ბრძანება N 19832
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19832
04 სექტემბერი 2024
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2024 წლის 25 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 და 22 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები: №86 და №92) განიხილა შპს „------- -ს “ (ს/ნ „--------“) №90994/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №261-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, ფასნამატთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენს 5%-ს. საქონლის რეალიზება ხდება, როგორც სასაქონლო ზედნადების მეშვეობით, ისე ზედნადების გარეშე. გადამხდელი ითხოვს, რომ საგადასახადო შემოწმებამ მათი მონაწილეობით გაიაროს რეალიზებული საქონლის თვითღირებულებები და მათ მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებული სარეალიზაციო ფასები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9118 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 12 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 25 ივნისის №14875 ბრძანება და ამავე თარიღის №261-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 359 630 ლარი, მათ შორის, გადასახადი 227 636 ლარი, ჯარიმა 112 282 ლარი, საურავი 19 712 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
● შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტირებული ფეხსაცმლით და ტანსაცმლით ვაჭრობა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ფორმით. ასევე არ ხდება საქონლის რაოდენობრივი ჩამოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: დამუშავდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები), შეძენილ და რეალიზებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები, დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი თარიღის და დასახელების მიხედვით, რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთეულის ფასების შეპირისპირებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 30%. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, შემოწმებით გაიმიჯნა საცალო რპთ. აღნიშნულზე გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი, კატეგორიების მიხედვით. შედეგად, დადგინდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● საგადასახადო შემოწმებით კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: სულ შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე გაცემული ხელფასები და მიღებული მომსახურება (მათ შორის სატრანსპორტო), გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ასევე ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები და გადამხდელის მიერ მოწოდებული სალაროს ნაშთების ოდენობები. გადამხდელის მხრიდან ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ და შედარების აქტები იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, დადგინდა სალაროში დაუდეკლარირებელი ფული, რომელიც საგადასახადო შემოწმებამ განიხილა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 8 აგვისტოს 12:20 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2024 წლის 22 აგვისტოს 11:00 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 8 აგვისტოს 12:20 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2024 წლის 22 აგვისტოს 11:00 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე, არ ახდენს საქონლის რაოდენობრივ ჩამოწერას და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, დამუშავდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შეძენილ და რეალიზებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები, დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი თარიღის და დასახელების მიხედვით. შედეგად, რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთეულის ფასების შეპირისპირებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 30%. გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, შემოწმებით გაიმიჯნა საცალოდ რპთ, რაზედაც გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. შედეგად, დადგინდა კომპანიის დამატებული ღირებულებით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გაცემული ხელფასები და მიღებული მომსახურება, გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, გადამხდელის მიერ მოწოდებული სალაროს ნაშთების ოდენობები, წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ და შედარების აქტები იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი უცხოელ მომწოდებლებთან. შედეგად, დადგინდა სალაროში ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დამუშავდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციაშეძენილ და რეალიზებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები, დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი თარიღის და დასახელების მიხედვით, რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთეულის ფასების შეპირისპირებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 30%. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, შემოწმებით გაიმიჯნა საცალო რპთ. შედეგად, დადგინდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. დამატებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
ასევე,დადგინდა სალაროში დაუდეკლარირებელი ფული, რომელიც საგადასახადო შემოწმებამ განიხილა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164.