ბრძანება N 16552

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 16552
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16552

23 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------)

(მის.: -------------------------------------)

2025 წლის 24 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------) 2025 წლის 24 ივნისის №96432/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №081-105 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

2. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში სწორად არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნული სამარათალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით, ხოლო დარიცხული დღგ 6 529 ლარი გადახდილია ბიუჯეტში 2025 წლის 17 ივლისს. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4434 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 21 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 მაისის №10621 ბრძანება და ამავე თარიღის №081-105 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 327 355 ლარი, მათ შორის გადასახადი 200 970 ლარი, ჯარიმა 105 402 ლარი და საურავი 20 983 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „-------ი“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 11 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება 2014 წლის 16 მაისიდან. საქმიანობის სახეა საბითუმო/საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით (სამშენებლო ბლოკი, ცემენტი და წებო-ცემენტი). საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისგან, ასევე იმპორტის გზით ----დან და ------დან. ფასნამატი შეადგენს 13%. საწარმოს დამატებითი საქმიანობაა უძრავი ქონების-საოფისე ფართის იჯარით გაცემა. საქმიანობის ადგილია ქ. ----ი, -----ის --- (კომპანიის საკუთარი ფართი), ასევე იჯარით აღებულია საწყობი ----ის -- ნომერში. გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამა ინფოში. წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა ინფოს მონაცემებით გადამხდელს საგადასახადო შემოწმების ბოლოსთვის უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 802 760 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოსავლების სამსახურის „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის ოდენობა და განხორციელდა გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის დაბეგვრა. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში დაუფიქსირდა სალაროში უძრავი ნაშთი 227 622 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 553 145 ლარი (უძრავი ნაშთის ოდენობით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი). შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვები და წარმოდგენილი დოკუმენტაციით/საბუღალტრო პროგრამით მიღებული შემოსავლები. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა უზუსტობა, კერძოდ, გადამხდელს რიგ საანგარიშო პერიოდებში სრულად არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი მიღებული შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ინფოს მონაცემებით გადამხდელს საგადასახადო შემოწმების ბოლოსთვის უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 802 760 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობის ანალიზი, გაანგარიშებულ იქნა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის ოდენობა და განხორციელდა გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის დაბეგვრა.საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში დაუფიქსირდა სალაროში უძრავი ნაშთი 227 622 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 553 145 ლარი (უძრავი ნაშთის ოდენობით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი). შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების პროცესში აუდიტორებისთვის არ ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. აღნიშნავს, რომ შპს „-------ს“ სს „--------ში“ გახსნილი აქვს საკრედიტო ხაზი, რომლის პირობების თანახმად, აუთვისებელ თანხაზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 0,5%-ს, წლიური ასათვისებელი თანხა შეადგენდა 250 000 აშშ დოლარს. საწარმოს ამ პერიოდში არ ესაჭიროებოდა კრედიტი. გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „-----ი“ კურორტ -------ზე აშენებდა სასტუმროს, რისთვისაც ესაჭიროებოდა ფინანსური რესურსი. აღნიშნული კომპანიის მოთხოვნით, შპს „------ის“ მიერ აღებულ იქნა კრედიტი (წლიური 8,40%). მხარეთა შეთანხმებით, შპს „-----ის“ დირექტორმა -------ემ საწარმოდან მასზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან შპს „-----ს“ სესხის სახით გადასცა 759 000 ლარი (წლიური 12%), რაზედაც შპს „----ის“ მიერ --------ძეზე გაცემულ იქნა სალაროს შემოსავლის ორდერები. მხარეთა შეთანხმებით და სს „-------თან“ კონსულტაციის შედეგად, შპს „----ის“ მიერ აღებული სესხი გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გადასულიყო შპს „-----ზე“, რომელიც გააგრძელებდა სესხის გადახდას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „------ის“ მიერ დაკორექტირებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, სადაც ჩანს, რომ სალაროს ნაშთი 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 196 611,91 ლარს. ამასთან, აღნიშნული ნაშთი საწარმოს მიერ გამოყენებულია კომპანიის საჭიროებისთვის და 2025 წლის 31 მაისს სალაროს ნაშთი შეადგენს სულ 60 322,64 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შპს „-----ზე“ გაცემულ სესხთან დაკავშირებით შედგენილი ხელშეკრულება). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შპს „----ზე“ გაცემულ სესხთან დაკავშირებით შედგენილი ხელშეკრულება);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით აღნიშნულ ნაწილში დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №4434 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №10621 ბრძანება და №081-105 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 327 355 ლარი, მათ შორის გადასახადი 200 970 ლარი, ჯარიმა 105 402 ლარი და საურავი 20 983 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამა ინფოში. წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა ინფოს მონაცემებით გადამხდელს საგადასახადო შემოწმების ბოლოსთვის უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 802 760 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოსავლების სამსახურის „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის ოდენობა და განხორციელდა გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის დაბეგვრა. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში დაუფიქსირდა სალაროში უძრავი ნაშთი 227 622 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 553 145 ლარი (უძრავი ნაშთის ოდენობით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი). შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვები და წარმოდგენილი დოკუმენტაციით/საბუღალტრო პროგრამით მიღებული შემოსავლები. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა უზუსტობა, კერძოდ, გადამხდელს რიგ საანგარიშო პერიოდებში სრულად არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი მიღებული შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.თავის მხრივ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“); 269(7);