გადაწყვეტილება №21635/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21635/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21635/2/2023).
დავის საგანი:
1. შენობის დემონტაჟის მომსახურების თაობაზე დადებული ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაბეგვრა;
2. სმფ-ების რეალიზაციით მიღებული თანხის შემოწმების მიერ განსაზღვრული ოდენობა;
3. ნაღდი ფულის ნაშთის შემოწმებით განსაზღვრული ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №007-260 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29570 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 132 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 9 501
დღგ - 6 427
მოგების გადასახადი - 181
საშემოსავლო გადასახადი - 2 893
ჯარიმა - 4 751
საურავი - 880
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №18159 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №24520 ბრძანება და №007-260 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 15 132 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 ნოემბრის №29570 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შენობის დემონტაჟის მომსახურების თაობაზე დადებული ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს დამკვეთთან (შპს „----------“) 2021 წლის 12 ნოემბერს დადებული აქვს ხელშეკრულება, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით, დემონტაჟის მომსახურების შესრულებისთვის, განსაზღვრულია ანაზღაურება 9 000 ლარის ოდენობით. მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია დამკვეთისგან. მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით: კომპანიას დამკვეთისთვის (შპს „----------“) 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გაწეული აქვს სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის მომსახურება. საწარმოს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, ავანსის სახით, 2021 წლის ნოემბრის თვეში, დაბეგრილი აქვს მხოლოდ წინასწარ მიღებული ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულების შესაბამისად, დაერიცხა დღგ 686 ლარის ოდენობით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 159-ე, 160-ე, 1601 , 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწყის ეტაპზე, დამკვეთმა კომპანიაში ნამდვილად ჩარიცხა 4 500 ლარი ავანსის სახით, რაც კანონმდებლობის შესაბამისად, დაბეგრილია მომჩივნის მიერ და ასახულია დღგ-ის შესაბამის დეკლარაციაში. მომსახურების გაწევის პროცესში დამკვეთმა გამოთქვა გაუგებარი პრეტენზიები მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით და ფაქტობრივად ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება სანქციების გამოყენების მუქარით ისე, რომ არ მომხდარა რაიმე ტიპის დოკუმენტის შედგენა, თუნდაც ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ჩაითვლებოდა ანაზღაურებულად. ამასთან, დამკვეთმა უარი განაცხადა შემდგომ კონსტრუქციულ კომუნიკაციაზეც. მოცემულ სიტუაციაში გამოდის, რომ ერთის მხრივ დამკვეთი კომპანია აღიარებს, რომ მომჩივნის მიერ მოხდა მომსახურების სრულყოფილად გაწევა, რაც შემმოწმებლის მიერ მოძიებული ინფორმაციით დასტურდება, ხოლო მეორეს მხრივ, გამოთქვამს გადასახადის გადამხდელის მიმართ ყოვლად უსაფუძვლო პრეტენზიებს, რათა მოხდეს კომპანიის დასანქცირება. საბოლოოდ, საწარმო ზარალდება ორმაგად, მაშინ როდესაც საგადასახადო ტვირთი ეკისრება სრულ სახელშეკრულებო თანხაზე,პარალელურად იმყოფება დამკვეთი კომპანიის მხრიდან სანქციების გავრცელების საფრთხის ქვეშ. მომჩივანი ითხოვს გააცნონ დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის საფუძველზეც შემმოწმებლის მიერ მოხდა გაწეული მომსახურების ღირებულების განსაზღვრა, რაც თავის მხრივ, გახდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს დამკვეთთან 2021 წლის 12 ნოემბერს დადებული აქვს ხელშეკრულება, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება შეადგენს 9000 ლარს. მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, შემოწმების მიერ დამკვეთისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის პასუხად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დამკვეთისთვის 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გაწეული აქვს სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის მომსახურება. აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, ავანსის სახით, 2021 წლის ნოემბრის თვეში, დაბეგრილი აქვს მხოლოდ წინასწარ მიღებული ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით. შედეგად, მომჩივანს ხელშეკრულების საფუძველზე, გამოუვლინდა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სმფ-ების რეალიზაციით მიღებული თანხის შემოწმების მიერ განსაზღვრული ოდენობა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაზიდვები, რომელთა დასრულების ადგილი არის ქ. ---------. 2023 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული სმფ-ის ნაშთი არ უფიქსირდება. ამასთან, საწარმო არ ფლობდა საწყობს ან სხვა ფართს საქონლის შესანახად. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადი. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო-სარემონტო მასალებისგან შემდგარი სმფ რეალიზებულია, თუმცა არ გააჩნიათ რეალიზაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლებით, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვები, შესაბამისი თვეების მიხედვით, შეძენის ღირებულებების მიხედვით, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაზიდვები, რომელთა დასრულების ადგილი არის ქ. ----------.
იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული სმფ-ის ნაშთი არ უფიქსირდება, საწარმო არ ფლობდა საწყობს ან სხვა ფართს საქონლის შესანახად, ამასთან, გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო-სარემონტო მასალებისგან შემდგარი სმფ რეალიზებულია, თუმცა არ გააჩნიათ რეალიზაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შეძენის ღირებულებების მიხედვით და შესაბამისად, დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ერთ-ერთი სამონტაჟო პროექტის ფარგლებში სიტყვიერი მოლაპარაკებების საფუძველზე, კომპანიამ შეიძინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლის ღირებულებამაც დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 35 822 ლარი. მოლაპარაკებების პროცესი ვერ წარიმართა მომჩივნის მოლოდინების შესაბამისად, ასევე შეუძლებელი გახდა სხვა დამკვეთის მოძიება ანალოგიური მომსახურების გაწევის მიზნით, ამიტომ ჩათვალეს მიზანშეწონილად მოეხდინათ აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაც შეიძლება დროულად რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე, ვინაიდან შეძენილი სმფ-ები გათვლილი იყო კონკრეტული პროექტის ფარგლებში სპეციფიური მოთხოვნის შესაბამისად და სმფ-ების კომპანიის საკუთრებაში დატოვება დაკავშირებული იყო დამატებით დანახარჯებთან (სასაწყობო ფართის ქირა, ტრანსპორტირება, ცვეთა). შემმოწმებელმა ამ საკითხთან მიმართებით არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სმფ-ების რეალიზაციით მიღებულმა თანხამ შეადგინა
24 250 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, რეალიზაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია რეალიზებული სმფ-ების და მყიდველი ფიზიკური პირების იდენტიფიკაციით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაზიდვები, რომელთა დასრულების ადგილი არის ქ. ----------. ამასთან, 2023 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული სმფ-ის ნაშთი არ უფიქსირდება, საწარმო არ ფლობდა საწყობს ან სხვა ფართს საქონლის შესანახად. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო-სარემონტო მასალებისგან შემდგარი სმფ რეალიზებულია, თუმცა არ გააჩნიათ რეალიზაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შეძენის ღირებულებების მიხედვით და შესაბამისად, დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ნაღდი ფულის ნაშთის შემოწმებით განსაზღვრული ოდენობა
ფაქტების აღწერა
საწარმოს ჩაუტარდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით გამოვლენილი თანხა შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის შესახებ. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა, 11 572 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 2 893 ლარის ოდენობით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად შემოწმებით გამოვლენილი თანხა შეუდარდა გადამხდელის მიერ წარდგენილ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის შესახებ მონაცემს, რომელთა შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის გადამხდელის მიერ მიწოდებულ მონაცემთან შედარებისას გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც ზემოთ აღინიშნა, სმფ-ების რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ შეადგინა 24 250 ლარი (ნაცვლად შემმოწმებლის მიერ დაფიქსირებული 35 822 ლარისა). შესაბამისად, კომპანიას მიღებული აქვს 11 572 ლარით ნაკლები თანხა. მომჩივანი ითხოვს ფაქტობრივად მიღებული თანხის დადგენის მიზნით, მიეცეს საშუალება წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია რეალიზებული სმფ-ების და მყიდველი ფიზიკური პირების იდენტიფიკაციით
მომჩივანი ითხოვს 2023 წლის 4 ოქტომბრის №007-260 საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად შემოწმებით გამოვლენილი თანხა შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის შესახებ მონაცემს, რომელთა შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შენობის დემონტაჟის მომსახურების თაობაზე დადებული ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაბეგვრა;
2. სმფ-ების რეალიზაციით მიღებული თანხის შემოწმების მიერ განსაზღვრული ოდენობა;
3. ნაღდი ფულის ნაშთის შემოწმებით განსაზღვრული ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს დამკვეთთან აქვს ხელშეკრულება, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება შეადგენს 9000 ლარს. მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, შემოწმების მიერ დამკვეთისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის პასუხად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დამკვეთისთვის 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გაწეული აქვს სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის მომსახურება. აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, ავანსის სახით, 2021 წლის ნოემბრის თვეში, დაბეგრილი აქვს მხოლოდ წინასწარ მიღებული ანაზღაურება. მომჩივანს გამოუვლინდა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები.
2.საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაზიდვები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული სმფ-ის ნაშთი არ უფიქსირდება, საწარმო არ ფლობდა საწყობს ან სხვა ფართს საქონლის შესანახად. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო-სარემონტო მასალებისგან შემდგარი სმფ რეალიზებულია, თუმცა არ გააჩნიათ რეალიზაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მომჩივანს განესაზღვრა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
3.საწარმოს ჩაუტარდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით გამოვლენილი თანხა შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის შესახებ. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა. აღნიშნული დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;159(1);160(1);163(1):164(1);73(9);101(1);154(1)