გადაწყვეტილება №19763/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19763/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19763/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „--------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „---------ის“ 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19763/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივლისის №22268 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №125-17 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10894 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 631 418 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 334 722

დღგ - 228 073

საშემოსავლო გადასახადი - 103 642

ქონების გადასახადი - 2 940

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 67

ჯარიმა - 154 054

საურავი - 142 642

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ნაწილებით და სხვა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების, წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 2018, 2019, 2020 წლების საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდის საგადასასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. ვერ დგინდება საცალოდ რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და თვითღირებულება, ვერ იშიფრება სასაქონლო ნაშთები, ამდენად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებული აქვს საცალოდ - საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, სასაქონლო ზედნადებით და განვადებით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 15 თებერვლის №3279 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად განისაზღვრა ფაქტობრივი ნაშთი, რომლის ღირებულებამ საბაზრო ფასით შეადგინა 1 889 948 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, განხორციელდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ძირითადი ჯგუფების იდენტიფიცირება და მათი შეძენის დოკუმენტებთან დაკავშირება. შესაბამისად, განისაზღვრა ფასნამატი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, რომელმაც შეადგინა 23%. ფასნამატი გაანგარიშდა აღნიშნული ძირითადი ჯგუფების კონკრეტული ფასნამატების და მთლიან შეძენებში მათი წილის პროპორციულად. მეწარმის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შეძენილი საქონელი რეალიზებული აქვს სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული დეკლარაციებში.

რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციაც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2021 წლის №16384 ბრძანება და 28.05.2021 წლის №125-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.07.2021 წლის №22268 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულად იქნა მიჩნეული, ასევე:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მასალების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2021 წლის №22268 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2022 წლის 14 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 96 753 ლარით, მათ შორის გადასახადი 64 058 ლარი, ხოლო ჯარიმა 32 695 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის №25581 ბრძანება და №125- 17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანს საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილებში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 9.07.2021 წლის №22268 ბრძანება. შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა უკავშირდება მეწარმის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის, კერძოდ, ფასნამატის გამოყენებას. აღსრულების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებები, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ: დარიცხვა შემცირდა გადასახადის და ჯარიმის ნაწილში: გადასახადი - 51975 ლარი; ჯარიმა - 32695 ლარი. დარიცხვა გაიზარდა საურავის ნაწილში 56680 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მთელი რიგი გარემოებები, რომლის გათვალიწინება დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურს.

გადასახადის გადამხდელის მიმართ არ არსებობს საბაზრო ფასის განსაზღვრის და გამოყენების საფუძველი, რადგან: შესამოწმებელ პერიოდში, არ ჰქონია ადგილი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების გვერდის ავლის ფაქტს, რაც შეეხება მსჯელობას, რომ „მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად“ დაუსაბუთებელია და ეს საკითხი მოითხოვს დასაბუთებას, რაც შემოწმების აქტში არ არის წარმოდგენილი. მეწარმეს აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მას აქვს სამი ობიექტი, სრულიად სხვადასხვა ადგილზე (იხ. აქტი, გვ.14) და მის ინტერესში არ შედის საკონტროლო-სალარო აპარატის გვერდის ავლით განახორციელოს რეალიზაცია. ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრება ამ სამ ობიექტზე მიღებული შემოსავლებით, რომლის სიზუსტის მიმართ, პირველ რიგში, გადასახადის გადამხდელს აქვს ინტერესი და ამ ინტერესის გათვალისწინებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგადასახადო ორგანო გადაწყვეტს არაპირდაპირი მეთოდის (ფასნამატის), გამოყენებას, მას აქვს ვალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით. კერძოდ, რევიზიის აქტი გამოსცეს ისე, რომ შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ფაქტები, მტკიცებულებები. რაც არ განხორციელებულა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის დაუსაბუთებელი: რევიზიის აქტის მთელი დარიცხვა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ფასნამატს, რომელის გაანგარიშების მეთოდოლოგია - აქტიდან ვერ ირკვევა. როგორც ეს აქტშია მითითებული, საბაზრო ფასი აღებულია ზედნადებებიდან, გადამხდელი დაიბეგრა დოკუმენტურად დადგენილი ფასნამატით, (23%)“, (იხ.აქტი, გვ.9). რაც ისეთი არსებითი ხასიათის შეცდომას, რომელმაც გავლენა იქონია შემოწმების შედეგებზე და გამოიწვია ამ შედეგის აცდენა რეალობისაგან. რადგან, გადამხდელს საქონლის ძირითადი ნაწილი რეალიზებული აქვს საცალოდ, ხოლო საცალოდ რეალიზაციისას ფასები მნიშვნელოვნად მერყეობს და ძირითადად, კლების მიმართულებით.

