ბრძანება N 14949

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.06.2024
№ დოკუმენტი 14949
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14949

25 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 17 იანვრის და 6 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 ივნისისა და 20 ივნისის სხდომებზე (ოქმი №63 და №66) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის №22662/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ----) 2024 წლის 17 იანვრის №86855/1/2024 და 6 მარტის №88284/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №006-650 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებულად განხილული ცოცხალი ღორების სარეალიზაციო თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №16986 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 დეკემბრის №31968 ბრძანება და ამავე თარიღის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 75 105 ლარი, მათ შორის გადასახადი 46 752 ლარი, ჯარიმა 23 376 ლარი და საურავი 4 977 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 მარტის №5378 ბრძანებით, შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 6 ივნისის №22662/2/2024 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის12 მარტის №5378 ბრძანება და საჩივარი, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის №22662/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. საბჭოს სხდომაზე მხარეთა მოსმენისა და პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ცოცხალი ღორების რეალიზებულად განხილვის შედეგად გაანგარიშებული თანხის მიღებულად, დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი, რის გამოც, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შპს „---ის“ საქმიანობაა ცოცხალი ღორების იმპორტი რუსეთიდან. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შემოყვანილი ღორების განთავსება, კვება (მათ მიერ მიწოდებული საკვებით), დაკვლა-გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა შპს „---ს“ (ს/ნ---) ტერიტორიაზე. 2022 წლის ოქტომბრის თვეში კომპანიამ შპს „---ს“ მიყიდა 136 800 ლარის ღირებულების 19 000 კგ ცოცხალი ღორი. აღნიშნული თანხა საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დებიტორულ დავალიანებაში, რაზეც მიმართა სასამართლოს და აღნიშნულ საკითხზე არსებობს 2023 წლის 28 სექტემბრის ---ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შპს „---ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა. 2022 წლის ნოემბერში გადასახადის გადამხდელმა კიდევ შემოიყვანა 305 ცოცხალი ღორი, რომელიც კვლავ განთავსდა შპს „---ს“ ტერიტორიაზე. აქედან 158 ცოცხალი ღორი დაიკლა და გაიყიდა. გადამხდელის განმარტებით, დარჩენილი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ფლობდნენ ინფორმაციას, რადგან შპს „---“ უარს აცხადებდა მათთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელს არ გააჩნდა დოკუმენტური მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ ხსენებული ცოცხალი ღორები ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებულად განხილული ცოცხალი ღორების სარეალიზაციო თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა უგულებელყო ---ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ერთი მხრივ შემმოწმებელი თავადვე ადასტურებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების ამოღების მოთხოვნით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო მეორე მხრივ ცნობილია, რომ საწარმომ დაიწყო სამართლებრივი პროცესები კუთვნილი ღორების დაბრუნების მოთხოვნით (მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს). ამდენად, წარმოუდგენელია შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მართლზომიერება, რამდენადაც თუ კომპანიის ნებართვის გარეშე განიკარგა კომპანიის საქონელი, რამდენად არის დასაშვები უკანონოდ განკარგული საქონლისთვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი კუთხით კიდევ უფრო დიდ ბუნდოვანებას შეიცავს საგადასახადო შემოწმების აქტი. გადამხდელმა დაზუსტებულ საჩივარში დამატებით მტკიცებულების სახით წარმოადგინა სადავო საკითხზე მის მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი მასალები და ---ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, გადამხდელისთვის უცნობია შემმოწმებლის მითითება, რომლის თანახმად შპს „---მ“ განმარტა, რომ მის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული შპს „---ის“ საკუთრებაში არსებული ღორები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. საგამოძიებო ორგანოსა და მესამე პირისგან (შპს „----'') გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. საგამოძიებო ორგანოსა და მესამე პირისგან (შპს „---“ (ს/ნ ---)) გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებულად განხილული ცოცხალი ღორების სარეალიზაციო თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: საწარმოს საქმიანობაა ცოცხალი ღორების იმპორტი რუსეთიდან. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შემოყვანილი ღორების განთავსება, კვება (მათ მიერ მიწოდებული საკვებით), დაკვლა-გასუფთავება და რეალიზაცია ხდებოდა სხვა საწარმოს ტერიტორიაზე.

შემოწმების მიერ ცოცხალი ღორები ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.