ბრძანება N 13711

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 13711
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13711

11 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----ის“ (ს/ნ --------------)

(მის.: ----------------------------)

2024 წლის 13 და 25 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----ის“ (ს/ნ --------------) №88448/1/2024 და №50193/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-434 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, შპს „-----დან“ მიღებული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33427 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-----სგან“ (ს/ნ -------) მიღებული თანხიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33673 ბრძანება და ამავე თარიღის №007-434 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 259 872 ლარი, მათ შორის გადასახადი 126 949 ლარი, ჯარიმა 63 475 ლარი და საურავი 69 448 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №8039 ბრძანებით შპს „-----ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 მაისის №22882/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8039 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №22882/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანს მიაჩნია, რომ შემმოწმებელთა მიერ სრულიად არამართლზომიერად და არაკანონზომიერად მიენიჭა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის კვალიფიკაცია და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნავს რომ შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მხოლოდ შპს „------“-დან დებიტორული დავალიანების დაფარვის დადასტურებასა და აღნიშნული თანხის შემდგომი გამოყენების საკითხს. მათ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ საზოგადოებაში კაპიტალის ფორმირების, ან მიმდინარე კრედიტორების შესახებ, თუმცა თუ დარიცხვის საფუძვლად გამოიყენეს რეპორტალზე ატვირთული საზოგადოების ბალანსი, შეიძლება ემსჯელათ კრედიტორული დავალიანების შესახებ 1884389 ლარზე. საიდანაც, 1553757.10 ლარი წარმოადგენდა დამფუძნებლების წინაშე წარმოშობილ დავალიანებას. მიღებული დებიტორული დავალიანების ხელფასად დაბეგვრა, როცა საზოგადოებას დამფუძნებლის მიმართ კრედიტორული დავალიანება ერიცხება, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, შპს „-----ოს“ (ს/ნ --------------) მიერ 2020 წლის ივლისის თვეში სალაროდან გაცემულია 507 797 ლარი შპს „-----ას“ (ს/ნ --------------) დავალიანების დასაფარად. შპს ,,------ი“ და შპს ,,------ო“ ურთიერთდამოკიდებული კომპანიებია. 2020 წლის მეორე კვარტლიდან შპს ,,--ის“, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აღარ უფიქსირდება. შპს ,,----ოს“ შემოწმების მიმდინარეობისას 2023 წლის აგვისტოში გამოთხოვილია ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელს დაფარული აქვს შპს ,,----ის“ დავალიანება. 2023 წლის დეკემბრის თვეში შპს „-----გან“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „----დან“ მიღებული თანხის შემდგომი გამოყენების შესახებ, შესაბამისი მტკიცებულებებით. საწარმომ წარმოადგინა 2023 წლის 23 ივლისით დათარიღებული სალაროს ორდერები და პარტნიორთა კრების ოქმი 507 797 ლარით კაპიტალის შემცირების შესახებ. შემოწმების მიმდინარეობისას გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სადაც პირს კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდება, მათ შორის არც წინა პერიოდებზეც. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების ანალიზი, მათ შორის დეკლარირებული მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაციის შესწავლა, რითიც დადგინდა, რომ საწარმოს მიმდინარე ხარჯების დასაფარად არ იკვეთებოდა კაპიტალის გაზრდის საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შპს ,,-----სგან“ მიღებული თანხით არ მომხდარა კაპიტალის შემცირება. მიღებული თანხა 507 797 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირისაგან ანაზღაურებული აქვს დებიტორული დავალიანება. პირს 2020 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება აღარ უფიქსირდება, ხოლო მიღებული თანხის შემდგომი გამოყენების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, საწარმომ შემოწმებას წარუდგინა პარტნიორთა კრების ოქმი, კაპიტალის 507 797 ლარით შემცირებასთან დაკავშირებით. შემოწმებამ გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების, საქმიანობის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების, მათ შორის დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაციის შესწავლით დაადგინა, რომ პირს კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდება (მათ შორის არც წინა პერიოდებზე), ხოლო მიმდინარე ხარჯების დასაფარად კაპიტალის გაზრდის საჭიროება არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, შპს ,,-----დან“ მიღებული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები, სადაც საწარმოს კაპიტალი საერთოდ არ უფიქსირდებოდა. ასევე, შპს ,,-----ი“-ს (ს/ნ ------) დაფუძნების დღიდან, არაპირდაპირი მეთოდით გაანალიზდა ფულის ნაშთი, რის საფუძველზეც განისაზღვრა ფულის დადებითი ნაშთი (დაახლ 500 000 ლარი), შესაბამისად, კაპიტალში თანხის შეტანის საჭიროება არ დგინდება. რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებულ მსჯელობას, რომ საწარმოს ჰქონდა დამფუძნებლის ვალი 1 553 757 ლარი და ეს ვალი შემცირდა, თანხა შევიდა სალაროში, გაიზარდა საწესდებო კაპიტალი და შემდეგ კაპიტალიდან გავიდა მისი შემცირების გზით, არასრული ინფორმაციაა მსჯელობისთვის, ვინაიდან სრულ ჭრილში არ ჩანს სხვა სამეურნეო ოპერაციები. ასევე, კაპიტალის შემოსავლად გათვალისწინების შემთხვევაში აღნიშნული თანხა შემოსავალსაც დაემატებოდა, რაც გაზრდიდა საბოლოოდ სალაროს ნაშთს.