საგადასახადო ორგანომ არასწორი პრინციპით შექმნა საქონლის ჯგუფები - შინაარსობრივად არაერთგვაროვანი საქონლისაგან და ფასნამატი გაანგარიშებულია ამ საქონლის ჯგუფების მიხედვით. ერთ ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი საქონელი რომელთა თვითღირებულება არის რადიკალურად განსხვავებული და შესაბამისად არასწორადაა განსაზღვრული საშუალო ფასნამატი, რადგან საქონლის ერთი სახეობის ქვეშ არის მრავალი ქვესახეობა, რომელიც განსხვავდება თვითღირებულებით და, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასით. საქონელს ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე. ამასთან, ერთი და იგივე დასახელების საქონელი შესყიდულია ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა დროს და მას შესაძლებელია ჰქონდეს სრულიად განსხვავებული თვიღღირებულება. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ფასნამატი არ აღემატება 10-15%-ს. ფასს არეგულირებს ბაზარი და იმ საქონელს, რომელსაც ,„სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელი“ 10%-იანი ფასნამატით ჰყიდის - ------- ვერ გაჰყიდის 23 პროცენტიანი ფასნამატით. შესაბამისად, მიაჩნია, რომ სხვადასხვა დასახელების შინაარსობრივად მსგავსი საქონლის გაერთიანებით მიღებული ჯგუფების ნაცვლად უნდა შეიქმნას საქონლის ჯგუფები, ერთი დასახელების ქვეშ, ასორტიმენტის გათვალისწინებით!

გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, გაანგარიშებულია ხისტად, საქმისათვის არსებითი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, ფასდაკლებების საკითხის გათვალისწინების გარეშე. საგადასახადო ორგანომ ფასნამატი გამოიყვანა საქონელზე რეგულარი ფასის (რაც ინვენტარიზაციის პროცესში სრულიად გაუგებარი წესით (აქტიდან და დასკვნიდან არ იკვეთება) დაფიქსირდა და გახდა ფასნამატის გაანგარიშების და საბოლოოდ დარიცხვის საფუძველი) შედარებით ამ საქონლის თვითღირებულებასთან. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ფაქტობრივი გარემოებების უხეში უგულებელყოფაა. მეწარმე საქონელს ხშირად ყიდის ფასდაკლებებით. ფასდაკლებები ცხადდება რეგულარულად. მათ შორის:

- საქონელზე, რომელიც აღარ არის აქტუალური

- საქონელი მორალურად მოძველდა, რადგან გამოვიდა უკეთესი პარამეტრების პროდუქტი;

- სეზონურ საქონელზე, რადგან მეწარმეს ურჩევნია ამოიღოს დაბანდებული თანხა, ვიდრე ელოდოს მთელი ერთი წელი სეზონის დადგომას და სხვა, ყველა საფუძვლის ჩამოთვლა შეუძლებელია.

საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყვანილი ფასნამატი ფაქტობრივ მდგომარეობას არ შეესაბამება და სრულიად აცდენილია რეალობას. რადგან: საქონლის ხარისხიდან, საქონელზე მოთხოვნის არსებობიდან, საქონლის სეზონურობიდან გამომდინარე, პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს: 1. მინიმალური ფასნამატით; 2. თვითღირებულებით; 3. თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. საქონელი, მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე - იყიდება იმ ფასად რა ფასადაც შეიძლება მისი რეალიზაცია. აქტუალობას მოკლებული საქონლისათვის, ეს ხშირ შემთხვევაში, არის თვითღირებულებაზე დაბალი ფასი. თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციის ფაქტები ანუ, საქმისათვის არსებითი ხასიათის ეს გარემოება არ შესწავლილა არც საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას და არც დასკვნის შედგენისას. 3. ფასნამატი მთელ შესამოწმებელ პერიოდზე არის უცვლელი ეს ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და რეალურ მდგომარეობას. სამი წლის მანძილზე ერთი ფასნამატის გამოყენება, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს. საგადასახადო ორგანოს პოზიცია 2021 წლის თებერვალში დადგენილი ერთი ფასნამატი გაავრცელოს სამ წელზე 2018, 2019, 2020 წლებზე მაშინ, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ამისათვის მხოლოდ 30 კალენდარულ დღეს ადგენს - არ შეიძლება. საკითხის ყოველმხრივ შესწავლის პირობებში, დადგენილი ეს ორი სიდიდე: დეკლარირებული ფასნამატი და საგადასახდო ორგანოს მიერ გაანგარიშებული ფასნამატი ერთმანეთს დაემთხვევა, რაც გამორიცხავს მეწარმის მიმართ ფასნამატის გაანგარიშების და გამოყენების საჭიროებას. არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფასნამატის საფუძველზე გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი არაარსებითად განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულისაგან - საგადასახადო ორგანო უარს ამბობს ფასნამატის გამოყენებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ როგორც საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის ისე დასკვნის მომზადებისა და გამოცემის პროცესში არ იქნა სრულყოფილად გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინების და შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. არგუმენტები, რაზეც საუბრობს, მოითხოვს შესწავლას, მათ შორის სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის შეგროვება, რასაც ითვალისწინებს კიდეც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.07.2021 წლის №22268 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულად იქნა მიჩნეული, ასევე:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2021 წლის №22268 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 სექტემბრის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა ელექტრონული ცხრილი, სადაც ასახული იყო 2018, 2019 და 2020 წლებში საქონლის შესაბამისი ჯგუფების/დოკუმენტური ფასნამატების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გადამხდელის მიერ განხორციელდა სასაქონლო ზედნადებით შეძენილი/რეალიზებული საქონლის დაწყვილება (ძირითადი ჯგუფების იდენტიფიცირება) და ჯგუფში შემავალ უმრავლეს, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის შეძენის დოკუმენტთან დაკავშირება. შესაბამისად, დაზუსტდა შემოწმებისას დაჯგუფებული საქონლის დოკუმენტური ფასნამატები ჯგუფების/წლების ჭრილში. ფასნამატი გაანგარიშდა აღნიშნული ძირითადი ჯგუფების კონკრეტული ფასნამატების და შეძენებში მათი წილის პროპორციების შესაბამისად. დაზუსტდა 2018 წელს დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 2018 წელს 21%, 2019 წელს 23% და 2020 წელს 18%. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემმოწმებელმა დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ცხრილი და მიიჩნია, რომ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი მოიცავდა უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას და ასახავდა უფრო ნათელ სურათს მეწარმის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ფასნამატთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები იძლეოდა გადაანგარიშების საფუძველს, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. შედეგად დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 96 753 ლარით, მათ შორის გადასახადი 64 058 ლარი, ხოლო ჯარიმა 32 695 ლარი.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით), რომელიც 9.07.2021 წლის №22268 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, საბჭო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 9.07.2021 წლის №22268 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 9.07.2021 წლის №22268 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივლისის №22268 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ნაწილებით და სხვა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა. საგადასახადო შემოწმებისას გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, განხორციელდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ძირითადი ჯგუფების იდენტიფიცირება და მათი შეძენის დოკუმენტებთან დაკავშირება. შესაბამისად, განისაზღვრა ფასნამატი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, რომელმაც შეადგინა 23%. ფასნამატი გაანგარიშდა აღნიშნული ძირითადი ჯგუფების კონკრეტული ფასნამატების და მთლიან შეძენებში მათი წილის პროპორციულად. მეწარმის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შეძენილი საქონელი რეალიზებული აქვს სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული დეკლარაციებში. რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციაც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.07.2021 წლის №22268 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2022 წლის 14 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 96 753 ლარით, მათ შორის გადასახადი 64 058 ლარი, ხოლო ჯარიმა 32 695 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის №25581 ბრძანება და №125- 17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 9.07.2021 წლის №22268 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).