გადაწყვეტილება №24506/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24506/2/2024
14 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ის“ 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24506/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. მოგების გადასახადით დაბეგრილი დივიდენდის განაწილება;
3. სამივლინებო თანხების ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის №006-380 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 დეკემბრის №25415 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 438 058.49 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 282 474
დღგ - 148 207
საშემოსავლო გადასახადი - 134 267
ჯარიმა - 108 302
საურავი - 47 282.49
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სილამაზის სალონის მომსახურება იჯარით აღებულ ფართში ქ. ---ში. ქ. ---ს ფილიალი დაიხურა 2022 წელს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №12364 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მაისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის №17208 ბრძანება და №006-380 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 438 058.49 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 20 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 4 დეკემბრის №25415 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხებში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 დეკემბრის №25415 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ფაქტების აღწერა
საწარმო ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობდა მანიკიურის და პედიკიურის მომსახურებაზე, რაც დასტურდება აღებული სერთიფიკატებით, რომელთა უმრავლესობის მოქმედებაც მომჩივნის განცხადების საფუძველზე შეჩერებულია/გაუქმებულია 2020 წელს. შემოწმების დაწყებისას კომპანიას ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ჰქონდა მხოლოდ მანიკიურის მომსახურებაზე, 6 მაგიდაზე. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის განახლება თმის შეჭრაზე მოითხოვა შემოწმების დაწყების შემდგომ 2024 წელს. საწარმოს დირექტორის განმარტებით, სალონში ხდებოდა მხოლოდ მანიკიურის/პედიკიურის მომსახურება და არ ხდება სხვა რაიმე სახის პროცედურის ჩატარება. ბუღალტრულ პროგრამაში (ორისი) დაფიქსირებული შემოსავლები მოიცავს მხოლოდ ქვეიჯარიდან და ფრჩხილის მოვლის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს. თუმცა, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თმის საღებავების, შამპუნების და სხვა ისეთი სახის მასალების შეძენა, რაც ადასტურებს სხვა მომსახურების გაწევასაც. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო მასალებით დგინდება სხვადასხვა კოსმეტიკური თუ თმის შეჭრა/მოვლის პროცედურების ჩატარებაც. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 მაისს საწარმოში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურით ფიქსირდება, რომ სალონში გარდა მანიკიურის მომსახურებისა, ხდება თმის შეჭრა/დავარცხნის მომსახურების გაწევაც. შედგენილ ოქმში დაფიქსირებულია მომსახურების ფასები, რასაც ხელს აწერს კომპანიის დირექტორიც. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად არ წარუდგენია. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 136-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში დამუშავდა ინფორმაცია მომსახურებაში გამოყენებული პროდუქციის შესახებ, დაანგარიშდა შეძენილი და გახარჯული თმის საღებავების და შამპუნების ოდენობა, გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქონლის ნაშთების შესახებ. მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის, სხვა მსგავსი კომპანიიდან გამოთხოვილი კალკულაციის და ასევე საწარმოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დაანგარიშდა გაწეული მომსახურების რაოდენობა, რაც გულისხმობს მხოლოდ თმის შეჭრა/დავარცხნის მომსახურებას. შესაბამისად, გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვის საშუალო ფასი: შეჭრა - 10 ლარი და ვარცხნილობა - 30 ლარი, ხოლო მცირე რაოდენობაზე თმის საღებავების მიხედვით თმის შეღებვის და დაბანის ღირებულებად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისგან თავდაპირველად მიღებული ინფორმაცია საშუალოდ 125 ლარი (მოიაზრება სადღესასწაულოდ სრული თმის შეღებვისა და ე.წ „მელირების“ საშუალო ფასები, რომელიც ანალიზისთვის შედარებულია სხვა მსგავს საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოს ფასებთან). აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული/მისაღები დასაბეგრი შემოსავალი, რის საფუძველზეც, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, 2021 წლის ოქტომბრის თვიდან საწარმოს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 951 და 956 მუხლების საფუძველზე, კომპანიას ამავე პერიოდიდან გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების პროცესში ასევე განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილი მონაცემები შეუდარდა წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ ფულადი სახსრების მოძრაობას. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 951 , 955 , 956 , 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში სრულად არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების დაწყებისას საწარმოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ჰქონდა მხოლოდ მანიკიურის მომსახურებაზე, 6 მაგიდაზე. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის განახლება თმის შეჭრაზე მოითხოვა შემოწმების დაწყების შემდგომ 2024 წელს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც დაფიქსირებული შემოსავლები მოიცავს მხოლოდ ქვეიჯარიდან და ფრჩხილის მოვლის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს. თუმცა, დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება თმის საღებავების, შამპუნების და სხვა ისეთი სახის მასალების შეძენა, რაც ადასტურებს სხვა მომსახურების გაწევასაც. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 მაისს საწარმოში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურით ფიქსირდება, რომ სალონში გარდა მანიკიურის მომსახურებისა, ხდება თმის შეჭრა/დავარცხნის მომსახურების გაწევაც.
