ბრძანება N 24867
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24867
12 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------ის (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------;
იურ. მის.: -------------------------)
2025 წლის 24 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა ი/მ ---------ის (ს/ნ -----------------) №--------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 სექტემბრის №086-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ბინების რემონტზე გაწეული ხარჯების, კერძოდ, რემონტის დროს ხელოსნებზე გადახდილი თანხების სრულად გათვალისწინებას და განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საერთო ხარჯების 30%-ს. ასევე აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია 2 წელზე ადრე პერიოდში ბინის რეალიზაციისას ნამეტი შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული გამოწვეულია არ ცოდნით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 16 სექტემბრის №20288 ბრძანება და ამავე თარიღის №083-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 57 154 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 096 ლარი, ჯარიმა 16 828 ლარი და საურავი 6 230 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ---------ი (ს/ნ -----------------) გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 27 ივნისს, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან. მეწარმის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკურიერო მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებით საქმიანობას წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ბინების ყიდვა-გაყიდვა. ი/მ-----------ს 2023 წლის 27 ივნისს და იმავე წლის 25 ოქტომბერს შეძენილი აქვს ბინები ქალაქ -----ი, -------ის N--ში საკადასტრო კოდებით №------ და №------, შეძენის ღირებულებები შეადგენს 115 650 ლარს და 77 049 ლარს. ზემოთ აღნიშნული საკადასტრო კოდი №---- დაყოფის ხელშეკრულების საფუძველზე 2 ბინად დაიყო და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდები №---- და №-----. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ფიზიკურმა პირმა აღნიშნული ბინების რეალიზაცია მოახდინა 2023 წლის 22 აგვისტოს 68 120 ლარად, 18 ოქტომბერს 68 390 ლარად და 2024 წლის 6 მარტს 112 737 ლარად. შესაბამისად, სახეზეა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით შეძენილი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგინდა ერთობლივი შემოსავალი, ხოლო ბინების შეძენის ღირებულებების გათვალისწინებით დაანგარიშდა გამოსაქვითი ხარჯები. ჯამში ნამეტი შემოსავალი 77 720 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 135- ე და 153-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რის შედეგადაც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს,განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებულია შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი 5). შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში- ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია უძრავი ქონების რეალიზაციით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.
ამავე კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 27 ივნისს და 25 ოქტომბერს შეძენილი აქვს ბინები ქალაქ -----ი (საკადასტრო კოდები №------ და №-------), რომელთაგან დაყოფის ხელშეკრულების საფუძველზე საკადასტრო კოდის №----- ქვეშ არსებული ბინა დაიყო 2 ბინად (საკადასტრო კოდები №----- და №-----). ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ფიზიკურმა პირმა აღნიშნული ბინების რეალიზაცია მოახდინა 2023 წლის 22 აგვისტოს, 18 ოქტომბერს და 2024 წლის 6 მარტს. შემოწმებით ბინების რეალიზაციისა და შეძენის ღირებულებების გათვალისწინებით დაანგარიშდა ნამეტი შემოსავალი, რაც კანონმდებლოს შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ შორის საჩივრის ზეპირ განხილვაზე შემმოწმებლის/წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით არ იკვეთება რემონტის საკითხი, რადგან არ არის დაკონკრეტებული ბინების კონდიციები შესყიდვის დროს. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ სხვა რაიმე ხარჯის დოკუმენტაცია ან ხელოსნებზე გადახდილ თანხებზე პოზიცია წარდგენილი არ ყოფილა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის, ბინების რემონტზე გაწეული ხარჯებთან დაკავშირებით, შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, მათ შორის არც ხელოსნებთან დადებული ხელშეკრულებებისა და გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------ი (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ბინების რემონტზე გაწეული ხარჯების სრულად გათვალისწინებას.ასევე აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია 2 წელზე ადრე პერიოდში ბინის რეალიზაციისას ნამეტი შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის №12599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №20288 ბრძანება და №083-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 57 154 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 096 ლარი, ჯარიმა 16 828 ლარი და საურავი 6 230 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ მომჩივანი გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 27 ივნისს, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან. მეწარმის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკურიერო მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებით საქმიანობას წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ბინების ყიდვა-გაყიდვა. მომჩივანს შეძენილი აქვს ბინები, რომელთა ღირებულებები შეადგენს 115 650 ლარს და 77 049 ლარს. ერთეთი ბინის დაყოფის ხელშეკრულების საფუძველზე 2 ბინად დაიყო და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდები . ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ფიზიკურმა პირმა აღნიშნული ბინების რეალიზაცია მოახდინა 2023 წლის 22 აგვისტოს 68 120 ლარად, 18 ოქტომბერს 68 390 ლარად და 2024 წლის 6 მარტს 112 737 ლარად. შესაბამისად, სახეზეა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით შეძენილი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგინდა ერთობლივი შემოსავალი, ხოლო ბინების შეძენის ღირებულებების გათვალისწინებით დაანგარიშდა გამოსაქვითი ხარჯები. ჯამში ნამეტი შემოსავალი 77 720 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 135- ე და 153-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რის შედეგადაც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 79( „ა“); 80(1); 81(1); 88(3); 100(3 „ბ“); 102(1 „ბ“); 105(1.2); 135(1); 153(1 ,,ა“);