გადაწყვეტილება №19601/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19601/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 2.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19601/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის №CB1348579 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7526 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის №CB1348579 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 24.11.2022 წლის №17653/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №44641-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7526 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო იმავე დღეს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 26.04.2023 წელი, საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 2.05.2023 წელს (საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარებულია 1.05.2023 წელს). შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივნის წარმოამდგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მარწმუნებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაცნობისთანავე, 10 აპრილს, გაუგზავნა რწმუნებულს და მან ამ თარიღიდან 20 დღეში წარმოადგინა საჩივარი. თუმცა აღმოჩნდა, რომ 6.04.2023 წელს აქვს გახსნილი ვიღაცას, შესაძლებელია აღნიშნული შეტყობინება გახსნილია თანამშრომლის მიერ, დირექტორი შეტყობინებას გაეცნო 10 აპრილს.
არგუმენტს, რომ სადავო აქტი დირექტორს არ გაუხსნია პირადად, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 24.11.2022 წლის №17653/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №21195 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ე", 44(9), 299(10), 305(1).