შემოწმების პროცესში, დამუშავდა მომსახურებაში გამოყენებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, დაანგარიშდა შეძენილი და გახარჯული თმის საღებავების და შამპუნების ოდენობა, გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქონლის ნაშთების შესახებ. მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის, სხვა მსგავსი კომპანიიდან გამოთხოვილი კალკულაციის და ასევე საწარმოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დაანგარიშდა გაწეული მომსახურების რაოდენობა, რაც გულისხმობს მხოლოდ თმის შეჭრა/დავარცხნის მომსახურებას. შესაბამისად, გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვის საშუალო ფასი: შეჭრა - 10 ლარი და ვარცხნილობა - 30 ლარი, ხოლო მცირე რაოდენობაზე თმის საღებავების მიხედვით თმის შეღებვის და დაბანის ღირებულებად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისგან თავდაპირველად მიღებული ინფორმაცია საშუალოდ 125 ლარი.
შემოწმებით, გაიზარდა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები დასაბეგრი შემოსავალი და 2021 წლის ოქტომბრის თვიდან საწარმოს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, მომჩივანს ამავე პერიოდიდან გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დღგ, ხოლო შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, ფიქსირებული გადასახადით და ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებისას დეკლარირებული მოგების გადასახადის შემცირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო გარემოებად არ დამდგარა სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ფარგლებში მოგების განაწილებისას დეკლარირებული გადასახადის შემცირების საკითხი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის ეტაპზე არ წარუდგენია სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის და განაწილებული მოგების ოდენობის შესახებ ინფორმაცია.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახური არ იზიარებს მომჩივნის პოზიციას და მიაჩნია, რომ დეკლარირებული მოგების გადასახადის შემცირების საფუძვლები არ არსებობს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ახორციელებს სილამაზის სალონის მომსახურების გაწევას იჯარით აღებულ ფართში. ძირითადი საქმიანობაა ფრჩხილების მოვლის მომსახურება (რაც საწარმოს დასახელებიდანაც იკვეთება), ხოლო დამატებით გადასახადის გადამხდელი ახორციელებს თმის მოვლის სხვადასხვა მომსახურებებსაც. შემოწმების შედეგად გადასახადების უდიდესი ნაწილის დარიცხვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტორის მიერ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არასწორად შემუშავებული არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: აუდიტორმა შემოწმების პროცესში დაფიქსირებული, მომსახურების გაწევისთვის საჭირო, მასალების შეძენის მთლიან ოდენობაზე, კერძოდ, თმის საღებავებზე და შამპუნებზე (შამპუნებზე შემოწმების ბოლო პერიოდისთვის არსებული ნაშთების გათვალისწინებით, ხოლო საღებავებზე მთლიანად) გაავრცელა „სხვა მსგავსი კომპანიის“ კალკულაციები, რის საფუძველზეც აწარმოა არარეალური ოდენობის თმის შეღებვა/დაბანის მომსახურება. მიღებული მომსახურებების სრულ ოდენობაზე კი გაავრცელა გადასახადის გადამხდელისგან მიწოდებული „სადღესასწაულოდ სრული თმის შეღებვისა და ე.წ. „მელირების“ საშუალო ფასი 125 ლარი“. შედეგად, მოცემული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კომპანიას განესაზღვრა თმის მოვლის მომსახურების გაწევით მიღებული კოლოსალური ოდენობის შემოსავალი.
შემოწმების აქტში აუდიტორი აცხადებს, რომ საწარმო ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობდა მხოლოდ მანიკურის და პედიკურის მომსახურებაზე, ხოლო თმის შეჭრაზე სტატუსის განახლება მოითხოვა საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ პერიოდში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კომპანიას 2019 წელს მინიჭებული ჰქონდა თმის მოვლის მომსახურებებზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, თუმცა შემდგომ გადასახადის გადამხდელის ვებ-გვერდზე ატვირთული აქვს ჯერ სტატუსის „შეჩერების“ განცხადება და შემდეგ, ნაცვლად სტატუსის „განახლების“ განცხადებისა, „სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის აღდგენის“ განცხადება, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო შემოსავლების სამსახურისგან.
