ბრძანება N 2846
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2846
16.02.2023
შპს „----------’’ (ს/ნ ----------)
(მის.:----------)
2022 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) №75635/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №006-405 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ საჩივარს თან ერთვის ამხანაგობა „----------’’-ის 2015 წლის 14 სექტემბრის კრების ოქმი, რომელიც წარდგენილია ასევე აუდიტის დეპარტამენტში, თუმცა მისი შესწავლა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული კრების ოქმით დასტურდება, რომ შპს „----------’’ არის ამხანაგობა „----------’’-ის წევრი. შესაბამისად, „----------’’-ს მიერ შპს „----------’’-ზე ქონების მიწოდების შემდეგ, შპს „----------’’-ზე ავტომატურად გახდა ამხანაგობა „----------’’-ის წევრი. მიაჩნია, რომ საწარმოზე ვრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობებზე მოქმედი საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები, რაც განმარტებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, შპს „----------’’ და „----------’’-ის საქმეებზე. გადამხდელი საჩივარში მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის და უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის განჩინებებში მოცემულ განმარტებებზე ამხანაგობის წილთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ემსჯელა ერთადერთ საკითხზე, რომ თუ ამხანაგობის წევრის მიერ ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშკრულების შესაბამისად არაამხანაგობის წევრზე („----------’’-ის საქმეზე მიღებული უზენაესი სასამრთლოს განჩინება) არ იბეგრება დღგ-ით, მაშინ მხოლოდ ოპერაციის ფორმის ცვლილება, კერძოდ ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობის ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების სანაცვლოდ, ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდება, ცვლის თუ არა დღგ-ის მიზნებისთვის ოპერაციის შინაარსს. აცხადებს, რომ შემოწმებას რომ შეესწავლა „----------’’-ის საქმის ფატობრივი გარემოებები, უდავოდ დაადგენდა, რომ შპს „----------’’-ზე ქონების მიღების მომენტში (მიუხედავად ქონების მიღების ფორმისა) გახდა ამხანაგობის წევრი და მის მიერ ქონების რეალიზაცია წარმოადგენს წილის მიწოდებას და არ იბეგრება დღგ-ით.
2. არ ეთანხმება არარეგისტრირებული ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ყველა მომსახურება დაბეგრილია გადახდის წყაროსთან და წარდგენილია შესაბამისი დეკლარაცია. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აგვისტოს №25826 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------’’-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 16 სექტემბრის №23926 ბრძანება და ამავე თარიღის №006-405 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 217 975 ლარი, მათ შორის: გადასახადი 606 123 ლარი, ჯარიმა 318 701 ლარი, საურავი 293 151 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
1. შპს „----------’’-ზე (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 25 მაისს, დღგ-ის გადამხდელია 2017 წლის 27 აპრილიდან. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა დაკავშირებულია 2016 წლის 1 ნოემბერს გადამხდელის მიერ შპს „----------’’-თან (ს/ნ ----------) დადებულ ნარდობის ხელშეკრულებასთან, რომლის მიხედვითაც შპს „----------’’-ზე (ს/ნ ----------) ახორციელებს შპს „----------’’-ს (ს/ნ ----------) მიერ „----------’’-ში (საკადასტრო კოდი: „----------’’) დაწყებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას, ხოლო სანაცვლოდ იღებს აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელ ბინებსა და ავტოსადგომებს. შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდგი ფაქტობრივი გარემოება: ზემოაღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „----------’’-ს საკუთრებაში გადმოსული უძრავი ქონების ძირითადი ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში როგორც უძრავი ქონების წინარე, ისე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომელთა საფუძველზეც მიღებული აქვს შემოსავალი (მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე ავანსად ჩარიცხული თანხები) ჯამში 3 447 392 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს მხოლოდ 2019 წლის მარტის თვეში 206 246 ლარის ოდენობით. გადამხდელის ზეპირი განმარტებით, საკუთრებაში გადმოსული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, რადგან „----------’’-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსში რელიზებული ქონებით მიღებულ შემოსავალს განიხილავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის საფუძველზე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ოპერაციად.
შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ქალაქ „----------’’, კერძოდ „----------’’-ში მდებარე (საკადასტრო კოდი: „----------’’) მრავალბინიან საცხოვრებელი კომპლექსი იმყოფება თუ არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში. ქალაქ „----------’’ პასუხის შესაბამისად, ვინაიდან ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 79-ე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით), ობიექტი სამსახურის მიერ არ არის შეყვანილი შეღავათით მოსარგებლე ობიექტების ნუსხაში.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახდო კოდექსის 161-ე და 309-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად შპს „----------’’-ს (ს/ნ ----------) მიერ „----------’’-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსში რელიზებული უძრავი ქონებით მიღებული შემოსავალი (მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე ავანსად ჩარიცხული თანხები) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
2. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია. საბანკო ამონაწერების, ბუღალტრული პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები ჯამში 363 173 ლარის ოდენობით, კომპანიას ასევე უფიქსირდება არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე განაცემები 249 690 ლარის ოდენობით. თუმცა, აღნიშნული განაცემები არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები, ასევე არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ე) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანხამად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
ამავე მუხლის 80-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა დაკავშირებულია 2016 წლის 1 ნოემბერს საწარმოს მიერ შპს „----------’’-თან (ს/ნ ----------) დადებულ ნარდობის ხელშეკრულებასთან, რომლის მიხედვითაც შპს „----------’’-ზე ახორციელებს შპს „----------’’-ს მიერ „----------’’-ში (საკადასტრო კოდი: „----------’’) დაწყებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას, ხოლო სანაცვლოდ იღებს აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელ ბინებსა და ავტოსადგომებს. ზემოაღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „----------’’-ს საკუთრებაში გადმოსული უძრავი ქონების ძირითადი ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში როგორც უძრავი ქონების წინარე, ისე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომელთა საფუძველზეც მიღებული აქვს შემოსავალი (მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე ავანსად ჩარიცხული თანხები) ჯამში 3 447 392 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს მხოლოდ 2019 წლის მარტის თვეში 206 246 ლარის ოდენობით. ასევე, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია „----------’’-გან, კერძოდ „----------’’-ში მდებარე (საკადასტრო კოდი: „----------’’) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი იმყოფება თუ არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში. „----------’’ მერიის პასუხის შესაბამისად, ვინაიდან ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია 2008 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით), ობიექტი სამსახურის მიერ არ არის შეყვანილი შეღავათით მოსარგებლე ობიექტების ნუსხაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „----------’’-მ საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება შპს „----------’’-თვის სამშენებლო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, მის მიერ საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია ვერ იქნება განხილული როგორც ამხანაგობის წილის რეალიზაცია. აგრეთვე, რადგან ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელი ვერ ისარგებლებს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ’’ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები ჯამში 363 173 ლარის ოდენობით, ხოლო არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე განაცემები 249 690 ლარის ოდენობით. თუმცა, აღნიშნული განაცემები სრულყოფილად არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და უარი განაცხადა სადავო საკითხის გასაჩივრებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.