გადაწყვეტილება №25250/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25250/2/2025
27 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 2.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25250/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №024-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9607 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 98 828.38 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 65 601
ჯარიმა - 25 343.48
საურავი - 7 883.90
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გასართობი მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით, გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან შედარების, მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ 2022 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდზე, განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 11 ნოემბერს და ამ თარიღიდან გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (506 870 ლარი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №5387 ბრძანება და №024–5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9607 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: - მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2025 წლის 24 მარტის №024-5 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე განსაზღვრული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9607 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ საბანკო ინფორმაციიდან გამომდინარე ასკვნის საგადასახადო ორგანო აღნიშნულს. აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი არ გაურბის პასუხისმგებლობას, შემოსავლების სამსახურში, 2025 წლის 6 მაისის სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო კანონის მოთხოვნა, არ იცოდა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც კანონით იყო გათვალისწინებული, სრულად ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, გადასცა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი. სრულად იზიარებს, რომ სამართლებრივი ნორმების არ ცოდნა მას პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს, თუმცა მისთვის გაურკვეველია იმ თანხის ოდენობა, რომელიც განისაზღვრა, მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება რეალობას და უნდა მოხდეს კორექტირება - შემცირების გზით.
ამასთან, ითხოვს ყურადღების მიქცევას იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. განსახილველ შემთხვევაში, მიაჩნია გადასახადის დარიცხვა 65 601 ლარის ოდენობით არის არამართლზომიერი და გაურკვეველია თუ, საიდან მოხდა აღნიშნული გადასახადის დარიცხვა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ასევე საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 297-ე მუხლზე მითითებით ითხოვს საჩივრის განხილვას და დაკმაყოფილებას, კერძოდ 65 601 ლარის ოდენობით დარიცხული გადასახადის კორექტირებას/შემცირებას და აღნიშნული ოდენობით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, შესაბამისი კორექტირების განხორციელების დავალებას შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 11 ნოემბერს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ იყო დარეგისტრირებული დღგ- ის გადამხდელად. შემოწმებით, განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი არ გაურბის პასუხისმგებლობას, მისთვის უცნობი იყო კანონის მოთხოვნა, არ იცოდა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც კანონით იყო გათვალისწინებული, სრულად ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, გადასცა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი. სრულად იზიარებს, რომ სამართლებრივი ნორმების არ ცოდნა მას პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს, თუმცა მისთვის გაურკვეველია იმ თანხის ოდენობა, რომელიც განისაზღვრა, მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება რეალობას და უნდა მოხდეს კორექტირება - შემცირების გზით, გადასახადის დარიცხვა 65 601 ლარის ოდენობით არის არამართლზომიერი და გაურკვეველია თუ საიდან მოხდა აღნიშნული გადასახადის დარიცხვა.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხული თანხის ოდენობას, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს რა მტკიცებულებაზე, სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს დღგ-ში დარიცხულ თანხებს არამართლზომიერად, ამდენად მომჩივნის არგუმენტი და მოთხოვნა დაუსაბუთებელია. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ მომჩივანს არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს გარემოებებს, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად შემოწმების მიერ და ასევე ისეთ არგუმენტს ანდა მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების/შემცირების საფუძველი გახდებოდა. საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 11 ნოემბერს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ იყო დარეგისტრირებული დღგ- ის გადამხდელად. შემოწმებით, განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165 (1, 2); 159 (1); 163; 164.