ბრძანება N 11683

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11683
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11683

29.05.2023

შპს „-----------------ის“ (ს/ნ ------------------)

(მის.: ქ. ---------------------------------)

2023 წლის 11 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-----------------ის“ (ს/ნ ------------------) №80930/1/2023 და №80931/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის №EL202302, №EL202314 და №EL202316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „-----------------ს“ (ს/ნ ------------------), როგორც - მოპასუხეს, აქვს სასამართლო დავა შპს ,,------"-სთან, როგორც - მოსარჩელესთან. მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს 48 610 ლარს, სადაც ერთ-ერთ ფიგურანტსაც წარმოადგენს შპს „პ------სი“ (--------), რადგან მოსარჩელესა და შპს „---------სს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვს შპს „----- ----ში“ ტვირთის განთავსების ხარჯებს. აღნიშნული დავის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა საქონლის დეკლარირება და განეხორციელებინა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ საქონლის ნაშთზე განსაზღვრულ ვადაში საბაჟო პროცედურები/რეესქპორტი, რადგან საქონელზე წვდომა შეზღუდულია სასამართლოში საქმის დასრულებამდე.

აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-12 ნაწილზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----------------ის“ (ს/ნ ------------------) საბაჟო საწყობში განთავსებული შპს „-----------------ს“ (ს/ნ ------------------) სახელზე შემოტანილი სხვადასხვა დასახელების საქონელი 2021 წლის 29 იანვარს №---------, №-------- და №----------- საბაჟო დეკლარაციებით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში და შენახვის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 19 იანვარი.

აღნიშნული დეკლარაციებიდან საქონლის ნაწილი საბაჟო დეკლარაციებით (№------------ 04/03/2021; №------ 05/03/2021) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში.

ვინაიდან, შპს „-----------------ის“ მიერ საბაჟო დეკლარაციებით (№------------; №------------; №------------) განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაშთის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევა, აღნიშნული ჩაითვალა საბაჟო საწყობის პროცედურის პირობების დარღვევად და გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 9 მარტს შედგენილ იქნა №EL202302, №EL202314 და №EL202316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-----------------ს“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 500 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები დეკლარანტს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის №21-10-21/19206 (10.03.2023) შეტყობინებით და ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე პროცედურის დასრულებისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად განესაზღვრა 30 დღე. ამავე შეტყობინებით ეცნობა, რომ მითითებული ღონისძიებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საქონლის მიმართ განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.

№21-10-21/19206 (10.03.2023) შეტყობინება გადამხდელს წერილობითი ფორმით გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ვერ მოხერხდა ადრესატისთვის ჩაბარება, საბაჟო ორგანოს მიერ ასევე განხორციელდა მითითებული შეტყობინების ელექტრონული ფორმით გაგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც შპს „-----------------ი“ არ გასცნობია გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 21 აპრილს №21-10-21/19206 შეტყობინება საჯაროდ გავრცელების მიზნით განთავსდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ამასთან, მომჩივანი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო ოქმებს გაეცნო 2023 წლის 3 მაისს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციებით (№----------; №---------; №---------) განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაშთის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევა. აღნიშნული ქმედება კი ჩაითვალა საბაჟო საწყობის პროცედურის პირობების დარღვევად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-12 ნაწილზე მითითებასთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.

მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებულ გარემოებას, რომელმაც შეუძლებელი გახადა ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულება და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შპს „-----------------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო საკითხი

გადამხდელი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-12 ნაწილზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაშთის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევა,აღნიშნული ჩაითვალა საბაჟო საწყობის პროცედურის პირობების დარღვევად და გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-12 ნაწილზე მითითებასთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით.

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13(2); 302(6);

ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 103: 123(1); 163(1,12); 171(1);