მას შემდეგ მომჩივანი ფიქრობდა, რომ ჰქონდა თმის შეჭრის მომსახურებაზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კომპანია თმის მოვლის მომსახურების წარმოებისთვის საჭირო მასალებს მხოლოდ დოკუმენტურად იძენდა და არ განიზრახავდა მათ დამალვას, დავრწმუნდებით იმ ფაქტში, რომ განცხადება ტექნიკური შეცდომით ატვირთა და თვლიდა, რომ გააჩნდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი თმის შეჭრის მომსახურებაზეც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გარეშე საქმიანობაზე (თმის მოვლის მომსახურებებზე) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოთვლილმა დიდი ოდენობის ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს, რამაც გამოიწვია კომპანიის დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება და ფრჩხილების მოვლის მომსახურებაზეც არსებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება.
მომჩივნის არგუმენტები შემოსავლების სამსახურმა მოისმინა და სხდომის მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მან გაიზიარა შემმოწმებლის მიერ კალკულაციაში გამოყენებული სიდიდეების მცდარობის საკითხი, თუმცა, როგორც ჩატარებული სხდომების სიმრავლე ცხადჰყოფს, ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. პირადი ტექნიკური შეცდომისა და აუდიტორის მიერ შემუშავებულ არაპირდაპირ მეთოდში გამოყენებული არარეალური კალკულაციების გამო გადასახადის გადამხდელი სასტიკად დაიჩაგრა და მისი საგადასახადო ვალდებულებები გადამეტებით შეფასდა.
1) შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემმოწმებელმა საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოიყენა „სხვა მსგავსი“ კომპანიის კალკულაციები, რის მიხედვითაც დათვალა, თუ რამდენი მილილიტრი შამპუნი სჭირდება საშუალოდ ადამიანისთვის თმის 5 დაბანის მომსახურებას. შედეგად გაარკვია თუ რამდენი ადამიანისთვის გასწევდა კომპანია თმის დაბანის მომსახურებას 1 ლიტრი შამპუნით. მიიღო გარკვეული ოდენობა, რაც შემდგომ გაამრავლა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი შამპუნის სრულ ოდენობაზე (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაშთების გათვალისწინებით). შემმოწმებელთან კონსულტაციის შედეგად დადგინდა, რომ მათი ანალიზის მიხედვით, 1 ლიტრი შამპუნით შესაძლებელია საშუალოდ 42,5 ადამიანისთვის თავის დაბანის მომსახურების გაწევა. გამომდინარე აქედან შემოწმებამ ჩათვალა, თითქოს თმის დაბანისთვის საკმარისია საშუალოდ მხოლოდ 23 მილილიტრი შამპუნი. მას არ გაუთვალისწინებია სალონის მომხმარებელთა და მათ მოთხოვნილებათა მრავალფეროვნება და არც ის, რომ თმის შეღებვა/დაბანის მომსახურებაში დახარჯული მასალის ოდენობა განსხვავდება თმის მდგომარეობისა (ცხიმიანი, დაზიანებული და სხვა) და სიგრძის მიხედვითაც. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სალონი---ში მდებარეობს და მარილიანობიდან გამომდინარე თმის მოვლის მომსახურებების უმეტეს შემთხვევებში ხდება მომხმარებლისთვის თმის ორჯერ დაბანა. პირველ დაბანას აუცილებლად სჭირდება შამპუნის თავზე ორჯერ დასხმა, პირველი ცხიმიანობის (და ლოკაციიდან გამომდინარე მარილიანობის) მოსაცილებლად და მეორე კარგად ასაქაფებლად. მეორე დაბანისას უმეტესად საკმარისია შამპუნის თავზე ერთხელ დასხმა. ამ პროცედურის სრულფასოვნად შესრულება კი შეუძლებელია მხოლოდ 23 მილილიტრი შამპუნის გამოყენებით.
ზემოაღნიშნული გარემოება შემმოწმებელმა უგულებელყო და განსაზღვრა, რომ 1 ლიტრი შამპუნით კომპანია მოემსახურა საშუალოდ 43 მომხმარებელს. აღნიშნული ციფრი გაამრავლა შეძენილი შამპუნების ლიტრაჟობაზე. ამ გამოთვლებით მიღებული მომხმარებლების საერთო ოდენობის გარკვეულ ნაწილს (შეძენილი საღებავებიდან გამომდინარე) შემდგომ მიუყენა სადღესასწაულოდ სრული თმის დაბანა/შეღებვისა და ე.წ. „მელირების“ მომსახურების საშუალო ფასი 125 ლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილს თმის შეჭრა/ვარცხნის ღირებულება. მოცემული კალკულაციით კომპანიის ბრუნვა გადასცდა 100 000 ლარს, რამაც გამოიწვია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია და სხვა საქმიანობაზეც ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდის არსებული პრინციპი არასწორია და ითხოვს მის გადახედვას და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებას. აცნობიერებს, რომ მომხმარებელთა მოთხოვნილების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შეუძლებელია თმის დაბანისთვის შამპუნის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, თუმცა შემოწმების კალკულაციებში გამოყენებული მონაცემი (23 მილილიტრი ერთი ადამიანის მომსახურება) ძალიან მცირედ მიაჩნია.
არგუმენტის გასამყარებლად, გადასახადის გადამხდელმა დავების განხილვის პროცესში წარადგინა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ შამპუნის ერთი დასხმისთვის (და არა თმის მომსახურების სრული პროცედურისას, რასაც შეიძლება შამპუნის 3-ჯერ დასხმაც კი დასჭირდეს) საშუალოდ კომპანია იყენებს 25 მილილიტრამდე ოდენობის შამპუნს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა უყურადღებოდ დატოვა შემოსავლების სამსახურმა.
2) შემოწმების აქტის მიხედვით, აუდიტორმა თმის შეღებვისა და დაბანის მომსახურების ღირებულებად განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ თავდაპირველად მიწოდებული ინფორმაცია საშუალოდ 125 ლარი, რაშიც „მოიაზრება სადღესასწაულოდ სრული თმის შეღებვისა და ე.წ. მელირების საშუალო ფასები“. ეს დეტალიც წარმოადგენს აუდიტორის მიერ კომპანიის ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული სიდიდეების არარეალურობის დამადასტურებელ დამატებით ფაქტორს. ყურადღება უნდა გამახვილდეს ტერმინზე „სადღესასწაულოდ“ და „სრული თმის შეღებვა“.
თმის მოვლის მომსახურების გამწევი სალონის მიერ თმის საღებავი ძირითადად იხარჯება ჭაღარისადმი მიდრეკილი (უმეტესად შუახნის ან ასაკოვანი) მომხმარებლებისთვის მხოლოდ თმის ძირების შეღებვაში. თმის სწრაფი ზრდიდან გამომდინარე ადამიანს, რომელსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს და სურს ჭაღარა თმის სხვა ფერით გადაფარვა, თვეში საშუალოდ ერთხელ უწევს თმის ძირების შეღებვა. შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ წლის განმავლობაში სალონისთვის მსგავსი სეგმენტის მომხმარებლების პროცენტული ოდენობა საგრძნობლად აჭარბებდეს ისეთ მომხმარებელთა ოდენობას, რომლებსაც სრული თმის შეღებვა სურთ. მხოლოდ თმის ძირების შეღებვასთან დაკავშირებული სრული მომსახურების ღირებულება მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე საშუალოდ 40 ლარს არ აღემატებოდა. ასევე, სალონში ხშირად ბავშვებიც იღებავენ თმის ნახევარს, რასაც ასევე დაბალი ფასი აქვს სრული თმის შეღებვასთან შედარებით. გამომდინარე აქედან, როდესაც ისედაც არასწორად განსაზღვრული თმის დაბანა/შეღებვის მომსახურების ჯამურ ოდენობას სრული თმის დაბანა/შეღებვის ღირებულებაზე ამრავლებ, შემუშავებული არაპირდაპირი მეთოდი კიდევ უფრო სცილდება რეალობას. ამასთან, აუდიტორი აცხადებს, რომ შემოწმების სრულ პერიოდზე გამოყენებული ფასი ასევე შედარებულია სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს ფასებთან.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, საწარმო უნდა წარმოადგენდეს უახლოეს ტერიტორიაზე ოპერირებად, იდენტური მომსახურების გამწევ საწარმოს იმისათვის, რომ არაპირდაპირ მეთოდში გამოყენებული ფასი რეალურ საბაზრო ფასად ჩაითვალოს.
ასევე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 23-ე მუხლის მიხედვით, თუ აუდიტორი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი გზით განსაზღვრისას იყენებს შედარების მეთოდს, „შესადარის“ პირად უნდა განიხილოს ისეთი სუბიექტი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში განეკუთვნება განსახილველი პირის სიდიდის კატეგორიას (მცირე, საშუალო, მსხვილი) და რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემებიდან არანაკლებ 7 პუნქტში ემთხვევა შესამოწმებელ პირს.
