ბრძანება N 22923
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22923
18 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 4 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №83408/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №001-179 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებისა და საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობას, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს. მიუთითებს, რომ 2022 წლის თებერვლის ნაცვლად დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია უწევდა 2022 წლის ივლისში.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. მიუთითებს, რომ ტენდერში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვების გათვალისწინებით უნდა მოხდეს დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14304 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 აგვისტოს №19333 ბრძანება და ამავე თარიღის №001-179 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 139 694 ლარი, მათ შორის, გადასახადი 96 224 ლარი, ჯარიმა 31 824 ლარი, საურავი 11 646 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 28 ივნისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას და წარმოადგინა მხოლოდ არასრული საბანკო ამონაწერები.
შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ------- მომსახურება მიწოდებული აქვს მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერების საშუალებით. მომსახურების ნაწილზე გამოწერილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.
შემოწმება დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემებს, ი/მ ------- მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამდელის ერთობლივი შემოსავალი, რამაც შეადგინა სულ - 248 635 ლარი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში შეძენილმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა შეადგინა სულ - 17 669 ლარი. შედეგად, შემოწმებით, ერთობლივ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯებს შორის სხვაობა - 230 966 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის თებერვლიდან, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და პირს შემოწმებისთვის წარდგენილი აქვს მხოლოდ არასრული საბანკო ამონაწერები. მეწარმე მომსახურებას უწევს მუნიციპალიტეტებს ტენდერების საშუალებით. გადამხდელის მიერ, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოწერილია მომსახურების ნაწილზე. პირის ერთობლივმა შემოსავალმა 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2022 წლის თებერვლის თვეში, შესაბამისად, შემოწმებით, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და არც დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ტენდერების საშუალებით მომსახურებას უწევს მუნიციპალიტეტებს და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოწერილი აქვს მომსახურების ნაწილზე. მეწარმე მისივე განმარტებით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს მხოლოდ არასრული საბანკო ამონაწერი. შემოწმებამ ერთობლივ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯებს შორის გამოავლინა დასაბეგრი შემოსავალი - 230 966 ლარი, რომელზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ------- მიწოდებული აქვს კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერების საშუალებით. მომსახურების ნაწილზე გამოწერილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ხარჯის დოკუმენტები სრულად. ასევე, შემოწმების მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა წარდგენილი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს; საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მომსახურება მიწოდებული აქვს მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერების საშუალებით. მომსახურების ნაწილზე გამოწერილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.
შემოწმება დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამდელის ერთობლივი შემოსავალი, შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ერთობლივ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯებს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის თებერვლიდან.
პირს დაერიცხა დღგ; საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 102; 105; 159; 165; 282; 275.