ბრძანება N 27445
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27445
07 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ს (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 31 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 და 13 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №106; №107) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის №20128/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---ს (ს/ნ ---) №81402/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №261-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი მონაცემები, რომელიც ეხებოდა რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშებებს. საჩივარზე თანდართული აქვს 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატისგან. ითხოვს საკითხის შესწავლას წარმომადგენელთან ერთად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №261-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 12 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები
(მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 10 919 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 7 829 ლარით და ჯარიმა 3 090 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 მაისის №261-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 31 მაისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13347 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 სექტემბრის №20128/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13347 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის №20128/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად: შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის N25134 ბრძანების შესაბამისად, ი/მ ---ს (ს/ნ ---) მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი შეიცავდა ხარვეზს ფასნამატის %-ის განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ: მეწარმეს დოკუმენტურად რეალიზებული ზედნადებები, საქონლის ჯგუფების მიხედვით შეპირისპირებული იყო საქონლის ჯგუფების მიხედვით მთლიან შეძენაზე, რაც მიუთითებს არა საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყვანაზე, არამედ საშუალო არითმეტიკული %-ის დადგენაზე. გადაანგარიშებით, რეალური საშუალო შეწონილი ფასნამატის %-ის გამოყვანა გადამხდელის მიერ მოწოდებულ ცხრილში მოხდა შემდეგნაირად, კერძოდ:
საქონლის კატეგორიის ჯგუფებში, რეალიზებული საქონელი შეუპირისპირდა შეძენილ საქონელს, დასახელების, ღირებულების და რაოდენობის გათვალისწინებით, აგრეთვე პირველ ყოვლისა გათვალისწინებულ იქნა შეძენის და რეალიზაციის დროის პერიოდი, კერძოდ, საქონელი რომელიც რეალიზებულია პირობითად 2020 წლის მაისში, ფასნამატის %-ის განსაზღვრის მიზნით შეუდარდა 2020 წლის მაისის შეძენა, თუ მაისში არ ფიქსირდება ამავე საქონლის შეძენა, მაშინ შედარება ხდებოდა უახლესი უკანა პერიოდის შეძენასთან. აღნიშნული ფასნამატის გამოყვანა წარმოადგენს რეალური საშუალო შეწონილის %-ს. ამასთან, მეწარმის მიერ მოწოდებული ფასნამატის ჯგუფები არ მოიცავდა ყველა კატეგორიის საქონლის ჯგუფს, მეწარმემ წარმოადგინა ელექტრონული კაბელებისა და თაბაშირ-მუყაოს დაზუსტებული ფასნამატები. წარმოდგენილ იქნა ცემენტისა და წებო-ცემენტების საქონლის კატეგორიის ჩაშლილი სახეობების ფასნამატები, აღნიშნულის საფუძველზე გადაანგარიშებით ნაცვლად 27 საქონლის კატეგორიისა, მიღებულ იქნა 32 საქონლის კატეგორია, რითაც მოხდა საქონლის მეტი ჯგუფის მიღება და შესაბამის პერიოდებზე ფასნამატების კორექტირება/შემცირება. წინამდებარე დასკვნით, მოხდა დღგ-ს ბრუნვების კორექტირება (2019 წლის პერიოდის გარდა). შესაბამისად, შემცირდა 2020 წლის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი. რაც შეეხება 2019 წელს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ჩაშლილი საქონლის კატეგორიების ფასნამატები მეტია შემოწმებით დაფიქსირებულ ფასნამატებზე, კერძოდ, შემოწმებით 2019 წელს საქონლის ჯგუფი „ცემენტის“ ფასნამატი განსაზღვრული იყო 8.6%-ი, ხოლო მეწარმის მიერ მოწოდებული ცხრილების მიხედვით ჩაშლილი კატეგორიების ფასნამატები ფიქსირდებოდა 12.91%-დან 17.2%-მდე. შესაბამისად, გადაანგარიშების დასკვნით 2019 წლის პერიოდი დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგების. კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი მონაცემები, რომელიც ეხებოდა რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშებებს.
საჩივარზე თანდართული აქვს 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატისგან. ითხოვს საკითხის შესწავლას წარმომადგენელთან ერთად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადაანგარიშების დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი მონაცემები, რომელიც ეხებოდა რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშებებს და ითხოვს საკითხის შესწავლას წარმომადგენელთან ერთად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის №20128/2/2023 გადაწყვეტილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მომჩივნის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების მიმდინარეობისას არ მომხდარა წარდგენილი მასალების გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა. ამასთან, აღნიშნული ფაქტი დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 10 919 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 7 829 ლარით და ჯარიმა 3 090 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 მაისის №261-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 31 მაისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13347 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 სექტემბრის №20128/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13347 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 49; 73 (5); 61; 100; 102; 159; 163; 164; 43.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.