გადაწყვეტილება №23778/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23778/2/2024
16 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23778/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №081-171 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 49 021 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 28 424
დღგ - (-1 816)
საშემოსავლო გადასახადი - 30 240
ჯარიმა - 15 249
საურავი - 5 348
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული იყო საქონლის/მომსახურების შეძენა. ამასთან, რიგ შემთხვევებში ფიქსირდებოდა დამკვეთებისთვის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესაბამისი თანხები არ იძებნებოდა საბანკო ამონაწერებში. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებდა, შემოწმებისათვის არ იყო წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, ასევე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გახარჯული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს.
2023 წლის 8 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი, სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული და ბანკში ჩაურიცხავი გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.10.2023 წლის №25595 ბრძანება და №081-266 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32682 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32682 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
4. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ბ) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
გ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა სულ 17 856 ლარით, მათ შორის: გადასახადის თანხა 11 904 ლარი, ჯარიმა 5 952 ლარი.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 ივლისის №16755 ბრძანება და №081-171 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აუდიტორები აფიქსირებდნენ, რომ საწარმოს მიერ შემოწმების პერიოდში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდება საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე ფიქსირდება ავანსის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, რომლის შესაბამისი თანხები არ იძებნება საბანკო ამონაწერებში. საწარმო საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. ასევე არ არის წარდგენილი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრების მოძრაობის გაანგარიშება.
2023 წლის 8 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე, ლუკა ხიმშიაშვილზე გაცემულ ხელფასად.
ამ გარემოებების გათვალისწინებით აუდიტორმა კომპანიას დამატებით განუსაზღვრეს სალაროს ნაშთი და დაარიცხეს 42 144 ლარი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი. პირველ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში:
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში არ ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას, რამდენადაც აუდიტორებზე წარდგენილი ჰქონდა კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების დოკუმენტები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და სხვა ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული პროცედურის შედეგად გადამხდელს არ გააჩნდა სალაროს ნაშთი. მის მიერ გაანგარიშებულ იქნა სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობა. ამ გაანგარიშებიდან ჩანს, რომ კომპანიას 2023 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 119 700 ლარს, ხოლო 2023 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ არის. სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისის შესაბამისად კომპანიაში ნაღდი ფულის ნაშთი უძრავი არ არის, მაგალითად 29.12.2021 წელს, 30.01.2022 წელს, 28.02.2022 წელს და 13.08.2023 წელს სალაროში ნაღდი ფული საერთოდ არ არის, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დირექტორს საკუთარი თანხა აქვს გადახდილი მომწოდებლებზე, რომელიც შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავლებით აქვს დაბალანსებული. სიტუაციური სახელმძღვანელოს (სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა №1817) შესაბამისად, თუ კომპანიას გააჩნია სესხი, ბანკიდან შემოსული თანხები გაიცემა მიზნობრივად, ხოლო სალაროში აქვს უძრავი ფულადი ნაშთი ამ შემთხვევაში სალაროს უძრავი ფულადი ნაშთი უნდა იქნას განხილული საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
მნიშვნელოვანია საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მის მიერ წარმოდგენილი სალაროში თანხების მოძრაობის უწყისის შესაბამისად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის უძრავი ნაშთი არ არის, ასევე კომპანიას არ გააჩნია სესხი.
სალაროში თანხების მოძრაობის უწყისის შესაბამისად 01.07.2023 წლის მდგომარეობით კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 119 700 ლარს, ხოლო სიტუაციური სახელმძღვანელოს (სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა №1817) თანახმად კომპანიის სალაროს ნაშთი არ უნდა იქნას განხილული, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და არ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის სახით.
აქვე, გასათვალისწინებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს და გადაწყვეტილება მიიღოთ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ ბათილად ცნოს მოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხია ის ფაქტი, რომ გააჩნია მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დასაბუთებულად ითხოვს დავების განხილვის საბჭოს მხრიდანაც, პოზიციის გაზიარებას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის პოზიციის გათვალისწინებით, მოითხოვს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32682 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები; 4. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ბ) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
გ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები (შედარების აქტი მომწოდებელ არარეზიდენტ კომპანიასთან და სალაროს გასავლის ორდერები), აღნიშნული დოკუმენტაცია შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა, რის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. სულ 17 856 ლარით, მათ შორის: გადასახადის თანხა 11 904 ლარი, ჯარიმა 5 952 ლარი.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული იყო საქონლის/მომსახურების შეძენა. ამასთან, რიგ შემთხვევებში ფიქსირდებოდა დამკვეთებისთვის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესაბამისი თანხები არ იძებნებოდა საბანკო ამონაწერებში. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებდა, შემოწმებისათვის არ იყო წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, ასევე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გახარჯული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი, სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული და ბანკში ჩაურიცხავი გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 28.03.2024 წლის №22013/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 101; 154;