სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 11115
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 11115
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელი პირი ახორციელებს სათესლე მასალისაგან ჩითილების (მშ დამყნობილი) წარმოება/ გამოყვანას.
· ვარიანტი I: ჩითილები აწარმოა/გამოიყვანა მის მიერ იმპორტირებული სათესლე მასალისაგან და მათი მიწოდება განახორციელა ერთჯერად საფუთავებში (კასეტები, მუყაოს ყუთები).
· ვარიანტი II: ჩითილები გამოიყვანა დამკვეთისაგან მიღებული სათესლე მასალისაგან და გადასცა დამკვეთს.
· ორივე ვარიანტში გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული მიწოდება არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით.
შეფასება
· I ვარიანტში: საქართველოს ტერიტორიაზე ჩითილების მოყვანა და მისი შემდგომ რეალიზაცია, ბასს 41-ის სტანდარტის შესაბამისად, ჩაითვლება სასოფლოსამეურნეო საქმიანობად, ხოლო აღნიშნული საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტისასოფლო სამეურნეო პროდუქციად. იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტირებული სათესლე მასალისგან ჩითილების გამოყვანა/ტრანსფორმაცია ხორციელდება საქართველოში, აღნიშნული განიხილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციად. ასევე, რამდენადაც ერთჯერადი საფუთავები (კასეტები, მუყაოს ყუთები), ძირითადი საქონლის (ჩითილის) მიმართ დამხმარე ხასიათისაა, არ ზრდის ჩითილის ღირებულებას და მათი მიწოდება ცალკე არ ხდება, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განიხილება ძირითადი საქონლის (ჩითილის) მიწოდების ნაწილად. ამდენად, იმპორტირებული სათესლე მასალისგან ჩითილების გამოყვანა და მათი მიწოდება მ.შ. ერთჯერადი საფუთავებით, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ფ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
· II ვარიანტში: დამკვეთისაგან მიღებული სათესლე მასალისაგან ჩითილების გამოყვანა, როგორც დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოება, სსკის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის "ქ" მიხედვით, განიხილება დამკვეთისათვის გაწეულ მომსახურებად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
ღონისძიებები
· I ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.
· II ვარინტში: გადამხდელს დაერიცხება დღგ-ის ძირითადი თანხა და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 275- ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით