გადაწყვეტილება №20630/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20630/2/2023
09 თებერვალი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 და 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"- ის 21.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20630/2/2023).
დავის საგანი:
უარი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებაზე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის № "-------" წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20369 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას 28.11.2013 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ნარჩენი 56 503.64 ლარი, საურავი 16 294.76 ლარი და ზედმეტობა 55 158.90 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 28.11.2013 წლის №007-28557 შეტყობინებით კომპანიის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
14.07.2023 წელს მომჩივნის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილია №"-------" განცხადება, რომლითაც გადამხდელი ქონების ნაწილზე ითხოვდა გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც არ დაკმაყოფილდა და მომჩივანს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის № "------" წერილით.
აღნიშნული წერილი 20.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.08.2023 წლის №20369 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიღებული გადაწყვეტილება არის არამართლზომიერი, იგი უნდა გაუქმდეს და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება უზრუნველყოფილ იქნეს შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ფარგლებში, იმ ქონებაზე რაც წარდგენილი აქვს, რომლის ღირებულება რელევანტურია მოთხოვნის ოდენობასთან აუდიტორული კომპანიების შეფასების მიხედვითაც, ხოლო დანარჩენ ქონებაზე გაუქმებულ იქნას უზრუნველყოფის ღონისძიებები.
კომპანიის მიერ მიმართულ იქნა შემოსავლების სამსახურისთვის და მოთხოვნილ იქნა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კონკრეტულ ქონებებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო წერილში არ არის რაიმე მითითება გადაწყვეტილების დასაბუთებაზე და აღნიშნულია მხოლოდ საკანონმდებლო ნორმები, რომელთა საფუძველზეც ხდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება და გაუქმება.
კომპანიის მიერ მიმართულ იქნა "----"-ის საქალაქო სასამართლოსთვის რეაბილიტაციის გზით გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების და მოვალის მართვაში დატოვების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 5.08.2022 წლის განჩინებით კომპანიის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და საწარმოს მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე "-----"-ის საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის №2/2458-22 განჩინებით დამტკიცებულ იქნა კომპანიის რეაბილიტაციის გეგმა და განჩინება განთავსდა საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნული რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის, კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცებულია შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით და განსაზღვრულია კონკრეტული კრედიტორული მოთხოვნის ოდენობა, რომლის დაფარვაც განხორციელდება 2024 წლის იანვრის თვიდან. შემოსავლების სამსახურის კრედიტორულ მოთხოვნას, რომლის დაფარვასაც ითვალისწინებს დამტკიცებული გეგმა წარმოადგენს 363 277.56 ლარი (საურავების/ჯარიმის გამოკლებით). დამტკიცებული გეგმა სავალდებულოა შესასრულებლად. კერძოდ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმა ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე, ხოლო ამავე კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ მისი შესრულება სავალდებულოა რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა მხარისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც ეს გეგმა ეხება, იმ კრედიტორებისთვის, რომელთა მოთხოვნებიც ამ კანონის შესაბამისად არ იქნა აღიარებული, აგრეთვე, იმ კრედიტორებისთვის, რომლებმაც რეაბილიტაციის გეგმის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
რეაბილიტაციის გეგმის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მიიღწევა კონკრეტულ მოქმედებათა განხორციელებით. კერძოდ, რეაბილიტაციის რეჟიმისა და დამტკიცებული გეგმის ფარგლებში საწარმოს შეეძლება განაახლოს საქმიანი ურთიერთობები მსხვილ ორგანიზაციებთან, რაც საფუძველია შემოსავლების მოზიდვისა და თითოეული კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს, როგორც ბიზნეს სუბიექტის მიერ სამოქალაქო სამართლებრივ და ბიზნეს ურთიერთობებში შესვლა ფერხდება საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო. დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმით გაწერილია კრედიტორულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების უზრუნველყოფისათვის კონკრეტული მოქმედებები. კერძოდ, აღნიშნული გეგმის მიხედვით, საწარმოს უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია ვალდებულებების დაფარვის ერთ-ერთი რეალური წყაროა (შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეზღუდვების მოხსნისთანავე). რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო. უფრო კონკრეტულად კი, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონების შეძენა არახელსაყრელია ნებისმიერი კონტრაგენტისათვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა საწარმოს ექნება თუ არა ქონების რეალიზაციის სამართლებრივი უფლება, გირავნობა/იპოთეკით საწარმოს მთელი ქონებით დატვირთვა, ფაქტობრივად, აფერხებს იმ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის დასაფარად.
მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის გეგმასა და მასში ასახულ გარემოებებს დაეთანხმა შემოსავლების სამსახური, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მხრიდან ამავე გეგმის შესრულების ხელშეშლა არ არის მიზანშეწონილი. წარდგენილ რეაბილიტაციის გეგმაში ასახულია ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ოდენობას. აღნიშნული გარემოებებიდან და გირავნობის/იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდეს მხოლოდ საგადასახადო დავალიანების ფარგლებში (სასამართლო განჩინებით და ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით დადგენილი შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ფარგლებში). ხოლო დარჩენილ ქონებაზე გაუქმდეს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება.
