ბრძანება N 947
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 947
24 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ს (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2024 წლის 4 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „------“-ს (ს/ნ -----) №86462/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №EL234320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 40მ3 და 50მ3 მოცულობის დამხმარე რეზერვუარები არ გამოიყენება საბაჟო საწყობის საქმიანობის მიზნით. აღნიშნული არ წარმოადგენს სტატიკურ რეზერვუარს, რომელშიც განთავსებულია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცეული საქონელი. რეზერვუარები არის მისაბმელი მოწყობილობა, რომელიც გადაადგილდება თავისუფლად, როგორც საბაჟო საწყობის, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი გამოყენება ხდება ძირითადი, სტატიკური რეზერვუარების გამართული საქმიანობის მიზნით, კერძოდ, ერთი რეზერვუარიდან ნარჩენი ტვირთის მეორე რეზერვუარში გადასატანად, რეზერვუარის გარეცხვის შედეგად ნავთობნარევი წყლის გამოსადევნად და გასატანად, უტილიზებას დაქვემდებარებული ნარჩენების გამოსატანად და ა.შ. აღნიშნული რეზერვუარები არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, მათზე სანებართვო პირობები არ გაიცემა და არ საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სანებართვო მოწმობის გაცემისას მითითებული რეზერვუარების მოცულობები განსხვავდება შპს „------“-ს 2023 წლის 21 ნოემბრის №197734/21-10 წერილით წარმოდგენილი დაკალიბრების დოკუმენტში დაფიქსირებულ და აგრეთვე სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) დატანილი მოცულობებისგან, აღნიშნული გამომდინარეობს დასაწყობებული ტვირთის თავისებურებებიდან, კერძოდ, ნავთობპროდუქტების შენახვისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტითა და რეგულაციით დადგენილი წესები. იმისათვის, რომ რეზერვუარში დასაწყობებულ იქნას გარკვეული რაოდენობის ნავთობპროდუქტი, მისი ზომა უნდა იყოს რამოდენიმე ერთეულით მეტი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 17 ნოემბრის №31923 ბრძანებით შპს „-----“-ზე (ს/ნ -----) (-----; -------) გაიცა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა. აღნიშნული ნებართვის მიღებისას შპს „------“-ს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი ჰქონდა საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის (რეზერვუარების) და მიწის ნაკვეთის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით, აგრეთვე წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული რეზერვუარების მოცულობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ნებართვა გაიცა 7 882 მ 2 ფართის ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებული იყო საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე შენობა–ნაგებობები და საერთო ტექნოლოგიური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებული 7 000 მ 3 საერთო მოცულობის 4 ცალი რეზერვუარი (1 000 მ 3 , 2 000 მ 3 , 2 000 მ 3 , 2 000 მ 3 ) შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად.
2023 წლის 21 ნოემბერს შპს „------“-ის (ს/ნ ----) №197734/21-10 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტებით (დაკალიბრების დოკუმენტი; სიტუაციური გეგმა (ნახაზი)) საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული რეზერვუარების მოცულობები (სარეზერვუარო პარკის საერთო მოცულობა 9 000 მ 3 (1 000 მ 3 , 2 000 მ 3 , 3 000 მ 3 , 3 000 მ 3 )) განსხვავდებოდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) მიერ ნებართვის მიღების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულისგან (7 000 მ 3 საერთო მოცულობის 4 ცალი რეზერვუარი (1 000 მ 3 , 2 000 მ 3 , 2 000 მ 3 , 2 000 მ 3 )). ამასთან ერთად, მოწოდებული დოკუმენტის (ნახაზი) თანახმად, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 40 მ 3 და 50 მ 3 მოცულობის დამხმარე რეზერვუარები, რომლებიც ნებართვის მიღების დროს ნახაზზე არ იყო დატანილი, ხოლო შემდგომში მათი განთავსება არ ყოფილა საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებული.
ვინაიდან ნებართვის მიღების დროს წარმოდგენილი იყო არასწორი ინფორმაცია და შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საბაჟო საწყობის რეალური მონაცემები არ ემთხვეოდა აღნიშნული საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს, შპს „------“-ს (ს/ნ -----) მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL234320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------“-ს (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო თავად ახორციელებს საბაჟო საწყობის საქმიანობას.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ასევე თან უნდა ერთოდეს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობანაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა.
ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №EL234320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL234320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 125, 127(3), 176(1).
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N455 დადგენილება.