ესენია: • სამართლებრივი ფორმა • საქმიანობის სფერო • საქმიანობის ფაქტობრივი ადგილი, შემდეგი რიგითობით: ქალაქი, რაიონი, რეგიონი • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია • დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა • დღგ-ის ჩათვლები • იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულება • დაქირავებულ პირთა რაოდენობა • გაცემული ხელფასების ოდენობა • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულება • საკონტროლო სალარო-აპარატების რაოდენობა • ობიექტების რაოდენობა • დასაბეგრი ქონების ღირებულება. შემოწმების დროს კი გათვალისწინებულია ----ში ფუნქციონირებადი ისეთი სალონის კალკულაციები და მიმდინარე ფასები, რომელიც ძირითადად თმის მოვლის მომსახურებებზე არის ორიენტირებული და ჰყავს საკმაოდ დიდი ოდენობის დაქირავებული პირებიც, ხოლო საწარმო (სახელიდან გამომდინარეც მიხვდებით) უმეტესად ფრჩხილების მოვლის მომსახურებებს ეწევა, დამატებით გასწევს თმის მოვლის მომსახურებას და საერთოდ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.
აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელის კალკულაციები და ფასები შედარებულია ისეთ სუბიექტზე, რომელიც ნამდვილად არ წარმოადგენს იმავე ტერიტორიაზე ფუნქციონირებად, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ შესადარის სუბიექტს. შემმოწმებლის მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ უნდა იქნას თმის ყველა სახით შეღებვის ფასები სხვადასხვა წლების მიხედვით და შემდგომ მოხდეს მათი გავრცელება წარმოებული შეღებვის მომსახურებების ოდენობაზე.
3) შემოწმების პროცესში კომპანიის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა უმეტესწილად აგებულია მის მიერ შეძენილ შამპუნებსა და საღებავებზე. შეძენის დამადასტურებელი ზედნადებებიდან ჩანს, რომ საწარმო შამპუნებს ყიდულობს ძირითადად 5 ლიტრიანი ბოთლებით, ხოლო დანარჩენი შეძენილია 1 ლიტრიანი და 200-300 გრამიანი ბოთლებით. სწორედ 5 ლიტრიანი ბოთლებით შეძენილი შამპუნი გამოიყენება თმის დაბანის მომსახურების წარმოებისთვის, ხოლო სხვა ოდენობის ერთეულების მქონე შამპუნების ძირითადი ოდენობა გახარჯულია წამახალისებელი აქციებისა თუ მუდმივი კლიენტებისთვის მომსახურებასთან ერთად შეღავათიან ფასში მიყიდვის გზით. საღებავებს საწარმო ძირითადად 100 გრამიანი ტუბებით იძენს და მათი გარკვეული ნაწილიც შეღავათიან ფასში რეალიზებულია სალონის პრომოუშენის მიზნით მომხმარებელთა კეთილგანწყობის ამაღლებისთვის. როდესაც მომხმარებელი კონკრეტული სალონის მუდმივი კლიენტი ხდება, მას მომსახურებასთან ერთად მოსწონს მასში გამოყენებული მასალებიც (კონკრეტული სახის შამპუნი, კონკრეტული ფერის თმის საღებავი და ა.შ.) და ის ფაქტიურად დამოკიდებული ხდება მათზე.
შესაბამისად, მათთვის მომგებიანია ბაზარზე არსებული ფასისგან საგრძნობლად დაბალ ფასად სასურველი შამპუნისა თუ საღებავის შეძენა, რასაც სალონში ხშირად ახორციელებდნენ. აღნიშნულის დასადასტურებლად დავების პროცესში წარადგინეს კომპანიის მუდმივი მომხმარებლების გარკვეული ოდენობის ნოტარიულად დამტკიცებული განცხადება მათ მიერ სალონისგან შამპუნებისა და საღებავების შეძენის შესახებ. საღებავებთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია, რომ შამპუნებისგან განსხვავებით აუდიტორს მისი საბოლოო ნაშთები არ აქვს გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდით ვალდებულების განსაზღვრისას. არ არის რეალური, რომ სალონმა თვე მომსახურებისთვის საჭირო მასალების ნაშთის გარეშე დაიწყოს. ითხოვს, რომ გათვალისწინებულ იქნას გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საღებავების ნაშთების მონაცემებიცა და გახარჯვის ნორმები. შეეცდება ასევე მათემატიკური გამოთვლებით შექმნას წარმოდგენა იმ მცდარი სურათისა, რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოიკვეთა. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 280 ლიტრი შამპუნი და პერიოდის ბოლოს ნაშთად უფიქსირდება 20 ლიტრი. თუ აუდიტორმა განსაზღვრა, რომ ერთი ლიტრი შამპუნით შესაძლებელია საშუალოდ 43 ადამიანისთვის თმის დაბანის მომსახურების გაწევა, გამოდის რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურება გაუწევია დაახლოებით 11 180 (260*43=11180) ადამიანისთვის. კომპანიას ჰყავს ერთი თმის სტილისტი. აღნიშნულ ადამიანთან დაკავშირებით შემმოწმებელიც ფლობდა ინფორმაციას. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში განმარტებულია სალონის მუშაობის გრაფიკი. კერძოდ: სტილისტი კვირაში ერთი დღე ისვენებს, რაც ნიშნავს, რომ იგი თვეში მუშაობს 26 დღე, წელიწადში კი გამოდის 312 დღე (ესეც სხვა ოფიციალური დღესასწაულებისა და შვებულების გაუთვალისწინებლად). შვებულებაც რომ მცირედი ოდენობით (წელიწადში 12 დღე) გავითვალისწინოთ, წელიწადში ნამუშევარი გამოვა 300 დღე. სალონი კი დღის განმავლობაში 2021 წელს მუშაობდა 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე), რაც ჯამში 9 საათს შეადგენს, ხოლო დანარჩენ წლებში 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ჯამში 10 საათი. თუ აუდიტორის გამოთვლებს გავყვებით გამოდის, რომ დღის განმავლობაში, სტილისტი ემსახურება საშუალოდ 11 ადამიანს (11180 ადამიანი / 1004 დღე (შესამოწმებელი პერიოდის დღეები, 3 წელი 300 დღე და 2024 წლის 4 თვე)=11 ადამიანი დღეში), რაც შეუძლებელია, როგორც 9, ასევე 10 საათში. თმის დაბანასთან თანმდევ მომსახურებას (შეჭრა, შეღებვა, დავარცხნა და სხვა) საშუალოდ 1,5 საათი სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ სტილისტი შეუსვენებლად მუშაობითაც კი ვერ მოემსახურება ამ ოდენობის მომხმარებელს დღეში. ის კი მინიმუმ 1 საათს ისვენებს დღის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ კომპანიას ნამდვილად არ აქვს დახარჯული შეძენილი შამპუნისა, თუ საღებავის სრული ოდენობა მის მიერ გაწეულ მომსახურებებში. შესაბამისად, ითხოვს, რომ გათვალისწინებულ იქნას მომჩივნის მიერ წარდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული, დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები და შემცირდეს არაპირდაპირი მეთოდით კომპანიის ვალდებულების განსაზღვრაში გამოყენებული შამპუნებისა და საღებავების მოცულობები.
4) შემოწმების ბოლოს განსაზღვრული ფულადი სახსრები აუდიტორს კლასიფიცირებული აქვს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საწარმოს დეკლარირებული მონაცემების მიხედვითაც ჩანს, რომ მის ერთპიროვნულ დირექტორს/დამფუძნებელს ძირითადად დივიდენდის სახით აქვს თანხები აღებული. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის ყველა კომპეტენტური წარმომადგენელი თანამშრომლობდა აუდიტორთან. მათ მიერ ყველა დასმულ კითხვაზე გაცემულია პასუხი, შესაძლებლობების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, შემმოწმებელმა არ ჩათვალა საჭიროდ მათთან კონსულტაციის გავლა აღნიშნულ ფულთან დაკავშირებით (ხელფასად განხილულიყო, მოგების განაწილებად, თუ უპროცენტო სესხად), როგორც ამას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანება განსაზღვრავს.
შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული თანხების დამფუძნებლის მიერ მოგების განაწილებად დაკვალიფიცირებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას/კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობის დადგომის დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2025 წლის №7326-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს საქმიანობაა სილამაზის სალონის მომსახურება იჯარით აღებულ ფართში ქ. ---ში. ქ. ---ის ფილიალი დაიხურა 2022 წელს. კომპანია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობდა მანიკურის და პედიკურის მომსახურებაზე, რაც დასტურდება აღებული სერთიფიკატებით, რომელთა უმრავლესობის მოქმედებაც გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე შეჩერებულია/გაუქმებულია 2020 წელს.
