გადაწყვეტილება №25191/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2025
№ დოკუმენტი 25191/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25191/2/2025

04 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 19.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 31.03.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.04.2025 წლის N 8113 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 460 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

გადასახადის გადამხდელს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე საქმიანობისათვის, მომსახურების დეპარტამენტის 31.03.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 460 ლარის ოდენობით.

ხსენებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.04.2025 წლის N 8113 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 269-ე, 270-ე, 276-ე მუხლებზე, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 04 ივნისი 2025 N 03/41134 2 მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს სადავო ოქმში აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე და მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა მომჩივნის მიერ ჩატარებული წამახალისებელი გათამაშების (ნებართვის N -----) სანებართვო პირობების შემოწმება, რის შედეგადაც სამსახურმა დაადგინა დარღვევა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა.

გადასახადის გადამხდელმა მოიპოვა გათამაშების ჩატარების ნებართვა 2024 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით. შეთანხმებული რეგლამენტის მიხედვით, წამახალისებელი გათამაშების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 1 დეკემბერი. კომპანიამ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (საპრიზო ფონდის 10 პროცენტი - 6460 ლარი) გადაიხადა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნუმერაციის ველის გამოყოფა მოითხოვა 2024 წლის 4 დეკემბერს, რომელიც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2024 წლის 6 დეკემბერს.

მომჩივანი ფლობდა ინფორმაციას, რომ თავდაპირველი სანებართვო მოსაკრებლის გარდა მოგვიანებით კიდევ იყო საჭირო მოსაკრებლის გადახდა საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით, თუმცა არ იცოდა გადახდის ვადების შესახებ. შესაბამისად, შეცდომის/არცოდნის გამო რამდენიმე დღის დაგვიანებით გადაიხადა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მართალია კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, მიზანშეწონილია მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

რამდენიმე დღის გადაცილებით მოხდა კანონით დადგენილი მოთხოვნის შესრულება და ნამდვილად ინფორმაციის არქონამ (არცოდნამ) გამოიწვია აღნიშნული. აღსანიშნავია ისიც, რომ გათამაშების სრული პროცესი შესაბამისობაში იყო შეთანხმებულ რეგლამენტთან და შემოსავლების სამსახურიც ფლობდა ინფორმაციას გათამაშების დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ. ამას გარდა სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტსაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ითხოვს ყველა გარემოების გათვალისწინებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებისა და სისტემურ - ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ - ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ - ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სისტემურ - ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ - ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ - ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურ - ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ - ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ - ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის/სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები;

კ) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 23.05.2025 წლის N -----21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ განხორციელდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელის შპს ----- სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელი მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემამდე, წამახალისებელი გათამაშების პირველ ეტაპს (2024 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე აწყობდა, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მომჩივანი განმარტავს, რომ იგი ფლობდა ინფორმაციას, რომ თავდაპირველი სანებართვო მოსაკრებლის გარდა მოგვიანებით კიდევ იყო საჭირო მოსაკრებლის გადახდა საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით, თუმცა არ იცოდა გადახდის ვადების შესახებ. შესაბამისად, შეცდომის/არცოდნის გამო რამდენიმე დღის დაგვიანებით გადაიხადა. თუმცა მომსახურების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მომჩივანს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის N ----- ნებართვის საფუძველზე, წამახალისებელი გათამაშების ეტაპი ჩატარებული აქვს 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, რა დროსაც, მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად შემოსავლების სამსახურის მიმართა მოცემული ეტაპის დაწყებამდე, 2023 წლის 17 ნოემბრის N ----- განცხადებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რასაც არც გადასახადის გადამხდელი უარყოფს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე საქმიანობისათვის, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც არ დააკმაყოფილდა, რაც შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რასაც არც გადასახადის გადამხდელი უარყოფს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 276; 269;.