ბრძანება N10314
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10314
08 მაისი 2026
ბრძანება
შპს „-------" (ს/ნ „-------" )
(მის.: „-------")
2026 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი, 17 და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები №28, №32 და 34) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 23 იანვრის №100300/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №001-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დისთვის უძრავი ქონების მიწოდების განხილვას კომპანიის მიერ დამფუძნებლისთვის უძრავი ქონების მიწოდებად და აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ სადავოა თუ რამდენად ურთიერთდამოკიდებულები იყვნენ კომპანია და „--------“ და ურთიერთდამოკიდებულების დადგენის შემთხვევაშიც, სადავოა, რამდენად ახდენდა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას გარიგების ფასზე. მომჩივნის განმარტებით, „--------“-ს და „--------“-ს შორის არსებულ კავშირს გავლენა არ მოუხდენია „--------“-სა და კომპანიას შორის დადებულ გარიგების ფასზე, რადგან კომპანიამ „--------“-ს, პირველი უძრავი ქონებების შემთხვევაში 1მ2 მიაწოდა 428,34 აშშ დოლარად, ხოლო მეორე უძრავი ქონება - 1მ2 - 422.54 აშშ დოლარად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ტარიფები შესაბამისობაშია კომპანიის მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში არადაკავშირებულ პირებთან განხორციელებულ მიწოდების ფასთან, რომელიც უძრავი ქონების მახასიათებლების გათვალისწინებით მერყეობდა - 418,76 აშშ დოლარიდან 619,76 აშშ დოლარამდე. მომჩივნის განმარტებით, „--------“-მა უძრავი ქონებების შეძენისთანავე სრულად დაფარა შეძენილი უძრავი ქონებების ღირებულება და უძრავი ქონებები დღემდე რჩება მის საკუთრებაში, რაც, მომჩივნის განმარტებით, გამორიცხავს „--------“-ის მიმართ მის ცრუმაგიერობას და გადასახადის გადახდისთვის თავიდან არიდების მიზანს.
საბაზრო ფასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს საბაზრო ფასი არ უნდა განესაზღვრა იმ დასახლებაში ბინების სტატისტიკური გასაყიდი ფასით, როცა არსებობდა საბაზრო ფასის უფრო სანდო საშემფასებლო ინფორმაცია, კერძოდ, კომპანიის მიერ შესაბამის კომპლექსში არადაკავშირებულ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2022 წლის პირველ კვარტალში რეალიზებული საცხოვრებელი ფართების საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი 1მ2-ზე შეადგენდა 489,57 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირებას. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კომპანიის პარტნიორი (დამფუძნებელი) პირები კომპანიისთვის წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს, თუ რამდენად მოახდინა მხარეთა შორის არსებულმა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა გარიგების ფასზე. მომჩივნის განმარტებით, 2022 წლის პირველ კვარტალში სულ კომპანიის პარტნიორებზე მოხდა ჯამურად 372,6მ2 საცხოვრებელი ფართის მიწოდება, ჯამში - 165 700 აშშ დოლარად, ხოლო საწარმოს პარტნიორებზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა - 444,71 აშშ დოლარი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კვადრატულის ფასი, კონკრეტული უძრავი ქონების ხარისხობრივი მახასიათებლების მიხედვით, მერყეობდა 411,86 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე, რაც, მისივე განმარტებით, შესაბამისობაშია კომპანიის მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში არადამოკიდებულ პირებთან დადებულ გარიგებებში გამოყენებულ ფასებთან. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საბაზრო ფასად გამოყენებული უნდა ყოფილიყო 489.57 აშშ დოლარი.
3. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22481 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- - ის“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28599 ბრძანება და ამავე თარიღის №001-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 226 009 ლარი, მათ შორის გადასახადი 108 961 ლარი, ჯარიმა 54 480 ლარი და საურავი 62 568 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------ - ის“ პროექტი მდებარეობს ქ. „--------“-ში ,სადაც მდებარეობს 33 საცხოვრებელი და კომერციული ფართები, რომელთა ძირითადი ნაწილის რეალიზაცია დაბეგრილია 2020-2021 წლებში, ხოლო 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში რეალიზებული და დაბეგრილია 12 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი. საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში 1მ2 -ის ღირებულება საშუალოდ შეადგენს 465 აშშ დოლარს, ხოლო კომერციული - 724 აშშ დოლარს. მშენებლობა დაიწყო 2018 წელს, 2020 წელს დაიწყო რეალიზაცია, ხოლო 2022 წელს დასრულდა მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია სულ 881მ2 უძრავი ქონება, აქედან საცხოვრებელი - 551მ2 და კომერციული - 130მ2 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია 620მ2 უძრავი ქონება, აქედან კომერციული - 130მ2 , მათზე საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის ფასია საშუალოდ 444 აშშ დოლარი, ხოლო კომერციული - 724 აშშ დოლარი.
შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით დადგენილი საბაზრო ფასი, კერძოდ, შესამოწმებელ ობიექტთან ახლოს მდებარე ახალ და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები, 2022 წლის პირველ კვარტალში, რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე. სხვაობა შემოსავალში შეადგენს 264 167 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, სხვა პირებთან ერთად არიან დამფუძნებელი „--------“ და დირექტორი „--------“, რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელიც. ფასებს შორის სხვაობა დირექტორის, „--------“-ს შემთხვევაში ჩაითვალა მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. „--------“-ის შემთხვევაში დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981-ე მუხლის მიხედვით და ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დანარჩენ პირებზე დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე მუხლის მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველო საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შპს „------ - ს“ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა სულ 881მ2 უძრავი ქონება, აქედან საცხოვრებელი - 551მ2 და კომერციული - 130მ2 . ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული იყო 620მ2 უძრავი ქონება, აქედან კომერციული - 130მ2 , საცხოვრებელი ფართის სარეალიზაციო ფასი საშუალოდ შეადგენდა - 444 აშშ დოლარს, კომერციული - 724 აშშ დოლარს. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად დადგენილი საბაზრო ფასი. კერძოდ, შესამოწმებელი ობიექტთან ახლოს მდებარე ახალი და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები (2022 წლის პირველ კვარტალში), რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით, მათ შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა გავლენას ახდენს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთ მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ - ის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დისთვის უძრავი ქონების მიწოდების განხილვას კომპანიის მიერ დამფუძნებლისთვის უძრავი ქონების მიწოდებად და აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენებას.
2.გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირებას.
3.მომჩივანი, საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის პროექტი შედგება 33 საცხოვრებელი და კომერციული ფართებისგან, რომელთა ძირითადი ნაწილის რეალიზაცია დაბეგრილია 2020-2021 წლებში, ხოლო 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში რეალიზებული და დაბეგრილია 12 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი.
შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია სულ 881მ2 უძრავი ქონება, აქედან საცხოვრებელი - 551მ2 და კომერციული - 130მ2 .
სსკ-ის მე-19 მუხლის მიხედვით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია 620მ2 უძრავი ქონება, აქედან კომერციული - 130მ2 , მათზე საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის ფასია საშუალოდ 444 აშშ დოლარი, ხოლო კომერციული - 724 აშშ დოლარი.
შესამოწმებელ ობიექტთან ახლოს მდებარე ახალ და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები, 2022 წლის პირველ კვარტალში, რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე. სხვაობა შემოსავალში შეადგენს 264 167 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, სხვა პირებთან ერთად არიან დამფუძნებელი და დირექტორი,რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელიც. ფასებს შორის სხვაობა დირექტორის შემთხვევაში ჩაითვალა მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დამფუძნებლის შემთხვევაში დაიბეგრა მოგების გადასახადით სსკ-ის 981-ე მუხლის მიხედვით და ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დანარჩენ პირებზე დაიბეგრა მოგების გადასახადით სსკ-ის 981-ე მუხლის მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),981,101,130,154,157,158.