შემოწმების დაწყებისას საწარმოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ჰქონდა მხოლოდ მანიკურის მომსახურებაზე, 6 მაგიდაზე. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის განახლება თმის შეჭრაზე მოითხოვა შემოწმების დაწყების შემდგომ, 2024 წელს. კომპანია აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისის ბუღალტერიაში, სადაც დაფიქსირებული შემოსავლები მოიცავს მხოლოდ ქვეიჯარიდან და ფრჩხილის მოვლის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს. თუმცა, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თმის საღებავების, შამპუნების და სხვა ისეთი სახის მასალების შეძენა, რაც ადასტურებს სხვა მომსახურების გაწევასაც.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო მასალებით დგინდება სხვადასხვა კოსმეტიკური თუ თმის შეჭრა/მოვლის პროცედურების ჩატარებაც. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 მაისს საწარმოში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურით ფიქსირდება, რომ სალონში გარდა მანიკურის მომსახურებისა, ხდება თმის შეჭრა/დავარცხნის მომსახურების გაწევაც. შედგენილ ოქმში დაფიქსირებულია მომსახურების ფასები, რასაც ხელს აწერს კომპანიის დირექტორი.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად არ წარუდგენია. შემოწმების პროცესში დამუშავდა მომსახურებაში გამოყენებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, დაანგარიშდა გაწეული მომსახურების რაოდენობა, რაც გულისხმობს მხოლოდ თმის შეჭრა/დავარცხნის მომსახურებას. შესაბამისად, გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვის საშუალო ფასი: შეჭრა - 10 ლარი და ვარცხნილობა - 30 ლარი, ხოლო მცირე რაოდენობაზე, თმის საღებავების მიხედვით, თმის შეღებვის და დაბანის ღირებულებად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისგან თავდაპირველად მიღებული ინფორმაცია საშუალოდ (100- 150) 125 ლარი (მოიაზრება სადღესასწაულოდ სრული თმის შეღებვისა და ე.წ. „მელირების“ საშუალო ფასები), რომლითაც (ანალიზისთვის შედარებულია სხვა მსგავს საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოს ფასებთან) გაიზარდა მომჩივნის მიერ მიღებული/მისაღები დასაბეგრი შემოსავალი, რამაც საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2021 წლის ოქტომბრის თვიდან, წარმოშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.
საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის შესაბამისად, საწარმოს ამავე პერიოდიდან უუქმდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.
საგადასახადო კოდექსის 49-ე, 136-ე, 145-ე, 73-ე, 159-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების პროცესში კომპანიის წარმომადგენლისთვის გაცნობილ იქნა გაანგარიშების ცხრილები, დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები და დაანგარიშების მეთოდები, როგორც სატელეფონო საუბრის, ისე პირადი შეხვედრის დროს. თუმცა, მომჩივანს არ წარუდგენია არანაირი არგუმენტი და დამადასტურებელი დოკუმენტაცია შამპუნების და საღებავების გაჩუქების თაობაზე. მეტიც, შემოწმების დასაწყისში გადასახადის გადამხდელი საერთოდ უარყოფდა თმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას. ასევე, შემოწმებისთვის არ აქვს წარდგენილი ე.წ. „ფასების პრეისკურანტი“, რის გამოც საჭირო გახდა შემოწმების პროცესში ეხელმძღვანელათ სხვა მსგავსი სალონების საშუალო ფასით.
