საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირება და მიწოდება N 11124

11124 საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირება და მიწოდება 17.12.2019
№ დოკუმენტი 11124
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირება და მიწოდება N 11124

ფაქტობრივი გარემოებები

· პირის საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და მისი მიწოდება.

· პირმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტის (მაგ.: კიტრი, პომიდორი და ა.შ.) ნაწილი, შემდგომში მიწოდების მიზნით, სამრეწველო გადამუშავების გარეშე (შენარჩუნებული იქნა პროდუქტის პირველადი სახე) დააფასოა. ამასთან, პირმა დააფასოა როგორც ერთი, ასევე რამდენიმე სახის პროდუქტი ერთად

· პირმა განახორციელა როგორც დაუფასოებელი, ასევე დაფასოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირება და მიწოდება, რა დროსაც, არ გამოწერა სასაქონლო ზედნადები და ასევე, საქონლის მიწოდება არ დაბეგრა დღგ-ით.

შეფასება

· სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე). სსკ-ის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში.

· „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-16 პუნქტის მიხედვით, სსკის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის დაფასოება არ წარმოშობს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას, ამ საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას.

· საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაფასოება (როგორც ერთი, ასევე რამდენიმე სახის პროდუქტის ერთად) და ამ ფორმით მიწოდება, რა დროსაც, პროდუქტი ინარჩუნებს პირველად სახეს, არ განიხილება სამრეწველო გადამუშავებად-სასაქონლო კოდის შეცვლად. როგორც დაუფასოებელი, ასევე დაფასოებული საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის: ა) ტრანსპორტირების ან/და მიწოდების შემთხვევაში, პირს არ წარმოეშობა სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება და არ დაეკისრება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა; ბ) მიწოდებაზე გავრცელდება სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება ასევე იმ პირის მიმართ, რომელიც ახდენს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას და მის შემდგომ მიწოდებას სამრეწველო გადამუშავების გარეშე.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 12 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით