ბრძანება N 4801
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4801
14.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 16 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 16 თებერვლის №----------//2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №006-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავის გაუქმებას. მიუთითებს, რომ კომპანია სამუშაოს ახორციელებდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში (პანდემია), საწარმოს ბუღალტერი მუშაობდა დისტანციურად და ვერ ხდებოდა სრულფასოვანი ბუღალტერიის წარმოება. დამატებით აღნიშნავს, რომ 2021 წლის შემდგომ კომპანიას არ გააჩნია არანაირი აქტივი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25910 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 თებერვლის №1958 ბრძანება და ამავე თარიღის №006–26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 13 652 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 146 ლარი, ჯარიმა 4 073 ლარი და საურავი 1 433 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: გადამხდელის საქმიანობაა დასუფთავების მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, 2020 წლის დეკემბრის თვეში, გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სულ თანხით 177 793 ლარი. გადამხდელს საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში არ ჰქონდა სრულად ასახული და დაბეგრილი აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულება. კერძოდ, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა 45 254 ლარი, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ საწარმოს დეკემბრის თვეში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დამატებით ჩასათვლელი თანხა არ გამოუვლინდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ)საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირს არ დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში კი საჩივარში მითითებული არგუმენტები ვერ ჩაითვლება გარემოებად, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ იყო დამოკიდებული პირის ნებაზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა დასუფთავების მომსახურების გაწევა. შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269;270;272;275;