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გირავნობა/იპოთეკის უფლება ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული დავალიანების ფარგლებზე მეტი ღირებულების აქტივებზე გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია არამართლზომიერია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით:
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით:
1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის მიერ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილ ფარგლებში, ამასთან, იმგვარად რომ მიღწეული ყოფილიყო აღნიშნული უფლებამოსილების მიზანი. კერძოდ, უნდა შეფასებულიყო გირავნობის/იპოთეკის უფლების კონკრეტულ ქონებებზე გაუქმების შემთხვევაში კვლავ იქნებოდა თუ არა შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა უზრუნველყოფილი, აგრეთვე, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა დასახული მიზნის, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების, მიღწევა. რაზეც უნდა აღინიშნოს, რომ უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ დავალიანების ფარგლებში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნას წარმოადგენს აღნიშნული დავალიანების ოდენობის გარდა, დანარჩენი ღირებულების ქონებაზე გირავნობის/იპოთეკის უფლების მოხსნა. შესაბამისად, ფაქტია, რომ განცხადებაში მითითებულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება არ იწვევს არანაირ ცვლილებას შემოსავლების სამსახურისთვის, ვინაიდან მისი მოთხოვნა კვლავ უზრუნველყოფილი რჩება.
გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იქნა განსაზღვრული კომპანიის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ ქონებებზე გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებით/უცვლელად დატოვებით მიღწეული იქნებოდა თუ არა შესაბამისი მიზანი. ამასთან, რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი, შესაბამისად, დაცულია შემოსავლების სამსახურის ინტერესები. შესაბამისად, მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონმდებლობის შესაბამისი. აგრეთვე, გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული. შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით იქნა იგი მიღებული და გათვალისწინებულ იქნა თუ არა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. უზრუნველყოფის ღონისძიებების სრულ ქონებაზე გავრცელება, ფაქტობრივად, უშლის ხელს რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებასა და დასახული მიზნის, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
შემოსავლების სამსახურს წარედგინა კომპანიის ერთი ქონება შეფასებული აუდიტორული კომპანიის „------ -ის “ მიერ რომლის შეფასებით მხოლოდ ერთი ქონება ღირს 700 700 ლარი და ეს ღირებულება საკმაოდ აღემატება დავალიანების თანხას, იმ პირობით რომ დანარჩენ ქონებებს მოეხსნას შეზღუდვები, რათა კომპანიამ შეძლოს ფუნქციონირება, რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით კრედიტორების, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის დაკმაყოფილება, რაზედაც ასევე შემოსავლების სამსახური იგნორირებას აკეთებს, ხდება პირდაპირ კომპანიის გაკოტრებამდე მიყვანის მცდელობა შემოსავლების სამსახურის მიხრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის არამართლზომიერი, იგი უნდა გაუქმდეს და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება უზრუნველყოფილ იქნეს შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ფარგლებში, იმ ქონებაზე რაც წარდგენილი აქვს, რომლის ღირებულება რელევანტურია მოთხოვნის ოდენობასთან აუდიტორული კომპანიის შეფასების მიხედვითაც, ხოლო დანარჩენ ქონებაზე გაუქმებულ იქნას უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;
ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მომჩივანი ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდეს მხოლოდ საგადასახადო დავალიანების ფარგლებში (სასამართლო განჩინებით და ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით დადგენილი შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნის ფარგლებში), იმ ქონებაზე რაც წარდგენილი აქვს და რომლის ღირებულება რელევანტურია მოთხოვნის ოდენობასთან აუდიტორული კომპანიების შეფასების მიხედვით, ხოლო დარჩენილ ქონებაზე გაუქმდეს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღსანიშნია, რომ მომჩივანმა განსახილველ შემთხვევამდე (19.09.2022 წელს №170342/01) განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს და ითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, კომპანიის ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება. ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №"-------" წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით კომპანიას კვლავ ერიცხება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც 24.11.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 420 ლარს. ამდენად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა) გაუქმდება მიმდინარე (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი) აღიარებული დავალიანების არქონის შემთხვევაში. მომჩივანს ასევე, განემარტა ღონისძიებების გაუქმების საფუძვლები. ვალის მართვის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის №"-------" წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.03.2023 წლის №3997 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.05.2023 წლის №19318/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3997 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილი განცხადებით ითხოვდა ქონების ნაწილზე გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტებზე, საბჭოს 4.05.2023 წლის №19318/2/2023 გადაწყვეტილების შინაარსზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20369 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდეს მხოლოდ საგადასახადო დავალიანების ფარგლებში იმ ქონებაზე რაც წარდგენილი აქვს და რომლის ღირებულება რელევანტურია მოთხოვნის ოდენობასთან აუდიტორული კომპანიების შეფასების მიხედვით, ხოლო დარჩენილ ქონებაზე გაუქმდეს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.მომჩივნის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილია განცხადება, რომლითაც გადამხდელი ქონების ნაწილზე ითხოვდა გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც არ დაკმაყოფილდა.აღნიშნული წერილი 20.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.08.2023 წლის №20369 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
238,239.