გადაწყვეტილება №25169/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25169/2/2025
09 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 13.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25169/2/2025).
დავის საგანი:
უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 29.01.2025 წლის ID:----- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 05.03.2025 წლის N 3806 ბრძანება.
ფაქტების აღწერა:
2025 წლის 21 იანვარს მომჩივანმა განცხადებით (ID: -----, შტრიხკოდი: ------) მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოთხოვა დავალიანების ჩამოწერა, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 29 იანვრის წერილით (ID: -----, შტრიხკოდი: ------) მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანება დაფარული იყო 21.08.2015 წლის N 007-215 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით შემცირებული თანხებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის პირობებს. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 05.03.2025 წლის N 3806 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „-----“ (ს/ნ -----) საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა. 2024 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 24 აპრილის N მ-639 ბრძანებით ჩატარდა შპს „-----“ (ყოფილი ------) (ს/ნ ------) გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 მარტამდე საგადასახადო პერიოდი, შემოწმების შედეგებზე შედგა შუალედური შემოწმების აქტი და 2012 წლის 28 დეკემბერს გამოიცა N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელდა ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად თანხების დარიცხვა, ამის შემდგომ შემოწმება გაგრძელდა და 2013 წლის 27 დეკემბერს გამოიცა N ----- საგადასახადო მოთხოვა, რომლითაც კვლავ განხორციელდა დამატებით თანხების დარიცხვა. საზოგადოების მიერ გასაჩივრებულ იქნა როგორც 2012 წლის N ----- ისე 2013 წლის N ------ საგადასახადო მოთხოვნები. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალეტაპიანი დავების შედეგად მოხდა გარკვეული თანხების შემცირება, თუმცა დარჩენილი თანხები გასაჩივრდა სასამართლოში, რომელიც დასრულდა უზენაესი სასამართლოს 2024 წლის განჩინებით (საქმე №ბს-542 (კ-23) და დღეის მდგომარეობით საზოგადოებას გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული თანხები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ თუ 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანება დაფარულია 21.08.2015 წლის ----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით შემცირებული თანხებით, გაუგებარია დარჩენილი დავალიანება რატომ არის წარმოშობილი 2013 წლის შემდგომ, როცა შემოწმება განხორციელდა 2006-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე, დარიცხვებიც გადასახადების მიხედვით განხორციელებულია 2006-2012 წლების სავადოთი და მხოლოდ ტექნიკურად საგადასახადო მოთხოვნები გამოიცა ორ ნაწილად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შედგენა 2012 წლის დეკემბრის თვეში განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, შენარჩუნებულიყო საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან შემოწმების პერიოდად განსაზღვრული იყო 2006 წლიდან 2012 წლამდე საგადასახადო პერიოდი და შემდგომი დარიცხვაც ზუსტად 2012 წლის 24 აპრილის №მ-639 ბრძანებით განსაზღვრულ პერიოდზე შესაბამისი სავადოებით განხორციელდა და აუდიტის დეპარტამენტს დროულად რომ დაესრულებინა საგადასახადო შემოწმება შედეგებიც გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2013 წლის პირველ იანვრამდე აისახებოდა.
დამატებით დარიცხული თანხები წარმოადგენს 2013 წლამდე წარმოშობილ დავალიანებას, ვინაიდან დამატებით დარიცხული თანხები წარმოადგენს 2013 წლამდე საანგარიშო პერიოდის სავადოებით გამოვლენილ დარიცხვას. საკითხი არ უნდა იქნას იმდაგვარად განხილული, რომ რადგან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა განხორციელდა 2013 წლის იანვრის შემდგომ დარიცხვა 2013 წლის შემდგომი პერიოდისაა, აქედან გამომდინარე პირადი აღრიცხვის ბარათზე დღეის მდგომარეობით არსებული აღიარებული თანხები დარიცხულია 2013 წლამდე სავადოებით და სრულად ჯდება საგადასახადო კოდექსის 309-მუხლის ნორმებში და ექვემდებარება ჩამოწერას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მარტის N 3806 ბრძანება და დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 309-მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განახორციელოს აღიარებული დავალიანების ჩამოწერა.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).
