველა პირობა. შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდს იყენებდა დეკლარირების მიზნით. მცირე ბიზნესი გადასახადით იბეგრება შემოსავლიდან, ხარჯების გამოქვითის გარეშე და შესაბამისად არ ესაჭიროებოდა ბუღალტერიის წარმოება და სწორედ ეს იყო მცირე ბიზნესის გადამხდელად დადგომის გადაწყვეტილება. კეთილსინდისიერად რეალიზაციას ახორციელებდა საკონტროლო სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის საშუალებით და დეკლარირებაც ხდებოდა ამ მონაცემების შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება აღნიშნულ ჯარიმას. შესაბამისად დავის განმხილველმა ორგანომ საჩივარი უნდა დააკმაყოფილოს. არ ფლობდა ინფორმაციას თუ ბუღალტერია უნდა ეწარმოებინა, ეკონტროლებინა ელექტრონული გვერდი, მცირე მეწარმის სტატუსიც სწორედ ამ მიზნით აირჩია, რადგან კვალიფიციური თანამშრომლის დაქირავება მოითხოვდა საკმაოდ დიდ ხარჯს, რომლის საშუალებაც არ ჰქონდა და აზრიც არ ექნებოდა მის საქმიანობას. პროდუქციასაც უმეტესად მიზერულ მოგების ფასნამატს ადებდა, ვინაიდან ძლიერი კონკურენცია არსებობს აღნიშნულ სფეროში და მომჩივნისთვის მცირე ობიექტს სერიოზულ ზიანს აყენებს. რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს სრულად აფიქსირებდა და კეთილსინდისიერად ადეკლარირებდა შესაბამის ვადაში და იხდიდა საშემოსავლო გადასახადს. მსგავსი ინფორმაცია რომ სცოდნოდა არც დაიწყებდა ეკონომიურ საქმიანობას. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოთ მოყვანილი ყველა გარემოება და დაკმაყოფილდეს საჩივარი. ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7458 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.03.2022 წელს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №1909 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 13 098,37 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 289 778,09 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ფასნამატი 20,29 %) – 348 574,06 ლარი. გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, მომჩივანს №CB1597430 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გთვალისწინებული სანქცია (34857,41 ლარი), ხოლო №CB1597429 ოქმით აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე–4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 6 549,19 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (11); 286 (4, 9).