შემოწმებით განხორციელდა ფულის მოძრაობის შესწავლა. დადგენილი მონაცემები შედარდა წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ ფულადი სახსრების მოძრაობასთან. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 80-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული თანხა დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიას 2019 წელს მინიჭებული ჰქონდა თმის მოვლის მომსახურებებზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, თუმცა შემდგომ გადასახადის გადამხდელის ვებგვერდზე ატვირთული აქვს ჯერ „სტატუსის შეჩერების“ განცხადება და შემდეგ, ნაცვლად „სტატუსის განახლების“ განცხადებისა, „სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის აღდგენის“ განცხადება, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო შემოსავლების სამსახურისგან. მას შემდეგ მომჩივანი ფიქრობდა, რომ ჰქონდა თმის შეჭრის მომსახურებაზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კომპანია თმის მოვლის მომსახურების წარმოებისთვის საჭირო მასალებს მხოლოდ დოკუმენტურად იძენდა და არ განიზრახავდა მათ დამალვას, დავრწმუნდებით იმ ფაქტში, რომ განცხადება ტექნიკური შეცდომით ატვირთა და თვლიდა, რომ გააჩნდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი თმის შეჭრის მომსახურებაზეც. მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
2. მოგების გადასახადით დაბეგრილი დივიდენდის განაწილება
ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადით აქვს დაბეგრილი მის მიერ ფიქსირებული გადასახადის სტატუსით და მის გარეშე (ტექნიკური შეცდომის გამო) საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება, რაც აუდიტორის მიერ არ არის შემცირებული. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 130-ე, 154-ე მუხლებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის პირველ, მე-5 მუხლებზე და ითხოვს, რომ განისაზღვროს გარკვეული პროპორცია, რის მიხედვითაც განაწილდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე და მის გარეშე საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები. მიღებულ მონაცემზე დაყრდნობით კი, ხსენებული სტატუსით საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის წილის მიხედვით, შემცირდეს მოგების გადასახადის თანხები დეკლარირებული განაწილებული დივიდენდებიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ან ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სამივლინებო თანხების ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საწარმოს 2024 წელს ბანკიდან აღებული აქვს სესხი, რომელიც გაცემულია დირექტორსა და დამფუძნებელზე. დირექტორის განცხადებით, 90 519 ლარი იყო მივლინების თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარდგენილი დოკუმენტაციით აღნიშნული მივლინება შემოწმების მიერ არ ჩაითვალა მიზნობრივად, ვინაიდან ვერ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საწარმოს 2024 წელს ბანკიდან აღებული აქვს სესხი, რომელიც გაცემულია დირექტორსა და დამფუძნებელზე. შემოწმებისთვის წარდგენილი დირექტორის განცხადებით, 90 519 ლარი იყო მივლინების თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით აღნიშნული მივლინება შემოწმების მიერ არ ჩაითვალა მიზნობრივად, ვინაიდან ვერ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბანკიდან აღებული აქვს სესხი, რა თანხითაც მისი დირექტორი და დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით. აღნიშნული თანხები შემმოწმებელს მთლიანად დაბეგრილი აქვს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა არ ადგენს რაიმე გარემოებებს, რაც ვიზიტის ხანგრძლივობის მიხედვით ჩათვლის ან ვერ ჩათვლის ქვეყნის გარეთ გამგზავრებას მივლინებად. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და დარწმუნების რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, აუდიტმა არ გაითვალისწინა ამ ვიზიტის საქმიან ვიზიტად ჩათვლის ფაქტორები და მთლიანად დაბეგრა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მას შეეძლო მინიმუმ გარკვეული პროპორციით განეხილა ვიზიტის ნაწილი მივლინებად და ნაწილი არასაქმიან ვიზიტად. მტკიცებულებების გარეშე მსგავსი ოპერაციების კლასიფიკაციის შეცვლა არაკანონიერია და ითხოვს მასთან დაკავშირებით დარიცხული თანხების გაუქმებას. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს საწარმოსა და მის პარტნიორს შორის დადებულ ხელშეკრულებას ბაზრის კვლევისა და კომპანიის გაფართოების პერსპექტივების განხილვის შესახებ.
ამასთან, მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია წარმოადგინოს მიმოწერები 2024 წელს მივლინების დაგეგმვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შესაბამის სამსახურს სწორად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ან ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2025 წლის №7326-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის მიერ 2024 წელს აღებულია სესხი.
საწარმოს დირექტორის განცხადებით, 90 519 ლარი იყო მივლინების თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, აღნიშნული მივლინება ვერ ჩაითვალა მიზნობრივად და ვერ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 101-ე მუხლის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. მოგების გადასახადით დაბეგრილი დივიდენდის განაწილება;
3. სამივლინებო თანხების ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის ბუღალტრულ პროგრამაში (ორისი) დაფიქსირებული შემოსავლები მოიცავს მხოლოდ ქვეიჯარიდან და ფრჩხილის მოვლის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს. თუმცა, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდება თმის საღებავების, შამპუნების და სხვა ისეთი სახის მასალების შეძენა, რაც ადასტურებს სხვა მომსახურების გაწევასაც. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოწმებით, გაიზარდა გადამხდელის მიერ მიღებული/მისაღები დასაბეგრი შემოსავალი, რის საფუძველზეც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საწარმოს მიერ გაცემულია დირექტორსა და დამფუძნებელზე მივლინების თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმოდგენილი დოკუმენტაციით აღნიშნული მივლინება შემოწმების მიერ არ ჩაითვალა მიზნობრივად, ხოლო თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
დანარჩენ ნაწილში, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 95 1; 95 5; 95 6; 165 7 1; 101; 154; 282; 98 1; 269 (7)