დადგენილია, რომ მომჩივანს უარი ეთქვა 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერაზე იმ საფუძვლით, რომ 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანება დაფარული იყო 21.08.2015 წლის N ----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით შემცირებული თანხებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს.
მომჩივანს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის პერიოდად უნდა ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდი და არა შემოწმების ჩატარების შემდგომ, სამართალდარღვევების გამოვლენის პერიოდი, აღნიშნულის გათვალისწინებით კი უნდა მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის N ----- 21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე მომჩივანს 01.01.2013 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა სალდირებული დავალიანება სულ 1 082 474,73 ლარი, მათ შორის გადასახადი 347 533,75 ლარი, ჯარიმა 164 362,00 ლარი, საურავი 584 007,56 ლარი, ზედმეტობა შეადგენდა 13 428,58 ლარს. 24.04.2012 წლიდან 25.12.2013 წლამდე პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებას მოცული ჰქონდა 01.01.2006 წლიდან - 01.03.2012 წლამდე პერიოდები. შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნები:
- შუალედური აქტის საფუძველზე - 28.12.2012 წლის N ------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე დარიცხული იყო ჯამში 1 150 583,65 ლარი, მათ შორის გადასახადი - 375 211 ლარი, ჯარიმა 192 307 ლარი, საურავი 583 065,65 ლარი.
- 21.08.2015 წლის N ----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადი შემცირდა 430 109 ლარით, ჯარიმა შემცირდა 188 926 ლარით და ასევე, შემცირდა შესაბამისი საურავი - ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით (21.08.2015-დან 22.08.2015-მდე) საურავი შემცირდა 880 852,94 ლარით;
- 27.12.2013 წლის N ------ საგადასახადო მოთხოვნა დაკორექტირდა რამდენჯერმე და ბოლო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით (05.11.2019 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა) დარიცხულია სულ 5 367 803,16 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 572 534 ლარი, ჯარიმა 822 045 ლარი, საურავი 2 973 224,16 ლარი.
შედეგად, 01.01.2013 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანება დაფარულია 21.08.2015 წლის N ----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით შემცირებული თანხებით. ხოლო 01.01.2013 წლის შემდეგ დარიცხული თანხები სრულად ითვლება 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილად მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის სავადო თარიღებისა და არ მონაწილეობს 01.01.2013 წლის მდგომარეობით არსებულ დავალიანებაში. 27.12.2013 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნით (ბოლოს კორექტირებული 05.11.2019 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნით) დარიცხული თანხები აღიარებულია (გადატანილია ძირითად ბარათზე) 25.11.2024 წელს. აღნიშნული თანხების აღიარებამდე 24.11.2024 წლის მდგომარეობით პირს ერიცხებოდა აღიარებული ზედმეტობა 28 565,99 ლარი, რომელშიც ასევე შედიოდა 1.01.2013 წლის შემდეგ დარიცხული დეკლარირებული თანხები ჯამში 100 341,5 ლარი, რის გარეშე 2013 წლამდე არსებული დავალიანებიდან დარჩენილია ზედმეტად გადახდილი 128 907,49 ლარი. 17.02.2025 წ მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 5 101 363,94 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 539 632,60 ლარი, ჯარიმა 825 426,00 ლარი, საურავი 2 736 305,34 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ სადავო საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის პირველი იანვრის შემდგომ და შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის გამოყენების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
პირადი აღრიცხვის ბარათზე მომჩივანს 1.01.2013 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა სალდირებული დავალიანება. მომჩივანს უარი ეთქვა 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერაზე იმ საფუძვლით, რომ 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანება დაფარული იყო 21.08.2015 წლის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით შემცირებული თანხებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს.
გადაწყვეტილება:
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ სადავო საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის პირველი იანვრის შემდგომ და შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის გამოყენების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 309;.