გადაწყვეტილება №21800/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21800/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21800/2/2024

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21800/2/2024).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32014 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 157 473,65 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 101 355

დღგ - 4 538

საშემოსავლო გადასახადი - 96 817

ჯარიმა - 50 778

საურავი - 5 340,65

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 9.02.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების შედეგად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო-სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ-ის) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16910 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.11.2023 წლის №20548/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა 7.12.2023 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32014 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 31.03.2023 წლის №024- 13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 27.04.2023 წელს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16910 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) 7.12.2023 წლის №85898/1/2023 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს, რომ არ დარჩეს განუხილველად საჩივარი და მიუთითებს, რომ გაუგებარია რისთვის მოხდა დარიცხვა, მაშინ როდესაც შემოწმების პერიოდში ფაქტიურად ხდებოდა საქონლის ამოწურვა და მხოლოდ ლობიოს ნაშთი ჰქონდა, რომელიც დასაწყობებული იყო და მოხდა ამ ლობიოს რეალიზაცია. 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო შემოტანილი და დასაწყობებული, ვინაიდან პანდემია იყო და ვერ ყიდდა 2020 წელს მოახდინა რეალიზაცია გაჭირვებით, ისიც ნისად და ნელ-ნელა კაპიკობით ამოიღო ეს თანხა. დეკლარაცია წარდგენილია, შესაბამისი დღგ გადახდილია და მოგების გადასახადში თუ საშემოსავლო გადასახადში 222 600 ლარის საქონელში ამდენი მოგება საიდან უნდა ყოფილიყო, თან პანდემიის დროს და გაუგებარია, რისთვის დაერიცხა, ვინაიდან ვერ ერკვევა იურიდიულ საბუთებში და არც იმის ფინანსები გააჩნია, რომ ადვოკატი აიყვანოს, თითქმის ნახევარი წელია იმყოფება ევროპაში სამუშაოდ ლუკმა პურის საძიებლად ოჯახი რომ არჩინოს და ბანკის კრედიტები გადაიხადოს. ითხოვს 2020 წლის ბრძანება დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს, გაეგზავნოს ცხრილები და გაარკვიონ, რა ხელფასად ჩაითვალა და რა ჯარიმა დაეკისრა ფაქტიურად გაკოტრებულ კომპანიას.

უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა და დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს შესასწავლად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში უნდა მოხდეს კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში 27.04.2023 წელს წარდგენილ №80620/1/2023 საჩივარზე მიღებულია შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16910 ბრძანება.

მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა 7.12.2023 წელს კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, მომჩივანი არ მიუთითებს სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე განხილულ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებითი გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიმართ იმავე სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32014 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში 27.04.2023 წელს წარდგენილ №80620/1/2023 საჩივარზე მიღებულია შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16910 ბრძანება. მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა 7.12.2023 წელს კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. ამასთან, მომჩივანი არ მიუთითებს სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე განხილულ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებითი გადაწყვეტილების მიღება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მიმართ იმავე სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32014 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ზ).