გადაწყვეტილება №23935/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 23935/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23935/2/2024

19 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 17.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23935/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №062-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20390 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 292 177,88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 177 489

დღგ - 75 941

საშემოსავლო გადასახადი - 101 548

ჯარიმა - 88 205

საურავი - 26 423,88

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა სარემონტო/სამშენებლო მასალებით, ხელსაწყო/სამუშაო ინვენტარით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ინვენტარით და აბაზანის აქსესუარებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენა-რეალიზაციას ახორციელებდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ქალაქ ---------არსებული ობიექტის საშუალებით.

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ნაშთების შესახებ ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდებოდა დეკლარირებული ფასნამატი 12%. საწარმოს არ ჰქონდა/არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 13 ჯგუფზე, წლების ჭრილში, დადგინდა დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე (2021-2022 წლებზე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციის ფასნამატი). კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დაკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი. გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით საშუალოდ 2021 - 34,5%, 2022 - 29,3%, 2023 - 38%, 2024 - 35,41%) გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 160-ე, 161-ე მუხლების, 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 150 ლარი. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების და ხარჯები, საგადასახო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით მიღებული განკარგვადი თანხა 406 194 ლარი, რისი სალაროში არსებობაც ვერ დასტურდება.

აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №062-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოყენებულ იქნას დოკუმენტური ფასნამატი, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023-2024 წლებზე გამოყენებულია ინვენტარიზაციის ფასნამატი, თუმცა აღნიშნულ წლებზე დოკუმენტური ფასნამატი და ინვენტარიზაციის ფასნამატი შესაბამისობაშია.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატების გავრცელება შესაბამისი წლებისა და ჯგუფების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, რამაც განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების მიღება. გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ 2021-2022 წლებზე გავრცელდა დოკუმენტალური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. ასევე ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი არასწორად იქნა გაანგარიშებული.

ზოგადად არასწორია შემმოწმებელთა მიერ არჩეული შემოწმების მეთოდი, რომლითაც შემმოწმებელი დაბეგვრის მიზნებისათვის მიჯნავს საანგარიშო პერიოდებს, კერძოდ: 2021-2022 წლებზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფასნამატი არის ნაკლები შემოწმებით დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატისა და გაუგებარია თუ 2021-2022 წლებზე შემმოწმებელი იღებს დოკუმენტალურ ფასნამატს, მაშინ რა დააშავა 2023-2024 წლებმა. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დოკუმენტური ფასნამატი 2023-2024 წლებში შეესაბამება ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ამის მარტივი ახსნაც იმაში მდგომარეობს (ციფრებს რომ თავი დავანებოთ), რომ ასე რომ ყოფილიყო შემოწმების აქტში არ იქნებოდა პერიოდების მიხედვით გამიჯნული დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. შესაბამისად შემმოწმებელი ან სრულად უნდა დაყრდნობოდა დოკუმენტურ ფასებს ან საერთოდ იგნორირება უნდა გაეკეთებინა დოკუმენტურ ფასნამატის.

შემმოწმებელს არასწორად აქვს დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატი, კერძოდ შემმოწმებელს 2023 წელს აქვს დადგენილი საშუალო 38%, ხოლო 2024 წელს საშუალო 35,4%, მაშინ, როცა გაანგარიშებით ინვენტარიზაციით აღწერილი საქონლის საშუალო ფასნამატი შეადგენს 22% (დანართი). სამწუხაროდ აღნიშნულზე საერთოდ არ არის ნამსჯელი გადაწყვეტილებაში, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20390 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა;

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დოკუმენტური ფასნამატი 2023-2024 წლებში შეესაბამება ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, შემმოწმებელს არასწორად აქვს დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატი, კერძოდ შემმოწმებელს 2023 წელს აქვს დადგენილი საშუალო 38%, ხოლო 2024 წელს საშუალო 35,4%, მაშინ, როცა გაანგარიშებით ინვენტარიზაციით აღწერილი საქონლის საშუალო ფასნამატი შეადგენს 22% (დანართი).

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20390 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სარემონტო/სამშენებლო მასალებით, ხელსაწყო/სამუშაო ინვენტარით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ინვენტარით და აბაზანის აქსესუარებით ვაჭრობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ნაშთების შესახებ ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდებოდა დეკლარირებული ფასნამატი 12%. საწარმოს არ ჰქონდა/არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136)3);73(5,9);159)1);164(1);101(1);154(1);