გადაწყვეტილება № 26066/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26066/2/2025
21 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26066/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2025 წლის №006-349 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21750 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 999.83 ლარი.
მათ შორის:
ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 14 000
ჯარიმა - 7 000
საურავი - 2 999.83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კირქვის ყიდვა, მოპოვება-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №17917 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.07.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორესთან დაკავშირებით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 4.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
საწარმოს კირქვის მოპოვებასთან დაკავშირებით აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 18.02.2013 წლის №----- 20 წლიანი, ლიცენზია -----მუნიციპალიტეტში, სოფ. ------ მიმდებარე ტერიტორიაზე. ლიცენზიით კირქვის ჯამური მოპოვების მოცულობა შეადგენს 2 605 360 ტონას. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ 2024 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 200 000 ტონას. საწარმოს წარდგენილი აქვს 1.01.2024 წლიდან 1.07.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება. აღსანიშნავია, რომ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში 15.12.2023 წელს განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა (გაიზარდა) კირქვაზე მოსაკრებლის განაკვეთი და ნაცვლად 0,14 ლარისა გახდა 0,28 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 17.10.2024 წლის №----- წერილით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დაზუსტებასთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ზემოთ აღნიშნული კანონის შესაბამისად განსაზღვრული მოსაკრებელი 14 000 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 7 000 ლარი, ასევე საურავი 2 999 ლარი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2025 წლის №19701 ბრძანება და ამავე თარიღის №006-349 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21750 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ელექტრონულ სისტემაში მითითებული იყო 14 000 ლარი გადასახდელი და არა 28 000 ლარი, შესაბამისად, კომპანიის მხრიდან სამართალდარღვევას არ ჰქონდა ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე გადაიხადა 14 000 ლარი და ასაჩივრებს ჯარიმის და საურავის ნაწილში დაკისრებულ თანხას, იმ მიზეზით რომ დეკლარაციაში ნაკლები თანხის მითითება გამოწვეული იყო არა გადასახადის გადამხდელის განზრახი ბრალეულობით, არამედ იმ მიზეზით, რომ თავად ელექტრონულმა სისტემამ მიუთითა 14 000 ლარი (ნაცვლად 28 000 ლარისა). აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის გადაწყვეტილებითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, დეკლარაციაში არასწორი გადასახადის მითითება გამოწვეული იყო იმით, რომ მოსაკრებლის ცვლილება არ იყო ასახული შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულს ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერი.
გადასახადის გადახდა ხდებოდა დროულად, სრულად და ჯეროვნად. გადასახადის გადახდის გადაუხდელობა/არასწორად წარდგენა გამოწვეულია არა გადასახადის გადამხდელის, არამედ ელექტრონული სისტემის შეცდომით. ეთანხმება გადასახადის ოდენობას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შეცდომა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, ითხოვს დაკისრებული ჯარიმისა და საურავის გაუქმებას, ასევე, საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და კომპანია გათავისუფლდეს ჯარიმისა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადამხდელი მიუთითებს, რომ დეკლარაციაში არასწორი გადასახადის მითითება გამოწვეული იყო იმით, რომ მოსაკრებლის ცვლილება არ იყო ასახული შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. გადასახადის გადახდა ხდებოდა დროულად, სრულად და ჯეროვნად. გადასახადის გადახდის გადაუხდელობა/არასწორად წარდგენა გამოწვეულია არა გადასახადის გადამხდელის, არამედ ელექტრონული სისტემის შეცდომით. ეთანხმება გადასახადის ოდენობას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შეცდომა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და კომპანია გათავისუფლდეს ჯარიმისა და საურავისგან.
აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2025 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მოსაკრებლის ცვლილება არ იყო ასახული შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რამაც გამოიწვია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადასახადის შემცირება. ამასთან, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 17.10.2024 წლის №------ წერილით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დაზუსტებასთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნა მის მიერ გათვალისწინებული.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2025 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მოსაკრებლის ცვლილება არ იყო ასახული შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რამაც გამოიწვია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადასახადის შემცირება. ამასთან, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დაზუსტებასთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნა მის მიერ გათვალისწინებული.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 272(1,2);275(2.21,22);269(7)