გადაწყვეტილება №26936/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2026
№ დოკუმენტი 26936/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26936/2/2026

08 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 18.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26936/2/2026).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.01.2026 წლის №CB1855189 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3963 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 17 895,31 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოთი და სასმელებით ვაჭრობა. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 126 263,4 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (20.11 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 178 953,11 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.01.2026 წლის №CB1855189 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 17 895,31 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2026 წლის №3963 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ, გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.

სადავო საკითხზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.03.2026 წლის №23984-21-12 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის №3391 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. მომჩივნის საქმიანობის სფეროა თამბაქო/სასმელებით საცალო ვაჭრობა. ინვენტარიზაციის დაწყებამდე მომჩივნის მინდობილ პირს --- (პ/ნ ---) ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სმფ-ები ჩამოწერილია გასავალში.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების შესაბამისად, დამტკიცებული დანართი №16. ---ს, ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის I, II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2024 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (26.02.2025წ). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ–ს პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 1 494 010.48 ლარი. რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად (დღგ-ს ჩათვლით) საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღებულ იქნა – 681 066.16 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიამ, ფინანსთა სამინისტროს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე, შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით გაანგარიშებული 20,11% ფასნამატის გათვალისწინებით, დაადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ბუღალტრული ნაშთი პირვანდელი ღირებულებით 912 670.88 ლარის ოდენობით.

სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა, რომლებზეც წარდგენილ იქნა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 786 407.49 ლარი. პროექტის მიხედვით გამოვლინდა 178 953.11 ლარის (საბაზრო ღირებულებით) ოდენობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რომელზეც გადამხდელს საჩივარი არ წარუდგენია. პროექტით დასარიცხი თანხა დარჩა უცვლელი, კერძოდ: ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დანაკლისი თვითღირებულებით 126 263.4 ლარს + 20,11%-იანი ფასნამატი) 178 953.11 ლარის ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას 17 895.31 ლარს.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუმცა არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს აღნიშნულთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოთი და სასმელებით ვაჭრობა. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 126 263,4 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (20.11 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 178 953,11 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 17 895,31 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 286 (9).