აგრეთვე, საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილია 3160 ანგარიშის ბარათი, სადაც ჩანს, რომ 3160-ის კრედიტის მხარის ჩანაწერები, რომელიც გაზრდილია უარყოფითი საკურსო სხვაობებით და ბანკში შეტანილი თანხით. მხოლოდ ამ ანგარიშის ბარათის მეშვეობით საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტების შეფასება, სრული სურათის დანახვის გარეშე შეუძლებელია. საკურსო სხვაობით 3160 ანგარიშის კრედიტის ზრდა ბუნდოვანია, ამავე დროს, ანგარიშის ნაშთი სულ იზრდება ბანკში ჩარიცხვებით და მხოლოდ შემცირების დროს არის გამოყენებული სალაროს ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლისთვის ვალი დაიფარა მას შემდეგ, რაც შპს ,,----ომ“ დაფარა ვალდებულება და გატანილია სალაროდან ზუსტად ეს თანხა, მაშინ როცა გადამხდელის ინფორმაციით გაცილებით დიდია დამფუძნებლის დავალიანების თანხა და ასევე, სალაროს ნაშთის თანხაც.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საწარმოს დამფუძნებლებმა 2020 წლის 30 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება საწარმოს წინაშე წარმოშობილი მოთხოვნიდან 700 514 ლარი გადაეტანათ საწესდებო კაპიტალში და 2020 წლის 1 და 23 ივლისს შეემცირებინათ აღნიშნული კაპიტალი, შესაბამისად, შინაარსით საწარმო პირდაპირ დამფუძნებლის წინაშე წარმოშობილ კრედიტორულ დავალიანებას დაფარავდა თუ საწესდებო კაპიტალს გაზრდიდა აღნიშნული კრედიტორული (დამფუძნებლის მხრიდან დებიტორული) დავალიანების ხარჯზე, არ ცვლის ოპერაციის შინაარსს. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მხოლოდ შპს „----დან“ დებიტორული დავალიანების დაფარვის დადასტურებასა და აღნიშნული თანხის შემდგომი გამოყენების საკითხს და შემმოწმებლებს დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ საწარმოში კაპიტალის ფორმირების ან მიმდინარე კრედიტორების შესახებ, თუმცა თუ დარიცხვის საფუძვლად გამოიყენეს რეპორტალზე ატვირთული საწარმოს ბალანსი, შეეძლოთ მარტივად ემსჯელათ კრედიტორული დავალიანების შესახებ 1 884 389 ლარზე, აღნიშნული თანხიდან 1 553 757.1 ლარი წარმოადგენდა დამფუძნებლების წინაშე წარმოშობილ დავალიანებას და მიღებული დებიტორული დავალიანების ხელფასად დაბეგვრა, როცა საწარმოს დამფუძნებლის მიმართ კრედიტორული დავალიანება ერიცხება, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული საწარმოდან მიღებული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №33427 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში ურთიერთდამოკიდებული საწარმოდან მიღებული თანხიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №33673 ბრძანება და №007-434 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 259 872 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №8039 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №22882/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №8039 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“) ;101(1); 154(1 „ა“. 2 „ა“ და „ბ“);